Friday, January 9, 2015

მიწა თავისას მოითხოვს


   ბავშვობაში ქართული ხალხური ზღაპრების კითხვა მიყვარდა. ერთი უცნაურად სქელი და მოკლე ზომის წიგნი მქონდა. გავიდოდი ბოლოში, დავიწყებდი ისევ თავიდან, გავიდოდი მეორე წრეზე და ასე ბევრჯერ. ვცხოვრობდი იმ გმირებთან ერთად, დავყვებოდი ცხრა ზღვასა და ცხრა მთას გადაღმა, ხან ნატვრის თვალს ვეძებდით, ხან მზეთუნახავს, ხანაც უბრალოდ სამართალს ან ყოვლისმკურნალ ყვავილს.
   ერთ ბიჭს ვერ ვუგებდი მაშინ ვერაფრით. გადაივლიდა უამრავ განსაცდელს, მიაღწევდა სასურველ ბედნიერებას და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა, თანაც მისთვის დრო გაჩერებული იყო, მარად ახალგაზრდას სახლში აღარავინ ხვდებოდა ნაცნობთაგანი. ზღაპარი კი სრულდებოდა იმით, რომ მიწამ თავისი დაიბრუნა. არ მიყვარდა ეს ზღაპარი დიდად და ვცდილობდი სწრაფად გადამერბინა (რომელიმეს გამოტოვება - ჩემი წესებით - აკრძალული იყო), რადგან ვერაფრით ვხსნიდი ამდენი ამბის შემდეგ, ასე, უბრალოდ, უკან დაბრუნების მიზეზს. ვერაფრით ვიგებდი, რას მოითხოვდა ასეთს მიწა, ან როგორ მოითხოვდა ასე ძლიერად.
   ახლა კი. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამია, ამის ასე გამოცხადება, მაგრამ ძალიან კარგად მესმის რასაც მოითხოვს და როგორც გიხმობს მიწა თავისთან. როგორ არ გიშვებს და თუ მაინც გაექცევი, რამდენად ძვირი გიჯდება მერე ეს.
   ყოველთვის, როდესაც ვუახლოვდები იმ ადგილებს, რომელსაც მეტად ,,შინ"-ს ვეძახი, გამორჩეულად რომ მეჩემება, ვგრძნობ, როგორ უხმოდ, გულისცემის რიტმში ფეთქავს მთელი არე-მარე და როგორ ვხდები მთელი, ერთი მთლიანი, როგორ ვიწყობი ნაწილებიდან ერთიანობად.

   უამრავი საშუალება არსებობს, რომ წავიდე სხვაგან, არც ისე დიდი ხნით, სულ რაღაც ერთი წლით, მაგრამ ამაზე ფიქრს ძალიან სწრაფად ვიშორებ თავიდან. ეს არ არის ოჯახი, ეს არ არის მეგობრები, ეს არ არის ბედნიერი წუთები, არც ლამაზი ადგილები, არც რამე სხვა.. ეს უფრო მეტია..
მიწის ძახილი.
ძახილი, რომ როდესაც უჭირს, სულ რომ არაფერს აკეთებდე, მარტო არ დატოვო. შენი ორი ტერფის წილი დაიფარო. შენი ორი ხელისგულის წილი გაათბო. არ დათმო და თუ ამასაც ვერ შეძლებ, უბრალოდ, აქ იყო. აქ. მასთან.

   ვიცი, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე და არამხოლოდ ერთ ეტაპზე, სამოგზაუროდ წავალ, აუცილებლად უნდა ვნახო აზია. არა, კი არ ვნახო, ვიგრძნო აზია. ვიცი, რომ ეს შესაძლოა ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს, მაგრამ ეს სხვა წასვლაა ან მე ვიმშვიდებ ასე თავს.. წასვლა მხოლოდ გაზრდისთვის და მერე. როდესაც ვიგრძნობ, რომ გამიშვა, რაღაც ხელშეუხებელმა გამიშვა. როდესაც სული არ მომეწურება გაფიქრებისას, რომ მივდივარ და ირგვლივ არ მიმოვიხედავ შეშფოთებული, რომ დავინახო საიდან მეძახიან ან რა მეძახის ასე შემაძრწუნებლად. ზუსტადაც რომ შემაძრწუნებლად!!

https://soundcloud.com/sheyeladze/o7yeucy3zlus
 
   

No comments:

Post a Comment