Sunday, October 28, 2012

ადამიანთა უდაბნო

   ,,ღობის გადაღმა, ქუჩაში, ბავშვები თამაშობენ. ვერ ვხვდები რა თამაშია. თან ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ.. მათი ყურება კარგი შეგრძნებაა. ჩემი ბავშვობა მახსენდება.. სოფელში გატარებული, გაშლილი სივრცეებით, ტყის მიღმა ჩამოთოვლილი მთებითა და სილაღით სავსე, ჩემი ჯადოსნური ბავშვობა.. რას შვრები?"

   ,,ჩემი სახლის წინ რომ მდელოზე ნაკადულია, იმ ნაკადულს ორი თოლია ევლება თავს.. თითქმის არ ამოძრავებენ ფრთებს ისე ლივლივებენ ჰაერში.. ალბათ, რამხელა სიამოვნებაა ასე ფრენა.. რას უყურებ?"

   ,,დღეს მზეა.. ოდნავ ქარი ქრის და ამიტომ ვერ იტყვი თბილაო.. მე აივანზე ვზივარ ქუდით და კაშნეთი შეფუთული და ჰესეს ვკითხულობ.. დრო მზის ჩასვლამდე მაქვს.. მერე ისევ აცივდება.. რას აკეთებ ამ წამს?"

   ,,წეღან მეზობელი იყო გადმოსული.. ეზოში ვისხედით. თან ვთბებოდით და თან ვუყურებდი როგორ ქსოვდა წინდას. უნდა გასწავლოო მიმეორებს ჯიუტად ჩემთვის გაუგებარ ენაზე.. მეც ჩემს დიასახლისს ვთხოვ გადაუთარგმნოს, რომ აუცილებლად ჩამოვიტან ქალაქიდან ძაფებს და ჩხირებს და აუცილებალდ ვისწავლი ქსოვას მისგან.. იღიმება თავისთვის და ჩხირების და თითების საოცარი სისწრაფით მოძრაობას აგრძელებს.. პირველივე აზრი რაც თავში მომდის არის ის, რომ აუცილებლად მოგიქსოვ წინდებს. ლურჯს.. შიბიანს.. სად ხარ?"

   ,,დღეს დილას სკოლაში მივდიოდი სწრაფი ნაბიჯით.. უცებ ძალიან ნაცნობი ხმა გავიგონე. სანამ გავაცნობიერებდი, წამის მეასედში გულიც ამიჩქარდა.. ჩემი თმები ალაპარაკდნენ ისევ. ისევ ისე შრიალებენ ყურთან თავისებურად.. მეჩურჩულებიან ამბებს, მზის, ქარის მოყოლილს და შეგრძნება რომ სმენითი სიცარიელეა ჩემს ირგვლივ სადღაც ქრება.. ჩემი თმები ალაპარაკდნენ, აშრიალდნენ.. ძველებურად.. რა ისმის შენს ირგვლივ ახლა? ამ წუთას?"

   არ გამოგზავნილი sms-ების ფოლდერში გადავაწყდი ამათ.. ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რომ არ ღირს.. არ ღირს აგაფორიაქო. იქ, შენთან ხომ ადამიანთა უდაბნოა, როგორც შენ და ანტუანი ეძახით.. შენთვის ისედაც რთულია მანდ ყოფნა და აღარ მინდა დაგიმატო. ამიტომაც, ძალიან იშვიათად გეხმიანები და მაშინაც სხვათაშორის მოგიკითხავ ხოლმე. მშრალად ვიწერები და შეკითხვაზე თუ როგორ ვარ, მარტივი სიტყვით გპასუხობ: ,,კარგად". არადა, ბევრი, უამრავი რამის, უამრავი გამორჩეული ,,აღმოჩენის", შეგრძნების, ბედნიერების მოწერა შემიძლია..
   არ ღირს აგაფორიაქო.
   ..................................................................................................................................

   ,,მალე ჩამოდი რა.. ეს ადამიანთა უდაბნო უკვე გაუსაძლისია.."

Friday, October 26, 2012

ერთი ,,ჩვეულებრივი" საღამო

   ჩვეულებრივი?? ჰო. ერთი ჩვეულებრივი.. ყოველ შემთხვევაში, იქ და იმ წუთას, ასე აღიქმებოდა.. ახლა?? ახლა....................
   ..........................................................................................................
   ჩემგან მარცხნივ ზის, რაც უკევ უჩვეულოა, ვერ ვეგუები როდესაც ჩემგან მარჯვნივ სიცარიელეა.. ჩუმად არის.. სიგარეტს ეწევა.. ვუყურებ. ის - ჩამავალ მზეს.. მზის ოქროსფერი სხივები მის თმებს, ,,რაღაცნაირ" ფერს აძლევენ.. ვერც მაშინ დავარქვი სახელი.. სახეს დაუვარცხნელი, მაგრამ წეღან დაბანილი და შესაბამისად აფუმფულებული თმები უფარავენ.. მეღიმება.. მიყურებს და ისიც იღიმის.. მე ვეკითხები და ძალიან მარტივად ვიწყებთ ლაპარაკს თემაზე, რომელიც სხვებთან ყოველთვის ძალიან რთული ჩანს..
   ეზოს ბოლოდან დედა გვიახლოვდება და გვეუბნება, რომ სიამოვნებით გადაგვიღებდა სურათს, აპარატი რომ ჰქონდეს.. ორივეს გვეღიმება.. ერთი შეხედვით ზაფხულის მიწურულის მორიგი ჩვეულებრივი საღამოა..
   ვჩუმდებით. სიგარეტის კვამლს ვუყურებ.. მზის სხივები ბოლსაც კი სხვანაირ ელფერს სძენს.
   ...........................................................................................................
   რამდენიმე დღის შემდეგ, მე და მარი ისევ ერთად ვართ, დედა რეკავს და ორივეს გვესმის ფრაზა: ,,რამდენჯერაც სახურავისკენ გავიხედავ, მახსენდება როგორ ისხედით წასვლის წინა საღამოს და ყოველ ჯერზე შეგრძნება მაქვს, რომ სახურავს რაღაც აკლია"..
 
   

Wednesday, October 24, 2012

.

   არ მიყვარს როცა ასე ვარ..
   გვერდიდან ვხედავ საკუთარ თავს და ძალიან არ მომწონს ის ვიღაც, ვისაც ვუყურებ. მისი სახე არაფერს ამბობს, ვერც აზრს და ვერც ემოციას ამოიკითხავ მასში. დახურულია ყველა კარი და ფანჯარა. ჭუჭრუტანებიდან კი სიბნელე მოჩანს.
   არ მიყვარს ჩემი თავი ასეთი.

   ალბათ ასე, ორი კვირის წინ იყო, ძალიან გვიან ღამე, რომ ვიჯექი საკუთარ ოთახში და ის ვისაც ანარეკლში ვუყურებდი, საერთოდ არ შეესაბამებოდა იმას, ვინც აქედან იყურებოდა.. გამიკვირდა. მერე მივხვდი რომ ურთიერთგამომრიცხავი იყო. ორივე ერთად ვერ ვიქნებოდი და...
   ალბათ ასე, ორი კვირის წინაც ასე ვიყავი. საკუთარ თავში ჩამალული და უკონტაქტო.

   როცა ასე ვარ, მირჩევნია რომ ჩემთვის ვიყო.. არ ვილაპარაკო, არ ვიურთიერთო, არ ვუპასუხო, არ მივწერო, არ დამირეკოს და რაც მთავარია არ მკითხოს არავინ, თუ როგორ ვარ, რადგან ხმაზე ეგრევე მეტყობა, რომ ჩემი ნათქვამი ,,არამიშავს" ერთ-ერთი დიდი ტყუილია, რაც კი ოდესმე მითქვამს.. ჰოდა, ამ დროს უბრალო ჩემთვის ყოფნა ყველაზე სწორი გამოსავალია.

   ადრე მეგობარმა მასწავლა, მასე რომ იქნები, ძალიან ძალიან მძიმე ფილმს უყურე, ან რამე ძალიან მძიმე წაიკითხე და აუცილებლად გამოიტანსო შენს განწყობას გარეთ..
   ფილმების მარაგი ამომეწურა-მეთქი, მივადექი ერთხელ.. ვერ გცნობო მიპასუხა..

   მერე ისიც წავიდა.
   

სექტემბრისფერი

   ახლა აქ რომ იყო, გეტყოდი, რომ ის სექტემბრისფერი მზე ხარ, მალე რომ მთებს მიეფარება..
   გვერდზე რომ მეჯდე, გეტყოდი, რომ იმ თეთრი ცხენივით ხარ, მინდორში, პატარა ნაკადულის პირას რომ ბალახობს და შეხედვისას რეალობის განცდას რომ მიკარგავს..
   ჩემგან მარჯვნივ რომ იყო, გეტყოდი, რომ ეს სოფლური საღამო მხოლოდ ჩვენია, თავისი გრილი ნიავით, თბილი მზის სხივებით, ველებზე მომუშავე ადამიანებით, შორს მოგუგუნე ტრაქტორით, სახლში მიმავალი ცხვრის ფარითა და თივის ზვინებით.. რომ ეს ის საღამოა, რომელსაც არაერთხელ გავიხსენებთ. გავიხსენებთ და გახსენებისას ისევ მოიტანს ამ სუნს, ისევ გავიგონებთ მთიდან ჩამომავალი წყლის ხმაურს და თმებს ისევ ისე აგიშლის საღამოს ნიავი.. შენს თმებს. ამ მზეზე გამოუთქმელფრად თბილს..
   ახლა აქ რომ იყო, აუცილებლად დავინახავდით ორივე, როოგრ ემშვიდობებიან წეროები მორიგ დღეს..
   ახლა აქ რომ იყო..
   აქ რომ იყო..
   აქ რომ..
   აქ..
   ......................................................................................................................
   ჩემგან მარჯვნივ მხოლოდ შენი შეგრძნებაა.
   
 

Saturday, October 20, 2012

ინ.. გახსოვს??

http://www.youtube.com/watch?v=OBdnzmJKZ9M 
 ინ, გახსოვს, იყო პერიოდი, როდესაც სულ გვერდზე იყავი. არასოდეს მიჩნდებოდა სურვილი რომ შემემოწმებინა სად იყავი. უბრალოდ, ვიცოდი, მარჯვნივ გამოვიხედავდი და დაგინახავდი..
   ინ, ორჯერ ერთნაირი არ მახსოვხარ..
   ჩვენს ურთიერთობას სახელს ვერ უძებნიდნენ სხვები. მათ არ ესმოდათ როგორ ვძლებდი შენს გვერდით საათების, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში უსიტყვოდ. ისინი ვერც გაიგებდნენ, ინ.. მათ შენი თითების, წამწამების, ტუჩის კუთხეების, სუნთქვის, გულისცემის, სხეულის, თმების ენა არც არასოდეს ესმოდათ.. ისინი ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ, ინ.. მათ შენი მუსიკაც კი არ ესმოდათ. ასე ამბობდნენ: ცხოვრება ისედაც რთულიაო..
   ისინი ვერც ვერასოდეს გაგიგებდნენ, ინ..

   მერე იყო პერიოდი, როდესაც გეძებდი ჩვეულ ადგილებში და ვერაფრით გპოულობდი. აგონიაში მყოფივით ვაცეცებდი თვალებს ხიდებზე, მოაჯირებზე, ღია ფანჯრებში, მდინარის შრიალში, ხეების ტოტებზე, საკუთარ ხელებზე და ვერსად გპოულობდი.. საკუთარ თავშიც კი.

   შემდეგ იყო პერიოდი, უშედეგო ძებნისგან ჩემდაუნებურად რომ ჩავიქნიე ხელი და ერთ ადგილას გავიყინე. როდესაც მეგონა, რომ საერთოდ არც არასოდეს არსებობდი, რადგან შენგან დატოვებულ ძაფებს ვექაჩებოდი და არ იჭიმებოდნენ, მიწაზე მიცოცავდნენ..
   და მე გავიყინე, ინ.
   ...........................................................................

   ახლა რომ მკითხო, უფრო სწორად, რომ ვკითხო საკუთარ თავს, თუ როდის დაბრუნდი მშვიდ,  ისევ ყოვლისმომცველ შეგრძნებად - არ ვიცი. ზუსტად ვერც გეტყვი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთებში ისევ გვერდზე იყავი. მერე? - არც არაფერი.. ისევ აქ ხარ და უკვე სიმშივდე მოაქვს იმ აზრს, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია შემოგეხიზნო.. შევეხიზნო შენს თმებს.
   ....................................................................................
   ინ, წეროები გახსოვს? ჩვენი სხვენის წეროებს რომ ვეძახდით. სხვენის დიდი, სამკუთხა ფანჯრიდან რომ მთელი თვე ვაკვირდებოდით და ვსწავლობდით მათ ჩვევებს....
   ისევ ისეა, ინ.. მაგრამ, არა ისევ იქ. მე ყოველ საღამოს ვუყურებ აივნიდან, ან ჩემი ოთახის ფანჯრიდან, გზის გადაღმა, ბოძზე აშენებულ ბუდეში მცხოვრებ წეროს. მზის ჩასვლამდე დაახლოებით სამი-ოთხი წუთით ადრე იწყებს ირაოს.. ძალიან შორიდან.. რაც შეუძლია მაღლა აფრინდება, რომ რაც შეიძება დიდხანს იფრინოს თავისუფლად, ფრთების გაუძრევლად.. მისი ირაოს ყურებისას, როდესაც თვალებს არ ვახამხამებ (როგორც შენ მასწავლე), რამდენიმე წამი ასე მგონია გრავიტაციის კანონი ირღვევა და მეც ჰაერში ვარ.. რამდენიმე წამით..
   ყოველ ჯერზე მშურის მისი.. ახლა არ გამოვიხედავ მარჯვნივ, იმიტომ რომ ვიცი, წარბები გაქვს შეკრული და თმა ჩამოშლილი, რომ მე შენი პროფილი ვერ დავინახო.. ჰო, უარყოფითი თვისებები ისევ ისე მახასიათებს, არ შევცვლილვარ..
   ნეტავ, სად არიან ჩვენი სხვენის წეროები?
   ..................................................................................
   შენთვის არასოდეს მომიყოლია, ინ, სულ მეგონა რომ ისედაც იცოდი.. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მაშნაც, ბავშვობაში, როდესაც წეროები მე და ჩემ დას დედამ შეგვაყვარა, სადღაც იქვე იყავი..
   დედა, როგორც კი წეროს დაინახავდა, ბაბუს სახლისკენ მიმავალ გზაზე, ჭაობების ზემოთ, გვაჩერებდა და შეხედეთო გვეტყოდა. ჩემი და ბურდღუნით აგრძელებდა გზას, მე - ვჩერდებოდი და ვუყურებდი არა აფრენილ, ან ცალ ფეხზე მდგომ წეროს, არამედ - დედას, რომელიც სულ სხვანაირი იყო იმ რამდენიმე წამის, ან წუთის განმავლობაში. ხელებჩამოშვებული, თმებმოფრიალე, ცისკენთვალებაპყრობილი, სუნთქვაშეკრული..
   წეროს სიყვარული დედამ გვასწავლა მე და ჩემს დას (ჰო, მე და ჩემ დას.. რომელიც მაშინ, ბავშვობისას, ყოველ ჯერზე ბუზღუნ-ბურდღუნით აგრძელებდა გზას, მაგრამ დღეს, წეროს ხსენებისას, ან ჩემს ოთახში ქაღალდის წეროების დანახვისას, რამდენიმე წამით სრულიად ითიშება და იღიმის), თუკი ამქვეყნად რამის სიყვარულის სწავლება სხვისთვის საერთოდ შესაძლებელია.. წეროს ჩვევები - შენ. . ჩვენთან. სხვენში.
   .................................................................................

   ჩემს ოთახში ისეთი სიჩუმეა, საკუთარი სისხლის მიმოქცევა მესმის ყურებში ხმამაღალ  შიშინად. ეს სწორედ ის შიშინია, ნიჟარას რომ მივიდებდით ყურებთან და თავს ვიტყუებდით ნიჟარაში ზღვის ხმა არის ჩაბუდებულიო. ჰო, ინ, არც ამჯერად გამოვიხედავ მარჯვნივ..
   ალბათ მთავარი მაინც ის არის რომ ხარ. რომ მე წინასწარ ვიცი შენი რეაქცია ჩემს თითოეულ ნაფიქრზე და ხან ვიყურები, ხან არ ვიყურები მარჯვნივ..
   ..............................................................................

   ინ, ჩვენი სხვენის წეროები ხომ არასოდეს მიგიტოვებია??
 

Monday, October 15, 2012

* * *

   ჯავახეთში ვარ.. მზინი ამინდია.. სახლის უკან, მთებისკენ, ფიჭვნარში ვზივარ.. წინ ძალიან ფართო, დაუსრულებელი სივრცეა.. სივრცე.. და უწყვეტობის შეგრძნება.. სახლებისგან შორს.. განწყობის შესაბამისი მუსიკა, მსუბუქი http://soundcloud.com/zurgi/zurgi-think 
   დაბლა, ადამიანები რომ პატარა კაცუნებივით მოჩანენ ისეთ მანძილზე, კარტოფილს იღებენ.. ერთ-ერთი ჩემი მოსწავლეც ეხმარება :) ჩემი მოსწავლე.. მე - მასწავლებელი :) ყველაზე სასაცილო და უჩვეულო შეგრძნება ბოლო პერიოდის განმავლობაში..
   უფროუფრო შორიდან ტრაქტორის გუგუნი ისმის.. 
   მარცხნიდან მზე და გზა, რომელსაც ყოველ დილით გავდივარ და შუადღისას ვბრუნდები, სკოლიდან.
   მარჯვნივ, ძალიან, ძალიან შორს, ფარავნის მთა - ჩამოთოვლილი.. 
   ორი დღეა ძალიან თბილი და მზიანი ამინდებია.. შეგრძნებას ტოვებს, თითქოს გამოსამშვიდობებლად.. აქ ასე ამბობენ, ერთხელ რომ ჩამოთოვს მერე გაზაფხულამდე მზე აღარ იქნებაო.. ვცდილობ არ ვიფიქრო ამ ფაქტზე.. მართალია, წვიმა და თოვლი ძალიან მიყვარს, მაგრამ სულსულ უმზეობა.....

   ყოველთვის მინდოდა ასე ვმჯდარიყავი ადამიანებისგან შორს და მეწერა რამე.. :) და არ შევმცდარვარ - ძალიან კარგი შეგრძნებაა..

   ეს პოსტი კი ნამდვილად დიდი ვერაფერი.. როგორც ყოველთვის, კარგად ყოფნისას - დიდი ვერაფერი, უბრალოდ დაყრილი ფაქტები..

   

   

Thursday, October 11, 2012

ინ.. დღეს მე გავჩუმდები

   ინ, მოდი დღეს მე გავჩუმდები და შენ ილაპარაკე..
   ვიცი, რომ გაჩუმება სიმშვიდეს არ ნიშნავს, მაგრამ რაც შემიძლია ახლა ეს არის..
   ინ, მომიყევი როგორია იქ.. მზესთან.. მეც მომიყევი ამბები რომელიც ქარს დააქვს შენთან..
   ინ, საღამოობით რომ შენთვის მთელი დედამიწა უკრავს სიმფონიას, მომასმენინე რა.. ხელისგულები მომადე ყურზე და მიწილადე თუნდაც მხოლოდ მეორე ნაწილი ოთხიდან.. ჰო, ზუსტადაც რომ იმიტომ, რომ მეორე ყველაზე მშვიდია..
   ინ, მდინარეების ენას ხომ მასწავლი ოდესმე?
   ინ, ისევ ისე იყავი თუ გინდა.. სიმშვიდის საუკუნის შვილი.
   ინ, აქ უშენობაა. და მე ყოველ საღამოს ველაპარაკები შენს დატოვებულ წეროს. იმედს არ ვკარგავ რომ ოდესმე ჩემი სიტყვები შენამდეც მოაღწევენ.. ოდესმე. სხვა თუ არაფერი, ამ ქაღალდის წეროს დავწვავ და ქარს გამოვატან ფერფლს ამბებად.. 

   ა მო სუნ თქვა..
   
   Archive - Things going down

Wednesday, October 10, 2012

რეალობა

   გიკვირს როგორ შემიძლია ასე.
   აი, ასე, უბრალოდ, შემიძლია და მორჩა. როგორ? არ მაქვს ამაზე პასუხი. აი, ასე, მარტივად, შემიძლია რომ საერთოდ აღარაფერს ვგრძნობდე.. მართლა არ ვიცი ეს როგორ გამომდის. თავისით ხდება. როგორც კი ვგრძნობ რომ უმცირესი ნაწილითაც კი ვიღაცა შეეხო ჩემს თავისუფლებას და მოთხოვნები გაჩნდა.. აი, ზუსტად მანდ მთავრდება ყველაფერი და ერთადერთი რამ რაც მაინტერესებს საკუთარი, ეგოისტური თავისუფლებაა.
   შენ ისევ ვერ იგებ რა ჯანდაბად ამოვიჩემე ეს თავისუფლება. და საერთოდაც ვერ ხვდები რატომ მესმის ასე განსხვავებულად ეს სიტყვა.
   ვერც აგიხსნი. ამას უბრალოდ ვგრძნობ და მემილიონედ გავიმეორებ რომ შესაძლოა ეს სულაც არ არის ,,ნორმალური". რომ ეს ავადმყოფური აღქმაა რაღაცის. მაგრამ ეს ასეა ჩემში.
   შენ ისევ შემომედავები, რომ თუ ამას ვუშვებ რატომ არ ვცდილობ რაციონალურად შევხედო ამ საკითხს.
   მე კი ისევ იმ ღიმილით, რომელსაც ვერ იტან, უდარდელად გიპასუხებ, რომ ფეხებზე მკიდია ეგ თქვენი რაციონალურობა, თქვენი ლოგიკურობა. ეს შეგრძნება იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებს რომ ამად მიღირს. და რა გასაკვირია რომ არ მინდა სადმე გავუშვა.
   შენ რომ გეტკინა? ახლა რომ გტკივა?
   ვიცი. ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი. მართლა ყველაფერი ვიცი. ისიც ვიცი როგორი მძიმე გადასატანია ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ გამომიცდია. იმიტომ რომ მეც დამიკარგავს, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია. მაშინ უნდა ვითამაშო და ამ თამაშით ყველაფერს უნდა გადავუსვა ხაზი რაც კი კარგი იყო.. რაც კი საოცარი იყო.. ისიც, ვიცი რომ ესეც არ გესმის. როდესაც ვამბობ რომ საოცრება იყო და მუდმივად რომ მეკითხები, თუ ეგრე იყო  მაშინ რატომ მომინდა რომ დამემთავრებინა.. ისევ იქ მივდივართ, რომ რაღაც მომენტში ჩარჩოები დავიწროვდა, თან იმდენად რომ მხრებზე, თმებზე ვიგრძენი მათი შეხება.. ჰოდა, წამოვედი. იმდენჯერ და იმდენივესგან წამოვედი, რამდენჯერაც ეგ ვიგრძენი. და არასოდეს ვიხედებოდი უკან. დარწმუნებული ვარ მომავალშიც ეგრევე წამოვალ.
   მერე ჩვენ?
   ჩვენ რომ აღარ არსებობს.
   ჰო.. ახლა ვიცი რომ დაბლა იყურები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტკინა და ისევ აგევსო თვალები ცრემლებით.
   არც იარსებებს.. იყო. დროის რაღაც მომენტში. მზიან, თბილ ოთახნახევრიან ბინაში იყო. ჰო, ის საოცრება. მაგრამ დამთავრდა.
   ისევ ვერ იგებ, როგორ შეიძლება ის ნამდვილი ყოფილიყო და დამთავრებულიყო.
   ჰო, ნუ გიკვირს რომ შუბლს ვიკრავ და არაფერს გპასუხობ. რა გითხრა აბა?! ყველაზე დიდ შეურაცხყოფას მაყენებ მაგის თქმით და თან მერამდენედ. არგუმენტად კი გაქვს სრულიად არარაციონალური ფრაზა რომ ასეთი რამეები არ მთავრდება.
   რადგან არარაციონალურობამდე მივედით ისევ.. მაშ, დამტოვეთ ჩემს სრულიად აუხსნელ, ალოგიკურ და ირაციონალურ თავისუფლებასთან მარტო.

Tuesday, October 9, 2012

ამოჩემებული ადამიანები

   ის ერთხელ მომიბრუნდა და მითხრა, რომ ცუდი საქციელია ადამიანების ამოჩემება, რომ არ აქვს მნიშვნელობა მათ ცუდი თუ კარგი მხრივ ამოვიჩემებ. რომ ეს არასწორია და ორივე მხარისთვის საზიანოა..
   მე პასუხი არ გავეცი.. რადგან მომიწევდა ამეხსნა.. მე კიდევ ლაპარაკი მეზარებოდა.

   ახლა ის აქ აღარ არის. მობეზრდა ჩემგან განსაკუთრებულად აღქმა და წავიდა.

   მე კი არ შევცვლილვარ.. ისევ ისე, ვიჩემებ ადამიანებს.. ძალიან კარგად მომეხსენება მათზე ყველაფერი, მაგრამ რაზეც მინდა თვალებს ვხუჭავ.. ან პირიქით - ფართოდ ვახელ.. ასე მომწონს.. 

   შემდეგ ვცოვრობ ამ ადამიან-ილუზიებთან ერთად და ამავდროულად ძალიან კარგად მომეხსენება რომ ეს მხოლოდ ილუზიაა.. 

მაგრამ თუ ეს ილუზია ცხოვრებას მილამაზებს??

Monday, October 8, 2012

არც არაფერი


   ახლა ისე ვარ, შენ რომ მომიტრიალდებოდი და მეტყოდი, რამე ხდება? ჩემგან რომ პასუხს ვერ მიიღებდი და გაბრუნდებოდი.. როგორც ყოველთვის.
   სიცივეებია აქეთ.. ვერ გეტყვი რომ სული მიჭერს, ვერც იმას, რომ კარგად ვარ, ან ცუდად ვარ.. საერთოდაც ვერც ვერაფერს გეტყვი ალბათ..
   მზე აღარ ჩანს საერთოდ და ახლა გაცილებით რთულია იმის წარმოდგენა რომ სადღაც აქ ხარ.
  ან იქნებ არც ხარ.
  და მგონი ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს..

   მე მიყვარს შენი მოულოდნელი გამოჩენები, როდესაც წარმოდგენა არ მაქვს სად და როგორ.. როდესაც არ იქცევი სხვებივით და არ თამაშობ ,,ვერ გიცანი"-ს.. ,,დამავიწყდი"-ს..

   და მაინც.. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ.. უფრო სწორედ, როდესაც გადაწყვიტე რომ არ წავსულიყავით არსად.. საერთოდ არსად.. საერთოდსაერთოდ.. მაშინ შეგვეშალა ყველაზე მეტად.. როდესაც დროს მივეცით უფლება, რომ ექნა ნებისმიერ რამ, რაც გაუხარდებოდა..
   ჰოდა, ვიყოთ ახლა ასე..

   იქნებ სულაც არ აქვს აზრი ახლა ამ ლაპარაკს?? ვინ იცის.. მე მჭირდება და ეგ არის ალბათ..

   დღევანდელი დილა ჩვეულებრივად დაიწყო.. არაფერი განსაკუთრებული. რომ არ დაერეკათ, ჩამეძინებოდა.. მერე მოვიცვი შენი საყვარელი ჟაკეტი..

   მორიგი, ჩვეულებრივი დილა..

   სულ ეს არის..


   აჰა, შენ.. აი ჩვენ.. http://www.youtube.com/watch?v=23adkgoo8Jk