Saturday, October 20, 2012

ინ.. გახსოვს??

http://www.youtube.com/watch?v=OBdnzmJKZ9M 
 ინ, გახსოვს, იყო პერიოდი, როდესაც სულ გვერდზე იყავი. არასოდეს მიჩნდებოდა სურვილი რომ შემემოწმებინა სად იყავი. უბრალოდ, ვიცოდი, მარჯვნივ გამოვიხედავდი და დაგინახავდი..
   ინ, ორჯერ ერთნაირი არ მახსოვხარ..
   ჩვენს ურთიერთობას სახელს ვერ უძებნიდნენ სხვები. მათ არ ესმოდათ როგორ ვძლებდი შენს გვერდით საათების, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში უსიტყვოდ. ისინი ვერც გაიგებდნენ, ინ.. მათ შენი თითების, წამწამების, ტუჩის კუთხეების, სუნთქვის, გულისცემის, სხეულის, თმების ენა არც არასოდეს ესმოდათ.. ისინი ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ, ინ.. მათ შენი მუსიკაც კი არ ესმოდათ. ასე ამბობდნენ: ცხოვრება ისედაც რთულიაო..
   ისინი ვერც ვერასოდეს გაგიგებდნენ, ინ..

   მერე იყო პერიოდი, როდესაც გეძებდი ჩვეულ ადგილებში და ვერაფრით გპოულობდი. აგონიაში მყოფივით ვაცეცებდი თვალებს ხიდებზე, მოაჯირებზე, ღია ფანჯრებში, მდინარის შრიალში, ხეების ტოტებზე, საკუთარ ხელებზე და ვერსად გპოულობდი.. საკუთარ თავშიც კი.

   შემდეგ იყო პერიოდი, უშედეგო ძებნისგან ჩემდაუნებურად რომ ჩავიქნიე ხელი და ერთ ადგილას გავიყინე. როდესაც მეგონა, რომ საერთოდ არც არასოდეს არსებობდი, რადგან შენგან დატოვებულ ძაფებს ვექაჩებოდი და არ იჭიმებოდნენ, მიწაზე მიცოცავდნენ..
   და მე გავიყინე, ინ.
   ...........................................................................

   ახლა რომ მკითხო, უფრო სწორად, რომ ვკითხო საკუთარ თავს, თუ როდის დაბრუნდი მშვიდ,  ისევ ყოვლისმომცველ შეგრძნებად - არ ვიცი. ზუსტად ვერც გეტყვი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთებში ისევ გვერდზე იყავი. მერე? - არც არაფერი.. ისევ აქ ხარ და უკვე სიმშივდე მოაქვს იმ აზრს, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია შემოგეხიზნო.. შევეხიზნო შენს თმებს.
   ....................................................................................
   ინ, წეროები გახსოვს? ჩვენი სხვენის წეროებს რომ ვეძახდით. სხვენის დიდი, სამკუთხა ფანჯრიდან რომ მთელი თვე ვაკვირდებოდით და ვსწავლობდით მათ ჩვევებს....
   ისევ ისეა, ინ.. მაგრამ, არა ისევ იქ. მე ყოველ საღამოს ვუყურებ აივნიდან, ან ჩემი ოთახის ფანჯრიდან, გზის გადაღმა, ბოძზე აშენებულ ბუდეში მცხოვრებ წეროს. მზის ჩასვლამდე დაახლოებით სამი-ოთხი წუთით ადრე იწყებს ირაოს.. ძალიან შორიდან.. რაც შეუძლია მაღლა აფრინდება, რომ რაც შეიძება დიდხანს იფრინოს თავისუფლად, ფრთების გაუძრევლად.. მისი ირაოს ყურებისას, როდესაც თვალებს არ ვახამხამებ (როგორც შენ მასწავლე), რამდენიმე წამი ასე მგონია გრავიტაციის კანონი ირღვევა და მეც ჰაერში ვარ.. რამდენიმე წამით..
   ყოველ ჯერზე მშურის მისი.. ახლა არ გამოვიხედავ მარჯვნივ, იმიტომ რომ ვიცი, წარბები გაქვს შეკრული და თმა ჩამოშლილი, რომ მე შენი პროფილი ვერ დავინახო.. ჰო, უარყოფითი თვისებები ისევ ისე მახასიათებს, არ შევცვლილვარ..
   ნეტავ, სად არიან ჩვენი სხვენის წეროები?
   ..................................................................................
   შენთვის არასოდეს მომიყოლია, ინ, სულ მეგონა რომ ისედაც იცოდი.. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მაშნაც, ბავშვობაში, როდესაც წეროები მე და ჩემ დას დედამ შეგვაყვარა, სადღაც იქვე იყავი..
   დედა, როგორც კი წეროს დაინახავდა, ბაბუს სახლისკენ მიმავალ გზაზე, ჭაობების ზემოთ, გვაჩერებდა და შეხედეთო გვეტყოდა. ჩემი და ბურდღუნით აგრძელებდა გზას, მე - ვჩერდებოდი და ვუყურებდი არა აფრენილ, ან ცალ ფეხზე მდგომ წეროს, არამედ - დედას, რომელიც სულ სხვანაირი იყო იმ რამდენიმე წამის, ან წუთის განმავლობაში. ხელებჩამოშვებული, თმებმოფრიალე, ცისკენთვალებაპყრობილი, სუნთქვაშეკრული..
   წეროს სიყვარული დედამ გვასწავლა მე და ჩემს დას (ჰო, მე და ჩემ დას.. რომელიც მაშინ, ბავშვობისას, ყოველ ჯერზე ბუზღუნ-ბურდღუნით აგრძელებდა გზას, მაგრამ დღეს, წეროს ხსენებისას, ან ჩემს ოთახში ქაღალდის წეროების დანახვისას, რამდენიმე წამით სრულიად ითიშება და იღიმის), თუკი ამქვეყნად რამის სიყვარულის სწავლება სხვისთვის საერთოდ შესაძლებელია.. წეროს ჩვევები - შენ. . ჩვენთან. სხვენში.
   .................................................................................

   ჩემს ოთახში ისეთი სიჩუმეა, საკუთარი სისხლის მიმოქცევა მესმის ყურებში ხმამაღალ  შიშინად. ეს სწორედ ის შიშინია, ნიჟარას რომ მივიდებდით ყურებთან და თავს ვიტყუებდით ნიჟარაში ზღვის ხმა არის ჩაბუდებულიო. ჰო, ინ, არც ამჯერად გამოვიხედავ მარჯვნივ..
   ალბათ მთავარი მაინც ის არის რომ ხარ. რომ მე წინასწარ ვიცი შენი რეაქცია ჩემს თითოეულ ნაფიქრზე და ხან ვიყურები, ხან არ ვიყურები მარჯვნივ..
   ..............................................................................

   ინ, ჩვენი სხვენის წეროები ხომ არასოდეს მიგიტოვებია??
 

No comments:

Post a Comment