Monday, June 24, 2013

შენ III

   ერთი წელი გავიდაო..
   მახსოვს რომ შემიპირე და ვასრულებდი დანაპირებსო..
   ახლაც ისევ ისე ფიქრობ, რომ არ გინდა არაფერიო??
   მიმოწერით მაინც ვიურთიერთოთო..
   ჩემსავით იმავე ქალაქიდან დაგიწყია მოგზაურობაო..
   ამ ერთ წელში, გადახვეწას რომ შემიპირე, უამრავჯერ გამახსენდიო..
   ახლა ჩამოვედი და დამხვდა ყუთი, რომელიც თავის დროზე ძალიან გამიხარდა და ასევე ძალიან მეწყინაო..
   ვერც კი ვიფიქრებდი ამდენს და ასე კარგს თუ ფიქრობდა ერთი ადამიანი მაინც ჩემზეო..
   რომელი ნაწარმოების ნოტებიაო??

   ეს.. ჩემი საყვარელი ნოქტურნი..

   ჰო, ერთი წელი გავიდა..
   მადლობა, დანაპირების ასე პირნათლად შესრულებისთვის..
   ახლა საერთოდ არაფერს ვფიქრობ..
   მიყვარს მიმოწერა და დაე, კარგი..
   ჩემთვისაც გამორჩეული იყო ეგ ქალაქი ყოველთვის..

   (ყუთი, მუსიკა.. ჩემი სულის ნაწილები..
   ამ ერთ წელიწადში, გადახვეწას რომ შეგიპირე, მეც მახსენდებოდი.. იშვიათად, მაგრამ მაინც.. ძაფები.. ისევ ძაფები..)

   სხვა რა გითხრა.. არაფერი, დიდი სითბოს გარდა.. და განუზომლად დიდი მადლიერება იმის გამო, რომ სწორად გაიგე.. და კიდევ ერთხელ რომ გადაწყვიტე, რომ ეს უნდა მცოდნოდა..
 
   მშვიდად ვარ..

   ნამასტე.
   

Saturday, June 22, 2013

VI-V

   ახლა უკვე იმასაც არ ვამბობ, რომ ასე ჯდომა მომბეზრდა.
   კითხვების დასმასაც დაეკარგა აზრი და შემომეჩვია ფიქრი, რომ სულერთია, ვდგავარ თუ არა კარს გამოღმა.
   აღარც ვინმე დარჩა, რამე დავაბარო.
   გ ა მ ო ი ხ ე დ ე.

   დამღალა გადმოჩვევამ. გადაჩვევამაც.

   უხმოდ ფიქრს დაეჩვიე ხომ??
   როგორ აპირებ ძალების აღდგენას??
   ამ ყველაფერს რას უპირებ?
   იმ ყველაფერს?
 
   არ ჩავერევი.

   ,,ჩემს ნაწერებში შენ ყოველთვის უფრო მეტი ხარ,
   ვიდრე დარდი,
   ვიდრე ტკივილი."
                                     ნიკა ჩერქეზიშვილი


   კედლებს დაავიწყდათ შენი სუნთქვის რიტმი.
   
   

Wednesday, June 19, 2013

VI-IV

 
   ელი,
 
   ამოვიდა მზე. 
   გაიღვიძე.
   დაგაგვიანდება. ორივეს დაგვავგიანდება.
   სათითაოდ ჩამოხსენი წამწამებიდან გირები და დამალე საწოლის ქვეშ. მაინც არ დაიმტვერებიან.
   სუფთა ფურცლები მომრავლდნენ და ხმაურიანი ბილიკები იხლართებიან ტვინში.
   კარებს ნუ კეტავ. დარაბები მიხურე.

   ამოვიდა მთვარე, ელი.
   გამაღვიძე.

  

Saturday, June 15, 2013

საფოსტო ღია ბარათი


   არ მივიღებ არავისგან ძილისპირულ ფრაზას, რომელიც მხოლოდ შენია.
   უპასუხობით გამოვთქვამ პროტესტს. ვერ გაიგებენ. ეს მათ ,,ლოგიკაში" ვერ ჯდება.
   დღეს დაგავიწყდა. ისევ.
   არაუშავს. ხდება ხოლმე.
 
   საფოსტო ღია ბარათი
   
   იქნებ, მართლაც დროა, ავდგეთ სამზარეულოს იატაკიდან?
  
   იქ რომ ვიყო, დავინახავდი, როგორ შეეპარა რიჟრაჟისფერი ცას და გეტყოდი, რომ დროა დავიძინოთ.
   აქ ჩემს ოთახს ფანჯარა არ აქვს.

   ხდება ხოლმე, მტვერი ნაცრისფერ, დამამძიმებელ, უფორმო ბლანტ ბურთულებად მატერიალიზდება.
   და კანონზომიერებაა, მხრებში მოგხაროს.
   და კანონზომიერებაა, არ იყო კარგად.
   და კანონზომიერებაა, მარტომ იარო აღმართის ბოლომდე.. მტვრით დატვირთულმა.
 
   მართლაც დაკარგა ყველაფერმა აზრი, როდესაც......??

   მე არ დამვიწყებია.
   როგორც ყოველთვის.
   გამონაკლისის გარეშე.




Friday, June 14, 2013

VI-III


   დავიღლებოდით ორივე. არ მიკვრის.
   გადავლაგდეთ და გამოვიხედოთ მერე.. ერთმანეთისკენ.
   წარწერების მე წაგიშლი თვალებიდან. შენ ძარღვებს მიხედე. შიგნიდან.
   და მერე გამოვიხედოთ.. ერთმანეთისკენ.
 
   ისევ ოთხია??
   ისევ ჩხავიან??
   ისევ ნაცრისფერია ის ბურთი??
   ისევ აქ  არ ხარ??

   დავიღლებოდი. არ მიკვრის.
   დაიღლებოდი. არც ეს მიკვრის.


   და(ვ)ბრუნდი?



   სტრიქონებს შორის მიმომებნიე.
 
   

Sunday, June 9, 2013

VI-II


   With white elephants

   ჩამოვაფარებ ფარდებს ფანჯრებზე. შენ მაინც ვერ ატან ვერაფერში.
   დავაბარე უკვე ქარს, რომ დღეს არ უნდა მელოდო.
   აქ და ახლა გაცილებით მძიმე ხარ, ვიდრე ყოველთვის.
   ჩვენი ბრალია. ანუ არცერთის.

   ბავშვობაში, ფიცრებს შორისი სივრცეები მიყვარდა.. მეორე, უცნობი მხარის სუნი რომ ჰქონდათ.. წარმოსახვის სუნი.
   ბაბუ, შენი ხელების სუნი მენატრება.. მდელოს, რძის, ხეების, თივის, ფოთლების და ასე დაუსრულებლად, ბუნების სუნი რომ ასდიოდა.

   აქ, დაბლა, ადამიანებს გვიჭირს უადამიანობა, უერთმანეთობა და მაინც ვერ ვახერხებთ ერთმანეთის სახელების დამახსოვრებას, რომ საჭიროებისას ინსტიქტურად მოვუხმოთ ხოლმე ერთმანეთს.

   ჩემი მზადყოფნა არაფრით განსხვავდება, ამომშრალი ზღვის სანაპიროზე მარილიანი ნიავის წამობერვის ლოდინისგან.

   სწორედ ამიტომ -
   დღეს არ დავტოვებ გასაღებს წერილების ყუთის ფსკერზე.

 
  

Thursday, June 6, 2013

elm iirs ta'h

http://www.youtube.com/watch?v=nD2y_thDWHY
   ტბის სული.
   წყალი მხოლოდ სახეს არ გიფარავს.
   სიჩუმე.
 
   http://www.youtube.com/watch?v=wtqQIL9BFoc

   სხვა არაფერი თქვაო.

   როდესაც თმები ძალიან გაიზრდებიან.. შენ დაინახავ ამ კადრს.
   .............................................................................

   შენ სირინოზი უნდა იყო, იქ, ტობაზე, ან რამე მსგავს ლამაზ ადგილას ცხოვრობდე. ფიზიკურად აქ იყო, მაგრამ ისე სხვაგან...... ანუ უბრალოდ შენი სხეული იქნება აქ. 
  მოვალთ ხოლმე და ვისაც აირჩევ, მხოლოდ ისინი დაგინახავთ, გადმოამსამყაროვდები.... გონება და შესაძლებლობები ფართო იქნება, ვიდრე ადამიანის, რომ ერთად აკეთებდე თან ასეთ რამეებს. 
  ჰოდა, დაგველაპარაკები ხოლმე.... 
  მერე გაცურავ, იცურებ აქეთ-იქით და სინამდვილეში აქ აღარ იქნები, მარტო სხეული იცურებს. მისია გექნება შენი და თვითონ გადაწყვეტ როდის უნდა მოკვდე.
  elm irrs ta'h ასე გერქმევა. 
  რომ მოკვდები ტბა გაიყინება.

   
    

V-?


   ,,გამოდი. თუნდაც რამდენიმე წუთით, რომ უბრალოდ გნახო. გნახო და წამოვიდე."

   შენს მარცხენა მხარზე მიდევს შუბლი და ვხვდები როგორ ხარ.. და რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. 
   ახლა წავალ. 
   გმადლობ, რომ გნახე.

   საიდან მოვიდა ისევ ეს უსახელო შეგრძნება? ისევ შენგან. ისევ შენი ცუდად ყოფნიდან. რომ არ შემიძლია არაფრის შეცვლა. არსაიდან. იცი, რამდენ რამეს მოგწერდი? რომ არ იტვირთავდე ამ ყველაფერს ისევ. ი-ტვირთ-ავდე.

   არასოდეს დავიღლები შენგან აქა-იქ მოლურჯოკანშერჩენილი ძვლებით სავსე ტომრების გამოზიდვით.
 

   Thank you nothingness.

   ძველია ეს.


   SW - Cover version (I)

   

Wednesday, June 5, 2013

სელ


   სელს შორიდან ვიცნობ. სულ რამდენიმეჯერ მყავს ნანახი. იმ ადამიანთა კატეგორიიდანაა, რაც არ უნდა ახლოს იყვნენ, მაინც რომ შორს არიან.
   ერთხელ, დილასაც ვნახე და საღამოსაც. ორივეჯერ ტროტუარის მეორე მხარეს. დილას მიდიოდა: წელში გამართული, წინ იყურებოდა ოდნავ მოჭუტული თვალებით. ყურსასმენებით. სელ ისე მიაბიჯებდა, გამეფიქრა, რომ იმ წუთას ის ქუჩა მხოლოდ სელისთვის არსებობდა და თითქოს მის უკან იკეცებოდა და ქრებოდა. 
   საღამოს: ისევ ყურასასმენებით, თავდახრილი და ბეჭებში მოხრილი. რომ არა იგივე ტანსაცმელი, ყურადღებას არც მივაქცევდი. სელ არ იყო დილანდელი. სელ მიაბიჯებდა და თითქოს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ტერფებს ძლივ-ძლივობით აგლეჯდა ქუჩას. ის ქუჩა აღარ იყო მხოლოდ სელისთვის.
   
   დაკვირვებული ვარ, არავის უყურებს თვალებში.. ძალიან იშვიათად და ისიც წამის მერომელიღაცე მეასედით.. მერე ისევ სივრცეში იწყებს ყურებას, მაგრამ გისმენს. იცი რომ გისმენს. 

   რამდენიმეჯერ მომეცა საშუალება, დავლაპარაკებოდი, მაგრამ სელის გარსი იმდენად შესამჩნევი იყო, რომ მივხვდი არ ღირდა. 

   წინა კვირას სელის წერილი მოვიდა:
   ,,გხედავ ხოლმე. ზოგჯერ, მაშინაც კი, როცა არ ხარ საჭირო და სადაც არ ხარ საჭირო..
   ნუ გადაეჩვევი ადამიანების თვალების ყურებას.. დამიჯერე, რთულია.. ისევ სჯობს, თავიდანვე გაუმკლავდე ამას. 
   არ გადაეჩვიო ადამიანებს. 
   რაღაცნაირი ხარ.. უხმოდ აჟღერებს კითხვებს. 
   ხშირად იმაზე მეტის ტარება გვიწევს, ვიდრე შეგვიძლია, ვიდრე გვინდა, ვიდრე ვიფიქრებდით და.. ირეალური ტვირთი გვხრის.. მერე გვავიწყდება, რომ დილა დგება და უნდა შევძლოთ გამართვა.. 
   ირეალური ტვირთი უხმოდ ამსხვრევს ძვლებს. და საფეთქლებთან ძარღვები იბერებიან. არარსებული ძარღვები.
   არ გადაეჩვიო ადამიანებს. 
   გხედავ ხოლმე. 
   გხედავ ხოლმე და მინდება გელაპარაკო რაღაცებზე, მაგრამ.. მაგრამ არ ღირს. შენ ჯერ კიდევ ანათებ შიგნიდან.
   გახსენი კარები სხვებისთვის.. სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია ეს.

   სელ."

   სელ მობრუნდა და უთხრა სივრცეს: ზოგიერთი გზა მარტომ უნდა გაიარო.
   ...........................................

   ეს კი შენ:
   მიყვარს ჩვენი ერთდროული არსებობა ერთმანეთისთვის, მაგრამ სხვადასხვა სივრცეში. 
   მიყვარს შენი ასოციაცია, თბილი შეგრძნება რომ მოჰყვება. ის რომ შეიძლება იყო, 23-ში რომ მიწერია. 
   ჩვენ არ წავალთ. იცი შენ საიდანაც და ვისგანაც. 
   არაუშავს თუ ვერაფერს მიხვდები.
   სელიც შენგანაა, შენთვის.

   

Sunday, June 2, 2013

შიგნიდან


   გინდა, გეტყვი..
   მარტო შენ გეტყვი.
   დამიარე ხოლმე და მე ოდნავ ჩავიღიმებ ჩემთვის.
   არ დაგიტოვებ. მართლა არ დაგიტოვებ. ცოტათი მეტი ხარ ჩემთვის. იმაზე მეტი, ვიდრე შემიძლია (გ)(ვ)ატარო..
   გულის მხარეს ადგილსაც დაგითმობ, თუ გინდა.
   უბრალოდ დამიარე ხოლმე.

   შენზე ვიტყოდი:

   არა.. არაფერს ვიტყვი.

   მადლობა. იცი რატომაც. აქ არ მოხვდები, მაგრამ მაინც იცი.. და ამჯერად, არა იმისთვის, როგორც ყოველთვის..

   შენს ალტერზე თქვეს, მისი მსგავსები არ არსებობენო. გამეღიმა. შენ სრულიად რეალური ხარ.

   არ დაიბნევი.

   ჩამ(ი)(ე)ღიმილე.


   

Saturday, June 1, 2013

VI-I


   ჩვენ ვსაუზმობთ. სიჩუმეა. მწვანე ფარდები ოთახის მყუდროებას აორმაგებენ.
   ლარნაკში მინდვრის ყვავილები აწყვია. თეთრები.
   შენ ამბობ, რომ გიყვარს ასეთი დილები და იღიმი.
   მე ჩაის გთავაზობ.
   შენ, როგორც ყოველთვის, ყავა გირჩევნია.
   მინდვრის ყვავილებს თავისებური სურნელი აქვთ. ყველაზე ბუნებრივი. სუფთა.

   ვიწყებ დაკვრას.. როგორც ყოველთვის.. ამით.
   შენ გასვლის წინ, როგორც ყოველთვის, კეფაზე მკოცნი.
   მაგიდაზე ისევ ისე დამხვდება ბარათი.. ამჯერად: ,,რხევები წყლის ზედაპირზე.. იგივე რკალები.. ბგერებით წასვლა.. ბგერებში დაბრუნება.. ვიცით."

   შენ შეიძლება დღეს ქუჩაში შემხვდე სრულიად შემთხვევით. გამოველაპარაკოთ ერთმანეთს. ერთმანეთის ამბები ვიკითხოთ. წავიდ-წამოვიდეთ.
 
   შენ შეიძლება დღეს ქუჩაში შემხვდე და არც კი იცოდე, რომ ჩვენ დილას ერთად ვისაუზმეთ.