Thursday, September 26, 2013

IX-I


   http://www.youtube.com/watch?v=Y520xZbNQQ8
 
   შეგრძნება მაქვს, რომ ვენებში სიცარიელეც კი აღარ მოძრაობს. გაჩერდა. ყველაფერი.
   გაუფერულდა ყველა ფერი. გახუნებული შავივით.
 
   დაშლა რომ გამოიწვიე, აწყობაც გესწავლებინა.
   მომერიდებოდა ადამიანების, საერთოდ რამე რომ მადარდებდეს.
   ვიძირები. და ეს ერთადერთი მომენტია, როცა მეღიმება.
   შვებაა ჩაძირვა.
   ვერავინ ამქაჩავთ. ზედაპირზე დავტოვე ყველა თოკი. ტბის მოსარკულ ზედაპირზე. მაჯებს შერჩენილი მეორე ნახევრები იკლაკნებიან წყალში წვრილი გველებივით.
   წყალმცენაარეებამდე ჯერ არ ჩავსულვარ.
   ყოველთვის დიდხანს მყოფნიდა სუნთქვა წყალქვეშ. თუ რამე ამავსებს ახლა, ფსკერის შეგრძნება იქნება ხერხემლით.

 
   იქნებ სჯობდეს, ცურვა არ ვიცოდე.


Wednesday, September 11, 2013

ელი


   http://www.youtube.com/watch?v=R7G8AYIa3Lk
 
   ელი იყო მოსული. ჩალურჯებული ლავიწებიდან მიმხმარი სისხლი ჩამოვბანე ცივი წყლით.
   ცხელი წყლიდან ავარდნილი ორთქლი ის არისო.
   ყველგან ვეძებეო.
   თავიდან მაღალი ბილიკებით დაუწყია, სუფთა ჰაერით, განთიადებით. წვიმიანი კალაპოტების გავლით ნელ-ნელა აღმოჩენილა ბინძურ მოსახვევებში, ჩაბნელებულ კედლებთან, ნესტშეპარულ იატაკქვეშ..
   აკლდამებში მეძინაო მის ძებნაში. მას ხომ მსგავსი რამეები სჩვეოდაო.
 
   ელის თმის ძირები გაუნახევრდა ღამე სიარულისგან.
   ძვლები ამოეჩხირა სხვებში შენი მოლანდებებით და მათი დევნისგან.
   ფრჩხილებქვეშ კანი გაულურჯდა თოკების დაქაჩვისგან.
   ელის ხმა დაეკარგა შენი არ პასუხისგან.

   ელისგან მოჩვენებაღა დარჩა. მე კი ჯიუტად ვცდილობდი რამდენიმე საათის განმავლობაში, ცივი წყლით ჩამომერეცხა მისი კანიდან ყველა მზერა, არაშენებური. ყველა შეხება, შენსმიმსგავსებული და სისხლის ბურთულების ღეჭვით მოთმენილი.
   რადგან, ცხელი წყლიდან ავარდნილი ორთქლი ის  არისო.

   ნუ მელაპარაკები სხივებზე, როდესაც დახეული ჯიბეებიდან გასხლეტილი კენჭები უფსკრულში ცვივიან. შენს ფეხქვეშ აწყვდიადებულ უფსკრულში.

   შენი ძალა ვერაფრით ეყოფა ჩემს ხელში აყვანას. მითუმეტეს, მას შემდეგ რაც ელი შემოვითვისე.

   საბოლოოდ ჩაკეტე კარი, სანამ დროა.
   არ მოვადგებით ღრიჭოებს.
   სხვა გზა გვაქვს მე და ელის.
   მასში არსებული შენი ილუზიის ნაკვალევს ახლა ორნი უნდა გამოვუყვეთ. სანამ ელი ჯერ კიდევ არსებობს და სანამ ცხელი წყლიდან ავარდნილ ორთქლში ჯერ კიდევ გგრძნობს.

   შეხვედრამდე. (არასოდეს).

 
 

Wednesday, September 4, 2013

ჩემი შემოდგომა


   Ólafur Arnalds - Only the winds
 
   შენ ჩემი შემოდგომა ხარ და  მე არ მჭირდება გაზაფხული და არც ზამთარი, როდესაც შენ ჩემს გვერდით ხარ.
 
   ჩვენი ამოჩემებული ამინდებით.
   ქარს გაყოლილი ართქმული სიტყვებით.
   უნებლიე წაბორძიკებებით.
 
   დაგიბრუნებ დროს მუქ მწვანედ და თითქმის შავ ლურჯად.
 
   ნამსხვრევების ქუჩას ავაყოლოთ ჩვენი სილუეტების გაწელილი  ჩრდილები და ავახმიანოთ ძირს მიმოფანტული შენ.

   შენ ჩემი შემოდგომა ხარ.
 
   შემობრუნდი, ნაცრისფერი წრეები უნდა ამოგისრუტო სულიდან.