Monday, June 25, 2012

ინ.. დასაწყისში.

   ინ, მორჩა. უკან მიმაქვს ჩემი დაპირება, რომ არასოდეს მოგწერდი.. ვიცი, მთხოვე, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.
   ,,ასე ვერასოდეს მოახერხებ რომ გამიშვა, შესაბამისად მეც ვერასოდეს წავალ.. სადაც არ უნდა ვიყო, ვიგრძნობ რომ ძაფებს ჭიმავ და შენთან მაბრუნებ.. მე კი ასე ვერ შევძლებ.. მე ძაფები არ შემიძილია.. აღარ მომწერო.. გამიშვი.. ლურჯო, გაუშვი ინ.."
   . .  . . . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .
   
   ინ.. დასაწყისი გახსოვს? :) ჩემი ღიმილი და შენი შეკრული შუბლი..
   - მე ლურჯი ვარ.
   - .... ინ.
   - ინ?
   - ........
    ...........................................
   რამდენიმე დღის შემდეგ:
   მე გვერდით მჯდომს მივმართავ: ,,ეს წიგნი გადააწოდე ინს".. შენ გვიახლოვდები და შუბლშეკრული მომმართავ: ,,მე მქვია ინ?! ჩემი სახელი არ იბრუნვის. არ სჭირდება. იგულისხმება. მე მქვია ინ?! მხოლოდ ინ და არავითარი სახეცვლილებები?!" ..... მეღიმება. შენ ისევ შეკრული გაქვს შუბლი. მერე მზერა სხვაგან გაგირბის ან გადაგაქვს.. მინებს მიღმა იყურები.. ინ აქ აღარ არის..  და ჩემში შემოდის შეგრძნება, რომ შენი სახელი მართლაც მოიცავს ყოველივეს. შენ მოიცავ ყველაფერს. ინ არ სჭირდება ბრუნვა. ინ იგულისხმება..
.........................................................
   - ლურჯო, ვილაპარაკოთ?
   - ჰო.
   - მზისმიღმა ყოფილხარ?
   - მხოლოდ მარტო.
   ჩვენ მივდივართ მზისმიღმა.. შენ მარჯვნივ და ოდნავ წინ.. მშვიდად მიაბიჯებ, გვერდზე არ იყურები. მე ვხედავ მხოლოდ შენს თმებს. თმებში გამჭვირვალობამ იმატა..
   ინ ამბობს რომ მოვედით.. ინ ჯდება.. მუხლებში მოკეცილ, გადაჯვარედინებულ ფეხებზე ხელებს ალაგებს, ჯვარედინად.. იყურება ჩემს მიღმა და ამბობს რომ დავჯდე.. ჰო, ვერ ვიტყვი რომ მე მომმართავს.. მე ვჯდები მის წინ, ოდნავ გვერდით.. ინ სახეზე სხივები ადგას.. მისი თმები ოქროსფერდება. ინ ღრმად სუნთქავს.
    - ვილაპარაკოთ ლურჯო, - თვალებს ხუჭავს, ხელები ჩემს თვალებთან მოაქვს, ოდნავ მეხება.. და ჩემში ისევ შემოდის შეგრძნება, რომ ინ ლაპარაკობს.. ინ მიყვება მხოლოდ ერთ ამბავს.. ინ ჩემში შემოდის შეგრძნებად..
   . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .

    ინ, წეღან ძაფები იგრძენი? ჰო, მე ვიყავი.. ამჯერად საკმარისია.. მე გიშვებ.. თუმცა - დროებით.

Friday, June 22, 2012

შენ

   ეს ბოლოა.. მეტჯერ ალბათ აღარ დაგელაპარაკები.. არც დაგელოდები.. ასე გადავწყვიტე. შენ არ იცი ჯერ..

   შენ მოდიხარ.. სიარულზე გეტყობა, როგორი თავდაჯერებული ხარ.. არ ვიცი ეს რაში გჭირდება.. მალე ეგ ჯავშანი მძივის მარცვლებივით ცვივა მიწაზე.. ფერდობზე მიგორავენ და შენ ისევ ისეთი, ისევ ისეთი ბავშვური დგახარ.. დიდი, გაფართოებული თვალებით.. მე ვცდილობ თვალი აგარიდო.. ვცდილობ, ეს ყველაფერი არ დავიმახსოვრო. ვიცი, რომ მერე ვინანებ..

   შენ ისევ რაღაცას მეკითხები და მე უკვე მეოთხეჯერ გამეორებინებ.. უცნაურად მიყურებ და კიდევ ერთხელ მისვამ შეკითხვას.. შენ ვერ ხვდები, რომ ხმას ვუსმენ და არა სიტყვებს.. გაპასუხობ. შენ იღიმი..

   მე მოვდივარ..

   მე ახლა სხვაგან ვარ.. და ვხვდები რომ აქ არ მინდა.. ასე არ მინდა.. მე მენატრებიან ჩემი ნაწილები..

   მე ისინი მჭირდებიან..

   ........................................................................

   შენ, მიაბიჯებ ნელა, ჩემი ნაწილებით ხელში.. და ალბათ არც იცი მათი ფასი..

   მე შენგან შენი ხმა მიმაქვს.. მეხსიერებით.

Wednesday, June 13, 2012

ხელის მტევნები.. ინ.



 ინ, მახსოვს რომ დაგპირდი, აღარ მოგწერ წერილებს-მეთქი. აქამდე არც მომიწერია.
 ინ, გუშინ ღამე ისევ დამესიზმრნენ ხელის მტევნები, უმაჯებო ხელის მტევნები საკუთარ კისერზე.. ინ, ძარღვებიც კი ზედ ჰქონდათ.

 ინ, შემეშინდა და გულაჩქარებულმა გავიღვიძე. ხელები ყელზე მქონდა შემოხვეული და ვყვიროდი. საკუთარმა, ვერგაჟღერებულმა, ხორხში დაგუბებულმა ღრიალმა გამაღვიძა, ინ.

 ეგრევე მარჯვნივ გამოვიხედე და ინ.. სიცარიელე.. ხელით მოვსინჯე, შუქის ანთებისაც კი შემეშინდა. შემეშინდა რომ ხელის მტევნები იქვე ეყრებოდა, საბანზე, ბალიშთან, იატაკზე, მაგიდაზე.. ხელით რომ მოვსინჯე შენი ადგილი, შემდეგ ხელის აღებისაც კი შემეშინდა.. ასე მეგონა ყველგან უმაჯებო, ძარღვებიან ხელებს გამოვედებოდი..

 როცა წავალ, ხელის მტევნებსაც აუცილებლად თან გავიყოლებო, - ხომ დამპირდი?!
 ინ, ბრუნდები?
 ინ, ხელის მტევნები შემომეხვივნენ ისევ.
 და, ინ.. მეშინია. ისევ ისე მეშინია დაძინების და საკუთარი სიზმრების.

 ხელის მტევნები, ინ.

Sunday, June 10, 2012

არარსებული წერილები, ინ.

   ინ, არ ვიცი შენ გწერ თუ არა. გამოჩნდება ბოლოში. ან არც. უბრალოდ, რამდენიმე კვირაა ეს ფრაზა ამეკვიატა.. ,,არარსებული წერილები".
   არარსებული წერილები


   ჰოდა, ბევრჯერ გამახსენდა ამ დღეების განმავლობაში ეს ფრაზა. იქნებ, ეს ის წერილებია, შენ რომ უფლება მოგეცა, მე რომ მოგწერდი? ან, იქნებ ეს ის წერილებია, რომლებსაც მიუხედავად ამისა, მაინც გწერ.. ოღონდ მხოლოდ გონებაში? არ ვიცი, ინ.

   ინ, დღეს დამესიზმრე. პირველ ადგილზე გადმოინაცვლეო ასე მწერდი შენს ძალიან გრძელ მონაწერში.. შენ არ გგავს. შენ ხომ ციფრები, ადგილები და განსაზღვრულობები არ გიყვარს. გამოვიღიძე და ვიფიქრე ისევ იგივე: ,,როდემდე შეიძლება მესიზმრებოდეს, სიზმრები, რომელიც არ უდნა მესიზმრებოდეს".. ალბათ, ცოტა ხანში ეს ,,არ უნდა" მოიშლება. უცანური იყო ინ.. შენს მონაწერს ვკითხულობდი და თან ვხედავდი როგორ წერდი. შენ თმა თითქმის მთლიანად ფარავდა მთელ ფურცელს..
   შენი თმები, ინ.

   ინ, გუშინ, სახურავზე, ვიღაც უცნობს გადავაწყდი.. გამომელაპარაკა.. ის მეკითხებოდა, მე ვპასუხობდი. ეტყობოდა უხაროდა.. ძალიან ძლიერი ქარი ქროდა.. ცაში მერცხლები იყვნენ.. არ ვიცი რატომ გაუხარდა. ასე მითხრა: დასთან ვიჩხუბე და იმიტომ ამოვედიო აქ. ჩემს ერთადერთ შეკითხვაზე თუ რაზე? არ მიპასუხა..

   ინ, დავპირდი, თუ გარკვეულ დროს მოხვალ, აქ რაღაც დაგხვდება-მეთქი. გაუხარდა. ალბათ არ ელოდა.. მართლა დახვდება.. თოლიებს დავუხატავ კედელზე.. და წერილსაც დავუტოვებ ალბათ.

   ინ, არარსებული წერილები, იქნებ ის წერილებია, შენ რომ უფლება მოგეცა, მე რომ მოგწერდი.

  არც არასოდეს აგიკრძალავს. და არც არასოდეს დაგირთავს ნება. ჰოდა, ასეა ინ.

   და მაინც, არარსებული წერილები, ინ.

Friday, June 8, 2012

ინ... გაწვიმდა.


  ავტობუსში ვზივარ. სახლისკენ. შენს მუსიკას ვუსმენ.. საშინლად არ მინდა გავიგო რა ხდება გარეთ. ჩემი თვალის დარაბებს მიღმა. მუსიკა უფრო მეტად თბება. მარცხენა მხარზე ვგრძნობ წვეთს და ინსტინქტურად იღებიან ფანჯრები.. სწორი ვიყავი გარეთ რომ არ მინდოდა. ვუყურებ ადამიანებს და უცხოები არიან. არანაცნობობას არ ვგულისხმობ. აი, უცხოები. სხვაგან, უფრო სწორად აქ და ახლა, ამ წამს, მაგრამ მიწასთან განრთხმულები. მიწასთან უამრავი ბორკილით მიჯაჭვულები. ერთანეთსაც კი არ უყურებენ თვალებში. არაფერი აინტერესებთ საკუთარი დღევანდელობის გარდა. არ მინდა ამის ყურება და ჯახუნით ვკეტავ დარაბებს. ,,მხოლოდ შენი" მუსიკა მორჩა. ისევ შენი იწყება, მაგრამ  ,,მხოლოდ შენი" აღარ. არც მინდა განმეორება. წვიმამ წამრთვა ის შეგრძნება.. დამირღვია.

   სინტია. გაცილებით მეტ წვეთს ვგრძნობ მარცხენა მხარეს. მინების მიღმა აღარაფერი ჩანს, უფრო სწორად, წვიმის წვეთებზე ვფოკუსდები. წვიმის ბილიკებზე. გიფიქრია, რომ წვიმას ჩვენთან ცის ბილიკები ჩამოაქვს?! ძალიან დიდ გზას გამოივლის და მერე ჩვენთვის მარტივად გასაგებად გვიხატავს გამოვლილ გზას ბილიკებად მინებზე, ნაკადულებად, ნიაღვრად..
   მინებს ჭუჭყი ჩამოერეცხათ. აღარ მომწონან. ვიყურები ღია მინებიდან მაღლა. ლამაზია ცა, მაგრამ........

          ინ.. გაწვიმდა..
          ინ, ანიას სულ სტკივაო ასე თქვი.
          ინ, აღარ წვიმს.

Saturday, June 2, 2012

მას სანდრო ჰქვია

 მას სანდრო ჰქვია. ის კეთილია და არ გაწუხებს. ყოველთვის მზადაა გამოგიწოდოს წყალი და შეგეკითხოს: ,,როგორ ხარ?". და ზოგადად ბევრისგან განსხვავებით პასუხიც აინტერესებს. სანდრო კეთილია. სანდროს ძალიან უყვარს ფრაზა ,,ოღონდ მართლა", ან უბრალოდ ამოჩემებული ფრაზაა და ძალიან ხშირად იმეორებს. ამ დროს თვალები ოდნავ უფართოვდება და რამდენჯერაც მომიწია შეხედვამ, იმდენჯერ შეგრძნება მქონდა რომ მისი თვალებიდან  პატარა ბავშვი  იყურებოდა, რომელსაც ძალიან უნდა რომ დაუჯერონ. აი, ასეთია სანდრო.
 გუშინ შემთხვევით(?) აღმოვჩნდი ადგილას საიდანაც ჩანდა როგორც იჯდა და მთვარეს უყურებდა. ძალიან მინდოდა მეყურებინა  შორიდან, მაგრამ ამოდიო.. უკვე დარღვეული იყო ბუნებრიობა და აზრი აღარ ჰქონდა არ მისვლას.  მერე კაწიც შემოგვიერთდა.

 ახლაც მგონია, რომ სანდრო იქ იმისთვის იჯდა რომ მოესმინა ტბისა და მთვარის დიალოგი.  და რომ არა ჩვენ, ასეც იქნებოდა.. არ შეიძლება ამ დროს ადამიანებს გამოეჩხირო. არ გამოვიდა გუშინ.. ვწუხვარ.

 სანდროზე სულ ხვიარას ლექსი მახსენდება რატომღაც. ,,საა"..  თან უკვე რამდენიმეჯერ გამახსენდა, მაგრამ არ მინდა რომ წავაკითხო. ვერ ვიმეტებ. ალბათ, ოდესმე.. :)

 ასეთია სანდრო რომელიც აქ გავიცანი და სულ რომ არ გაგრძელდეს ჩვენი ნაცნობობა, ყოველთვის როდესაც გავიხსენებ აქაურ განუსაზღვრელობას, აუცილებლად გამახსენდება ძალიან კეთილი სანდრო, რომელიც აუცილებლად მოიხედავს ბავშვივით გაფართოებული თვალებით და იტყვის: ,,ოღონდ მართლა?!".

                                                                                       აგვისტო. 2011წ.