Monday, July 29, 2013

VII-IV


   შეხედე, ჩემს ფეხებთან ისევ შუშის წითელი ნამსხვრევები ყრია.
   ნუ ეცდები ჩემი მუშტების გაშლას.

   ........................................................................................
   ..ვიდგეთ ხის ძველ ხიდზე, ცრიდეს და  ჩემი ერთადერთი საზრუნავი შენი გულისცემის დათვლა იყოს.
   ..წინ მეჯდე, გისმენდე და მოთმინებით ველოდე, როგორ დაგაჩნდება გულით გაცინებისას ორი ძარღვი შუბლზე.
   ..ვისხდეთ და შენ კვლავ ამაოდ ცდილობდე ჭორფლების დათვლას ჩემს მხრებზე.   
 
   ........................................................................................
   ჯერ კიდევ შემრჩა ძალა, გკითხო: რა ირეკლება გუგებს შიგნით.

 
   

Friday, July 19, 2013

19/19


   So now we are friends. .

   და დაბრუნდა სიმშვიდე. .

   სიმშვიდემ მოიტანა ხედვის ახალი კუთხე.
   სიმშვიდეს არ დაენანა და მიწილადა თავისი სულის მუსიკა.
   სიმშვიდემ თავისთავად მოიტანა თავისი საბურველი. . უდრტვინველობის გამჭვირვალე გარსი. .
 
   მან თქვა, ლურჯი არსებობდაო. . და დაიბადა ინ. .
   მან თქვა, სევდიანი ორმაგად ლამაზიაო. .
   მან თქვა, წვიმის წინ როგორც გუბდება ზეცაო. .

   არ აქვს მნიშვნელობა, ერთ სივრცეში ხართ თუ არა. . როდესაც გახსენდება სიმშვიდე, ფიქრს თავისთავად მოჰყვება:
   ლურჯი მუსიკა (სუნთქვის შეკვრა)
   სითბო
   ჩაღიმება
   უსაფრთხოების შეგრძნება
   სიმშვიდის ნისლები
   ლამაზი კადრები
   მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიტყვები. . ფრაზები. .

   და ის რაც გამოუთქმელია
 
Mein freund ist gut. Sein haar ist magisch. . 
 

     

Tuesday, July 16, 2013

VII-III


   მე ვიჯექი ხის სველი, თითქმის ჩაშლილი ხიდის ბოლოს და ხერხემალზე ამომავალ ჭიანჭველებს მოჰქონდათ ამბავი, რომ შენ მალე მოხვიდოდი და კეფიდან თმებში შემომიბერავდი სულს.

   არაფერს დამაბარებ წასვლის წინ?
   იქ ერთი ადგილია. ჩემი დღიურის ადგილი, სადაც მერე შენ წითლად გამოჩნდები.
   არავის ვეტყვი. და საკუთარ თვალებსაც დავუმალავ შენს განმარტოებას.

   ჩვენ კედლების ნანგრევებზე ვსხედვართ და შენ იყურები არსაითკენ ფართოდ გახელილი თვალებით.
   შენელებულ სუნთქვას ვერ ერევი. არ გინდა შევამჩნიო და მიდიხარ.
   გავიწყდება, რომ შენს შესამჩნევად მე არაფერში მჭირდება ახლოს ყოფნა.
   ჰორიზონტი შენს სილუეტად ქანდაკდება. მე კი ნანგრევებიდან ჯიუტად გეძახი.
   ვიცი, არ დაუშვებ ჩემს ნაწილებად დაშლას.

   ჰორიზონტი კი ჯიუტად ინარჩუნებს შენი ზურგის სილუეტის ფორმას.



 
 
   

Sunday, July 14, 2013

სხვა საბინადროში


   http://foveahex.bandcamp.com/track/carol
 
   დღეს ,,მხოლოდ დიდ ქვებზე დავაბიჯოთ"-ს ვთამაშობდით მე და გიორგი და მოვუყვებოდით გზას შენსკენ.
   რცხილების მწკრივთან, როგორც ადრე, ისევ ისე წვრილი კენჭების მონაკვეთი დაგვხვდა და ამჯერად გიორგი წაიქცა.. მე - არა. შენი ნასწავლი ბილიკი გამახსენდა.. მარცხნივ. გუბისკენ.
 
   როგორი სიმშვიდეა შენთან ახლა. სიჩუმე. ღრმა სიმწვანე. სიგრილე. ნესტიანი მიწის სუნი.
   რკინის დაჟანგული კარი ისევ ისე გახმიანდა. იდუმალად.
   არ მიყვარს შენთან სტუმრობა. აქ. და ყოველ ჯერზე ვცდილობ მალევე წამოვიდე.
 
   ჩამოვუარეთ ნაცნობებს. უცნობებსაც.
   ნაცნობების მოუვლელ საბინადროებზე გული ჩამწყდა. გამახსენდა, როგორ ჩუმდებოდი ხოლმე.

   საერთოდაც გამახსენდა:
   შენ მარჯვნივ იდექი და ხელიხელჩაკიდებულები მივყვებოდით გზას. არა - ქუჩას, არამედ - გზას. ყოვეთვის შორი მეჩვენებოდა. ჩემი სამი ნაბიჯი ხომ შენს ერთს უდრიდა.. და შენც დინჯად მიაბიჯებდი.. არადა, ახლა სულ რაღაც თხუთმეტი წუთის გზაა.. ახლა იმასაც ვხვდები რატომ გეღიმებოდა, შევისვენოთ-მეთქი რომ ამოგხედავდი..
   გზად ძირითადად ჩუმად მივდიოდით, სხვა გზებისგან განსხვავებით..
   მერე აღებდი რკინის კარს, რომელიც ყოველთვის იდუმალ ხმას გამოსცემდა.. თითქოს მის მიღმა სამყოფელში შესვლის ნებართვას გასცემდა.
   მერე ვსტუმრობდით ქალს, რომელსაც შენ ეძახდი დედას.. მე არასოდეს - ბებიას, იმიტომ, რომ არც კი მახსოვდა.. შენი ხელით ასუფთავებდი მის ეზოს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ამბავს მიყვებოდი. შემდეგ იმ კაცის ეზოს, რომელსაც შენ არ ეძახდი მამას.. იმიტომ რომ, შენც კი ვერ იხსენებდი მას. სამაგიეროდ, გახსოვდა, როგორ ინახავდა დედა მის დატოვებულ შეშას, რომელიც ომში წასვლის წინა საღამოს დაჩეხა იმ კაცმა და დაუბარა: რომ ჩამოვალ ამით გავაჩაღოთ კერიაზე ცეცხლიო.. ინახავდა ოდის სხვენში, სანამ, ერთხელაც, ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ფოსტალიონმა სამკუთხედად გადაკეცილი ქაღალდი არ მოიტანა..
   შემდეგ მიყვებოდი იმ უცნობთა საბინადროებზე, რომლებიც სრულიად გამოუცნობი მიზეზებით აღმოჩნდნენ ამ საერთო გალავანს შიგნით. დედისა და იმ უცნობი კაცის გვერდით. იმიტომ რომ დედამ უარი ვერ უთხრა უთვისტომოდ დარჩენილ ნაცნობებს..
   შემდეგ ჩამოვუვლიდით ძველ ნაცნობებს, შენს მეგობრებს.. ვჩერდებოდით სათითაოდ ყველასთან. მარჯვენა ხელზე ოდნავ მოჭერას ვგრძნობდი და ვიცოდი რომ ამ დროს არ უნდა მეკითხა არაფერი. რაც სათქმელი იყო, ისედაც ამბობდი.
   შემდეგ ჩემს ზურგსუკან ხურავდი, იდუმალხმიან ჟღრიალა კარს და ჩუმად მეტყოდი: არასოდეს მისცე თავს უფლება, ეს გზა დაივიწყო.

   დღეს გიორგისთან ერთად ჩამოვუარე ყველას.. ყველა კარი შევაღეთ.. ყველა წარწერა წავიკითხეთ.. და არ დამზარებია მის არცერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.. მიუხედავად იმისა, რომ ბევრზე ერთიდაიგივე პასუხი მქონდა: არ ვიცი. არ ვიცნობდი.ჩემამდე იყვნენ.

   შემდეგ გამოვიხურეთ იდუმალხმიანი, რკინის კარი და.. და მე არ მითქვამს გიორგისთვის, არასოდეს დაივიწყოს ეს გზა.. ოდნავ პატარა მეჩვენა ამისთვის. ალბათ, ამის დროც დადგება.

   შენც შეგეძლო არ გეთქვა თავის დროზე.. ყოველ ჯერზე.. თუმცა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდი ეს გზა ასე მალე თუ გახდებოდა ერთადერთი, რომლითაც შემეძლებოდა შენამდე მოვსულიყავი, მამა.
   თავისთავად.

 
 

Tuesday, July 9, 2013

VII-II


   ზედაპირის სიმშვიდე არასოდეს ნიშნავს იმას, რომ ფსკერამდე ჩადის ეს სიმშვიდე.
   ჰო, არასოდეს.

   ამდენი დროის მიუხედავად, ორი თითიც კი გეყოფა ნაცნობების ჩამოასათვლელად. არადა, კარები ღიაა.
   ძიება ზოგჯერ ყველაზე დიდ დაკარგვას უდრის. საკუთარ თავში.

   საათის წიკწიკი გესმის??
 
   ყოველ ჯერზე ახალი ამოვალ ტბიდან.  ...................................................
 
   ჩემი ჯდომის მანერა ნიშნავს, რომ მინდა გისმინო.
   მომიყევი:
   შენზე
   ქვიშებზე
   ნერვულ ძაფებზე
   კენგურუებზე
   სიმებიან ინსტრუმენტებზე
   დელფინებზე
   დამძიმებულ ვენებზე
   ფორმაშეძენილ ღრუბლებზე
   ფორმადაკარგულ ღრუბლებზეც
   უკან გამოხედვებზე
   არასოდეს გათენებებზე
 
   მომიყევი ავსტრალიაზე.
   მომიყევი კილიმანჯაროზე.
   მომიყევი აღმოსავლეთზე.

   მშვიდი ცურვა არ ნიშნავს თვალის არიდებას.

 
   

Friday, July 5, 2013

VII- I


   ამოვიჩემე!!

   აღარ მინდა დამალობანას თამაში.
   გამოდი რა. აღარ ვითვლი და არც ადგილიდან ვიძვრი, ხომ ხედავ, არა?? მოირბინე და დაადე ხეს ხელი.. დამასწარი. ოღონდაც გამოჩნდი.
 
   მყიფე ვხდები, როგორც კი ჩვენს შორის კედლები ეშვებიან. გალავნები.
   და გასაღებს როდესაც არ ტოვებ.
 
   ...............................

   მეგობარო,
   ჩვენს ერთ-ერთ ქუჩასთან აღმოვჩნდი რამდენიმე დღის წინ და სულის ამოსვლამდე მომინდა გამოჩენილიყავი, ჩვეული უდარდელი ნაბიჯებით..
   გადავაბიჯებდი ყველაფერს და გეტყოდი რომ დაგველია..
   რომ გველაპარაკა, თუნდაც მხოლოდ ერთხელ..
   რომ ისევ ვყოფილიყავი შენი მეგობარი, თუნდაც რამდენიმე საათით..
   მერე წავსულიყავით კინოს სახლში.

   შენ არ გამოჩნდი.

   ...............................

   დახუჭე თვალები.
   არ ამოვა დღეს მზე.
 
   ვის მოუვიდა აზრად არდაბადებული ბავშვების ძვლებისგან გალავანი აეშენებინა??

   ............................

   მეორეს შემდეგ მესამე აღარ იქნება. გპირდები.
   მე გეუბნები - ერთიც საკმარისია.
   შენ? შენ რას ამბობ პასუხად?

   ვიხილები და მოვდივარ.


Monday, July 1, 2013

უგანსაზღვრებობიდან


   სამყარო რომ ასეთი არ ყოფილიყო, დიდი იმედი მაქვს, რომ ვიქნებოდით ჩვენ, ანუ ჩვენ აუცილებლად ვიქნებოდით.
   არ გვერქმეოდა სახელები. არცერთს.
   შენ იქნებოდი - შენ.
   მეც ვიქნებოდი - შენ.
   განსხვავებული სქესის. ურთიერთამომვსებნი.
   დიდი იმედი მაქვს, რომ სამყაროს მსგავსად არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვიარსებებდით.
   არ ვილაპარაკებდით.
   ვიგრძნობდით ერთმანეთს - უბგერებოდ.
   უკიდურეს შემთხვევაში მოგიბრუნდებოდი და გულში გავიფიქრებდი ,,შენ".. და შემობრუნებით მივიღებდი პასუხს.
   შემდეგ კი ისევ ჩვეულად: თმის ღერებით, კანზე ოდნავი შეხებით, სულის შემობერვით, ერთმანეთთან გაბმული ძაფების შერხევით, ერთდროული გაფიქრებებით..

   მე დაგითმობდი მთელს ჩემს სამყაროს.. შენ გადმოინერგებოდი ჩემში..
   და მნიშვნელობას დაკარგავდნენ წლები.. მანძილები..სივრცეები..
   და ყოველთვის, მიუხედავად თვალთაარხედვისა, ჩვენ გვეცოდინებოდა რომ შენ არსებობ ჩემთვის და შენ არსებობს შენთვის..

   ..............................................................

   მინიშნებისთვის: ჩემს მარცხენა ხელისგულს ისევ ეტყობა შენი ზურგის ძვლების ფორმა.