Thursday, January 16, 2014

მეგობარს.


   https://www.youtube.com/watch?v=5ZUw78FXpG4

   შენ ხომ გესმის, რას ნიშნავს გინდოდეს არაფერი.
 
   რომ არ (ვ)ყვები.
   რომ არ (ვ)სუნთქავ.
   რომ არ (ვ)(ხ)არ.
   შენ ხომ მაინც გესმის ჩემი არსებობა?

   არსებობენ კადრები, რომლებიც არასოდეს ამოდიან თვალის უპეებიდან. არასოდეს ინაცვლებენ ტვინის ხვეულებში.
   არსებობენ სიჩუმეები, რომლებიც არასოდეს გვავიწყდებიან, რომლებიც არასოდეს გვინდა გაგვახსენდეს, რომლებიც შანთებივით ტრიალებენ შიგნით.
   არსებობენ წარსულის მოვლენები, რომლებიც არასოდეს გვტოვებენ.
   შეუძლებელია, შენ ეს ყველაფერი არ გეცნობოდეს.

   ჩვენი დრო იმ წამით ადრე გაჩერდება, რომლის შემდეგაც სინანულით უნდა გავიხსენოთ ვერახდენილი ოცნებები. და დაგველოდება, როგორც ინდიელები ელოდებიან თავიან სულებს. ჩამორჩენილებს.
   მე მხოლოდ შენს გზებზე ვარ ლურჯი გოგო, რომელიც ერთხელაც გაფრინდება.. ამიტომ, მე სულ მჭირდება შემახსენო ამ გზების არსებობა.

   და მაინც, მიუხედაცად ყველაფრისა, არსებობას რომ განვაგრძობთ, ეს უკვე მიუთითებს ბევრ რამეზე.
   ე.ი. საჭირონი ვართ.
   ე.ი. ცოტაც უნდა გავძლოთ.
   ე.ი. ფუჭი არ არის ჩვენი გაელვება ამ სივრცეში.
   და ე.ი. ჩვენი ოცნებები ნამდვილად არ დარჩებიან ოცნებებად.

   ახლა რომ ვფიქრობ, ერთი წლის წინანდელი ჩვენი ,,მოგზაურობა" თითქოს საკუთარი თავების გამოცდა იყო.
   შევძლებდით?
   ვენდობოდით?
   გვჯეროდა?
   არ შეგვეშინდებოდა?
   პასუხი - ვიცით.
   და მეც გამეღიმა.

   ........................................
   როდესაც ასე მოხშირდა ნაცრისფერი.
   როდესაც ასე ჭირს ამოსუნთქვა.
   როდესაც საერთოდ გაჩერდა მუსიკა.
   როდესაც ოთხივე მხრიდან აცივდა
   მე მახსენდება, რომ:
   ჩვენ გვაქვს ჩვენი დრო Pink Floyd-ის მელოდიაზე,
   ჩვენ გვაქვს თემები, რომელზეც არასდროს ვდავობთ,
   ჩვენ გვაქვს წარმმართველი მიმართულებები,
   ჩვენ გვაქვს ნაპირი, საიდანაც ყველაზე ახლოა მეორე ნაპირი. ის ნაპირი.. ნაპირი, სადაც აუცილებლად გავუშვებ იმ ქაღალდის თვითმფრინავს, შენი ლექსი რომ წერია თოლიაზე..
   ჩვენ გვაქვს ტკივილები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთისთვის არის გასაგები,
   ჩვენ გვაქვს კადრები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის თვალებში ირეკლება..

   და იმ ერთი ჩვეულებრივი საღამოსი არ იყოს სახურავზე, მე მახსენდება დილა, როდესაც გავიღვიძე და დავინახე კადრი, რომლითაც მივხვდი, რომ ჩვენ გვყავს ერთმანეთი.

 

 
   Pink Floyd - Time
   

Saturday, January 11, 2014

თეთრი


   სიტყვები კი არა მზერაც კი არ დაგვჭირვებია, ისე შევთანხმდით, რომ ჩვენ ახლა არაფერი გვეშველება.
   რომ ჩვენ გავიყინეთ.
   რომ შენ ცუდად ხარ..
   და რომ მეც ცუდად ვარ.
 
   მე გეუბნები რა ფერი ხარ, შენ - მეთანხმები.
   შენ ვერაფერს გრძნობ, რაც ნიშნავს, რომ მე აღარაფერს გავცემ.

   ისევ ისე მომიარა შეგრძნებამ, რომ ქუჩა უნდა ჩახერგილიყო სანამ გამოჩნდებოდი. და რომ სხვა სამყაროდან ხარ. სამყაროდან, რომელიც არ მომწონს, რომელშიც ორმოებია მხოლოდ სუფთა.

   ირგვლივ ისეთი რამეები ადარდებთ, ვერაფრით ვხვდები, საით უნდა გავიხედო. ჩემში აირია ყველაფერი თუ დროა გვრცხვენოდეს ყველას, რომ ადამიანები ვართ.

   პირველივე წერილში, როდესაც გაგიშვი, ჩემდაუნებურად ვიწინასწარმეტყველე შენი გარდა-ცვალება. ახლა კი ყოველ ჯერზე ვხვდები, როგორ ვერიდები კალმის აღებას. ფიქრების სიტყვებად ქცევას.

   ვიცი, რომ ნაკუწებად მექცა წინადადებები.
   და აღარც ძალა მაქვს ავაწყო ფრაგმენტებად დაშლილი სული..
   ჩემი სული.
   შენი სული.
   თქვენი სული.