Sunday, July 14, 2013

სხვა საბინადროში


   http://foveahex.bandcamp.com/track/carol
 
   დღეს ,,მხოლოდ დიდ ქვებზე დავაბიჯოთ"-ს ვთამაშობდით მე და გიორგი და მოვუყვებოდით გზას შენსკენ.
   რცხილების მწკრივთან, როგორც ადრე, ისევ ისე წვრილი კენჭების მონაკვეთი დაგვხვდა და ამჯერად გიორგი წაიქცა.. მე - არა. შენი ნასწავლი ბილიკი გამახსენდა.. მარცხნივ. გუბისკენ.
 
   როგორი სიმშვიდეა შენთან ახლა. სიჩუმე. ღრმა სიმწვანე. სიგრილე. ნესტიანი მიწის სუნი.
   რკინის დაჟანგული კარი ისევ ისე გახმიანდა. იდუმალად.
   არ მიყვარს შენთან სტუმრობა. აქ. და ყოველ ჯერზე ვცდილობ მალევე წამოვიდე.
 
   ჩამოვუარეთ ნაცნობებს. უცნობებსაც.
   ნაცნობების მოუვლელ საბინადროებზე გული ჩამწყდა. გამახსენდა, როგორ ჩუმდებოდი ხოლმე.

   საერთოდაც გამახსენდა:
   შენ მარჯვნივ იდექი და ხელიხელჩაკიდებულები მივყვებოდით გზას. არა - ქუჩას, არამედ - გზას. ყოვეთვის შორი მეჩვენებოდა. ჩემი სამი ნაბიჯი ხომ შენს ერთს უდრიდა.. და შენც დინჯად მიაბიჯებდი.. არადა, ახლა სულ რაღაც თხუთმეტი წუთის გზაა.. ახლა იმასაც ვხვდები რატომ გეღიმებოდა, შევისვენოთ-მეთქი რომ ამოგხედავდი..
   გზად ძირითადად ჩუმად მივდიოდით, სხვა გზებისგან განსხვავებით..
   მერე აღებდი რკინის კარს, რომელიც ყოველთვის იდუმალ ხმას გამოსცემდა.. თითქოს მის მიღმა სამყოფელში შესვლის ნებართვას გასცემდა.
   მერე ვსტუმრობდით ქალს, რომელსაც შენ ეძახდი დედას.. მე არასოდეს - ბებიას, იმიტომ, რომ არც კი მახსოვდა.. შენი ხელით ასუფთავებდი მის ეზოს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ამბავს მიყვებოდი. შემდეგ იმ კაცის ეზოს, რომელსაც შენ არ ეძახდი მამას.. იმიტომ რომ, შენც კი ვერ იხსენებდი მას. სამაგიეროდ, გახსოვდა, როგორ ინახავდა დედა მის დატოვებულ შეშას, რომელიც ომში წასვლის წინა საღამოს დაჩეხა იმ კაცმა და დაუბარა: რომ ჩამოვალ ამით გავაჩაღოთ კერიაზე ცეცხლიო.. ინახავდა ოდის სხვენში, სანამ, ერთხელაც, ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ფოსტალიონმა სამკუთხედად გადაკეცილი ქაღალდი არ მოიტანა..
   შემდეგ მიყვებოდი იმ უცნობთა საბინადროებზე, რომლებიც სრულიად გამოუცნობი მიზეზებით აღმოჩნდნენ ამ საერთო გალავანს შიგნით. დედისა და იმ უცნობი კაცის გვერდით. იმიტომ რომ დედამ უარი ვერ უთხრა უთვისტომოდ დარჩენილ ნაცნობებს..
   შემდეგ ჩამოვუვლიდით ძველ ნაცნობებს, შენს მეგობრებს.. ვჩერდებოდით სათითაოდ ყველასთან. მარჯვენა ხელზე ოდნავ მოჭერას ვგრძნობდი და ვიცოდი რომ ამ დროს არ უნდა მეკითხა არაფერი. რაც სათქმელი იყო, ისედაც ამბობდი.
   შემდეგ ჩემს ზურგსუკან ხურავდი, იდუმალხმიან ჟღრიალა კარს და ჩუმად მეტყოდი: არასოდეს მისცე თავს უფლება, ეს გზა დაივიწყო.

   დღეს გიორგისთან ერთად ჩამოვუარე ყველას.. ყველა კარი შევაღეთ.. ყველა წარწერა წავიკითხეთ.. და არ დამზარებია მის არცერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.. მიუხედავად იმისა, რომ ბევრზე ერთიდაიგივე პასუხი მქონდა: არ ვიცი. არ ვიცნობდი.ჩემამდე იყვნენ.

   შემდეგ გამოვიხურეთ იდუმალხმიანი, რკინის კარი და.. და მე არ მითქვამს გიორგისთვის, არასოდეს დაივიწყოს ეს გზა.. ოდნავ პატარა მეჩვენა ამისთვის. ალბათ, ამის დროც დადგება.

   შენც შეგეძლო არ გეთქვა თავის დროზე.. ყოველ ჯერზე.. თუმცა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდი ეს გზა ასე მალე თუ გახდებოდა ერთადერთი, რომლითაც შემეძლებოდა შენამდე მოვსულიყავი, მამა.
   თავისთავად.

 
 

No comments:

Post a Comment