Thursday, January 16, 2014

მეგობარს.


   https://www.youtube.com/watch?v=5ZUw78FXpG4

   შენ ხომ გესმის, რას ნიშნავს გინდოდეს არაფერი.
 
   რომ არ (ვ)ყვები.
   რომ არ (ვ)სუნთქავ.
   რომ არ (ვ)(ხ)არ.
   შენ ხომ მაინც გესმის ჩემი არსებობა?

   არსებობენ კადრები, რომლებიც არასოდეს ამოდიან თვალის უპეებიდან. არასოდეს ინაცვლებენ ტვინის ხვეულებში.
   არსებობენ სიჩუმეები, რომლებიც არასოდეს გვავიწყდებიან, რომლებიც არასოდეს გვინდა გაგვახსენდეს, რომლებიც შანთებივით ტრიალებენ შიგნით.
   არსებობენ წარსულის მოვლენები, რომლებიც არასოდეს გვტოვებენ.
   შეუძლებელია, შენ ეს ყველაფერი არ გეცნობოდეს.

   ჩვენი დრო იმ წამით ადრე გაჩერდება, რომლის შემდეგაც სინანულით უნდა გავიხსენოთ ვერახდენილი ოცნებები. და დაგველოდება, როგორც ინდიელები ელოდებიან თავიან სულებს. ჩამორჩენილებს.
   მე მხოლოდ შენს გზებზე ვარ ლურჯი გოგო, რომელიც ერთხელაც გაფრინდება.. ამიტომ, მე სულ მჭირდება შემახსენო ამ გზების არსებობა.

   და მაინც, მიუხედაცად ყველაფრისა, არსებობას რომ განვაგრძობთ, ეს უკვე მიუთითებს ბევრ რამეზე.
   ე.ი. საჭირონი ვართ.
   ე.ი. ცოტაც უნდა გავძლოთ.
   ე.ი. ფუჭი არ არის ჩვენი გაელვება ამ სივრცეში.
   და ე.ი. ჩვენი ოცნებები ნამდვილად არ დარჩებიან ოცნებებად.

   ახლა რომ ვფიქრობ, ერთი წლის წინანდელი ჩვენი ,,მოგზაურობა" თითქოს საკუთარი თავების გამოცდა იყო.
   შევძლებდით?
   ვენდობოდით?
   გვჯეროდა?
   არ შეგვეშინდებოდა?
   პასუხი - ვიცით.
   და მეც გამეღიმა.

   ........................................
   როდესაც ასე მოხშირდა ნაცრისფერი.
   როდესაც ასე ჭირს ამოსუნთქვა.
   როდესაც საერთოდ გაჩერდა მუსიკა.
   როდესაც ოთხივე მხრიდან აცივდა
   მე მახსენდება, რომ:
   ჩვენ გვაქვს ჩვენი დრო Pink Floyd-ის მელოდიაზე,
   ჩვენ გვაქვს თემები, რომელზეც არასდროს ვდავობთ,
   ჩვენ გვაქვს წარმმართველი მიმართულებები,
   ჩვენ გვაქვს ნაპირი, საიდანაც ყველაზე ახლოა მეორე ნაპირი. ის ნაპირი.. ნაპირი, სადაც აუცილებლად გავუშვებ იმ ქაღალდის თვითმფრინავს, შენი ლექსი რომ წერია თოლიაზე..
   ჩვენ გვაქვს ტკივილები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთისთვის არის გასაგები,
   ჩვენ გვაქვს კადრები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის თვალებში ირეკლება..

   და იმ ერთი ჩვეულებრივი საღამოსი არ იყოს სახურავზე, მე მახსენდება დილა, როდესაც გავიღვიძე და დავინახე კადრი, რომლითაც მივხვდი, რომ ჩვენ გვყავს ერთმანეთი.

 

 
   Pink Floyd - Time
   

No comments:

Post a Comment