Thursday, November 29, 2012

* * *

   ხვალ ნოემბერი მთავრდება.
   (შენ არ გელაპარაკები მე.. შენ არ ხარ ის, ვისაც მივმართავ).
 
   შემოდგომა მთავრდება ხვალ. მორიგი ზამთარი. არ შეუდგე რა ზამთრის გზას. არ მოუსმინო თოვას. არ უთხრა, რომ აცივდა, რომ გცივა. არ მოუსმინო თოვას.

   ნისლი ასდით მინდვრებს. აქ ჩალისფერია ყველაფერი. ჰაერიც კი. ფოთლები საერთოდ არ არიან. და როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა: აქ ვერ მოისმენ ხმელი ფოთლების ლაპარაკს..

   (შენი ლურჯი მზე ჩვენი სარკმლებია ერთმანეთში)

   ჩემმა ჩრდილმა გზაზე ისევ დაკარგა სიმკვეთრე.
   მზეს უკვე სქელი ღრუბლები ეფარებიან და ისრუტავენ ჩრდილებს, ანარეკლებს.

   არ უთხრა, რომ გცივა.
   არ უთხრა, რომ გეშინია.
   არ უთხრა, რომ უნდა დატოვო.
   აცადე.


   ნუ დაანახებ მაჯებს ყველას.

Saturday, November 10, 2012

უსათაურო

   შენ მეუბნები, რომ:
   ჩემთან ურთიერთობა მარტივია..
   ჩემთან ლაპარაკი ძალიან ადვილია..
   ჩემთან არ იგრძნობა საზღვრები და
   ჩემთან სივრცეა..

   შენ მეუბნები, რომ:
   ზოგჯერ გიყვარვარ..
   ზოგჯერ კი საერთოდ არ გახსოვარ.

   შენ მეუბნები, რომ:
   აქ და ახლა უჩვეულოა..
   სუნთქავ..
   უბრალოდ კარგად ხარ..
   ჩემში სიმშვიდე იგულისხმება შენთვის..
   ჩემთან ერთად თვალების დახუჭვაც საკმარისია სამყაროს შემოსარბენად..

   შენ მეუბნები, რომ:
   მე შენი სახლი ვარ..
   ჩვენ შინ ვართ ერთად..

   და, მიუხედავად ამ ყველაფრისა და იმ ყველაფრისაც, რასაც არ ვამბობთ ხოლმე, რაც უბრალოდ მოძრაობს ჩემსა და შენს შორის, ჩვენი რეალობა არ არსებობს.


   ,,არსებობენ ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში გრძელდებიან, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობენ". (ანტონიონი). როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ჩვენი შინ.

We're something else together

Tuesday, November 6, 2012

* * *

   ყოველ საღამოს ფანჯრიდან ყურება ავიკვიატე.. მზის ჩასვლის შემდეგ. საღამოსა და ღამეს შორის.
   .......................................................................................................................

   ჩემს სახლს დიდი სხვენი ექნება.. დიდი ფანჯრებით.. ჩემი ძველი პიანინო აუცილებლად ერთ-ერთ ფანჯარასთან იდგება - აღმოსავლეთით, მთებისკენ.. ზამთარში, როდესაც ჩამოთოვს და განუწყვეტელი თოვა იქნება ჩემი ყოველდღიურობა, დაკვრისას ფანჯრიდან რომ გავიხედავ, წაშლილი იქნება ყველანაირი ზღვარი ცას, თოვასა და ჩემს.. ჩემს მუსიკას შორის.. 
   ........................................................................................................................

   წინა სახლის საკვამურიდან კვამლი ამოდის.. ცას უერთდება.
   აივანზე გავდივარ.. ველებს ლურჯი ნისლი ახურავთ საბნად.. აქეთ მუქი ნარინჯისფერი დასავლეთი იცის.

   http://www.youtube.com/watch?v=LovHtMJxnu4

   სოფელი ნელ-ნელა ციმციმდება. დრო ისე გადის, ვერ აღვიქვამ.. ნელ-ნელა ცაზე მეტი ციცინათელა ანთია, ვიდრე - სოფელში..
   ისევ ფანჯარასთან ვდგავარ.. სოფელს ჩაეძინა..
   ...................................................................................................................................

   ყოველ საღამოს ფანჯრიდან ყურება ავიკვიატე.. მზის ჩასვლის შემდეგ. საღამოსა და ღამეს შორის.