Thursday, March 16, 2017

შექმნა

   მესიზმრა - კომპოზიტორი ვიყავი.
   ვიჯექი ზღვის ნაპირას, ციხისძირში და მუსიკა მესმოდა თავში. 
   მესმოდა - არასწორია. უფრო შემოდიოდა გონებაში თემები, ინსტრუმენტები. ემატებოდა ნელ-ნელა. რაღაცები აკლდებოდა.. 
   შეგრძნება იყო ძალიან უცნაური და ძალიან ამაღელვებელი. თან ვხვდებოდი, რომ ეს სწორედ ის მომენტი იყო, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა - კლასიკურ მუსიკასთან პირველი შეხების შემდეგ.. 
   როგორ ესმოდათ მათ? - თითქოს გამტარი ხარ. საიდანღაც ისმის. შენს თავში ჟღერს.
   რა ხდება ამ დროს თავში? - გუგუნი. ჟ ღ ე რ ა. 
   რას გრძნობ? - დედამიწაზე აღარ ხარ. არც მატერიას გრძნობ. სადღაც ჰაერში. ლივლივებ იმაში რაც ისმის.
   როგორ ელოდები თემების ცვლილებას? - მშვიდად. რადგან თითქოს კანონზომიერულია. არ ეძებ. უფრო სწორედ - არც ელოდები. თავისით მიდი-მოდის.
   რეალურად როგორ ისმის - ნაწილ-ნაწილ თუ ერთბაშად? - ერთბაშად. არ არის პერიოდებად, ჰარმონიებად, ტონალობებად დაყოფილი. ერთიანია. მასშტაბური.
   რა განაპირობებს საკრავების მონაცვლეობას? - ამაზე არ ფიქრობ. უბრალოდ გრძნობ, რომ აქ ფლეიტა სჯობს, იქ - ჩელო წაიყვანს თემას კარგად, ჰობოი გჭირდება და ა.შ.
   როდის, რითი ,,ხვდები" რომ ახლა ცვლილების დროა? - თავისთავად. მელოდია გკარნახობს.
   ............................
   

   სიმფონია იყო.
   მეორე ნაწილი. ანდანტე.
   მთავარი თემაც კი არ მახსოვს.

   და მაინც, დარჩა კითხვა: როდესაც ეს ყველაფერი გესმის (ან ესმოდათ), როგორ ახერხებ(დნენ) ან ასწრებ(დნენ) ამ წამლეკავი ოკეანის ნოტებზე გადმოტანას??

   მუსიკის შექმნა და არა - კეთება.