Tuesday, April 5, 2016

კატ-მან-დუ..


   მა,

   შენ დაგავიწყდა გესწავლებინა, რა უნდა გავაკეთო ასეთ დროს.. როდესაც მინდა, გელაპარაკო, როდესაც მონატრება ყელში მაწვება და შენზე მოგონებები თვალებიდან მოცურავენ.. როდესაც, ვცდილობ, დაგინახო და ვერ.. როდესაც მინდა, რომ გვერდზე იჯდე და არ.. როდესაც..

   მა, შენ, ალბათ, ვერ მოასწარი გეთქვა, რა უნდა გავაკეთო მაშინ, როდესაც ვხვდები, რომ მავიწყდები, ვხვდები, რომ ხელიდან მისხლტები.. არა - ეგ ადრე მოხდა.. როდესაც შენთან დაკავშირებული ძაფები წყდებიან.. მირჩევნია ვერასოდეს მივხვდე, რომ ბოლოც..

   მა, მე მიყვარს რჩეულიშვილი. მაგრამ მერჩივნა მყვარებოდა იმიტომ, რომ შენ ამიხსნიდი რაღაცებს, შენ წამიკითხავდი მოთხრობებს და არამხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, ძალიან გიყვარდა.. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ მიზეზით არა, მაგრამ უფრო მეტად ამიტომ..

   მა, ფოფიმ მითხრა: მამა მომენატრაო?! მე კი შენ გეკითხები: რატომ არ მასწავლე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთ დროს?? რა უნდა მეთქვა?? ........... ზურგით ვიწექი.. საბანი გავისწორე და ცივად ვუთხარი: კაი, ერთი-მეთქი.. მეტი ვერაფერი.. მერე რატომღაც ყელში მომდგარი ცრემლების ყლაპვას მოვუნდი მთელი ღამე დაუსრულებლად..

   მა, სოფელში მე შენს საწოლში მძინავს.. რატომღაც ისე მოხდა, რომ არც გასჩენია სხვას რაიმე სხვა იდეა.. შენი მაგიდა დგას გვერდზე და ფანჯრებიდან ისევ ისე მოჩანს ლურჯი, ლურჯი, ლურჯი ცა.. რომელიც მარტო ჩვენი ფანჯრებიდანაა ასეთი.. ლურჯი.

      მა, ალბათ ისევ ისეთი სიამოვნებით დავჯდებოდი ბუხართან ზამთარში და ძალიან დიდი ხანი არ მოვაცილებდი თვალს ფანჯრებიდან თოვას.. მოვუსმენდი ფიფქებს.. მერე ადგილს შევინაცვლებდი, რადგან ამ მხრიდან ძალიან დამცხებოდა.. და თვალდახუჭული ღრმად შევისუნთქავდი ხის ოდის სუნს, რომელიც შენი ბავშვობიდან მოდის.. მაგრამ, მა, ის სახლი შენი დასაფლავების ღამეს დაიწვა.. ისე წაეკიდა ცეცხლი, რომ ვერავინ გავიგეთ.. და მე ვეღარ მოვასწარი ბებოს ნაქონი ტახტის - რომელიც ასე გიყვარდა, მართალია გაფუჭებული, მაგრამ მაინც - გუგულიანი საათის და რუკების გამოტანა.. მა, ის ხომ ჩვენი რუკები იყო.. საქართველოს რუკაზე კუთხეების მიხედვით  სახასიათოდ ჩაცმული ადამიანები ეხატა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა კი..

   კატ-მან-დუ..
   კატ-მან-დუ..
   კატ-მან-დუ..
   კატ-მან-დუ..
   რატომღაც რუკაზე საჩვენებელი ჯოხი (სინამდვილეში - ფარდის გადასაწევი) ყველაზე ხშირად ამ ქვეყანას ხვდებოდა.. ქვეყანას, რომლის დედაქალაქიცაა კატმანდუ.. შენ მერე იცინოდი, მე რომ ასე ხშირად ვიმეორებდი და ვმარცვლავდი ამ სიტყვას.. და მა, თვალებთან კეთილი ნაოჭები გიჩნდებოდა სიცილისას..

   მა, ტყეში, სოფლიდან შორს, შეშაზე წასვლა მომენატრა.. გზად მშვიდი სიარული.. როცა ვლაპარაკობდით. აღარ მახსოვს, რაზე.. მერე მე უმეტესად ნაკადულთან ვთამაშობდი, ტყის სიღრმეში, ხევში, სანამ შენ ხმელ და წაქცეულ ხეებს წამოსაღებად ამზადებდი.. ყოველთვის იყო ჩემთვისაც პატარა, თოკით შეკრული ფიჩხები, რომ მე მცოდნოდა, საქმისთვის ვიყავი წამოსული, ისე კი არა.. მერე აქეთობისას.. უკვე დაღამებულზე.. შენ ჩუმად უსტვენდი ფილმებიდან მელოდიებს.. მგონი, უმეტესად ქართული ფილმებიდან.. ცაზე კი ვარსკვლავები.. და მე დღემდე ცაზე ყოველთვის ამ თანავარსკვლავედს ვეძებ პირველად - შემდეგ დანარჩენებს.. ვპოულობ დიდი დათვის თანავარსკვლავედს და ვიცი, რომ ეს ცა მშობლიურია.. რომ ამ თანავარსკვლავედს მიღმა, სადღაც შენი აჩრდილი ილანდება.. რომ მე არასოდეს ამერევა გზა, თუკი ვხედავ დიდ დათვს..


   - კატ-მან-დუ.. კატ-მან-დუ.. კატ-მან-დუ..
   - ................
   - კატ-მან-დუ.. კატ-მან-დუ..
   - ჰო, კატმანდუ :) ნეპალის დედაქალაქი.
   - კატ-მან-დუ.. კატ-მან-დუ..
   - ჩემი კატმანდუ გოგონა.

 
 



   (2008წ.)