Thursday, May 31, 2012

ინ.. ჰაერი.

 ინ, წეღან გელაპარაკე.
 ინ, მენატრებოდი.
 ინ, ბოლო დღეების დაღლილობა ისე გაიტანე ჩემგან, თითქოს ბუმბულზე მსუბუქი იყო.
 ინ.. შენ ჰაერი ხარ. ან იქნებ წყალი? არა, ინ.. არ განვსაზღვროთ რა..

https://www.youtube.com/watch?v=-hH1zutgUGk

 ინ მშვიდად მიაბიჯებს დერეფანში. წინ იყურება. არასოდეს გვერდით. 
 ინ წყნარად მიაბიჯებს, აუღელვებლად. ინს დრო არ ადარდებს. ინისნაირებს დროის დამორჩილება შეუძლიათ. ინის ჩრდილიც ნელა მიცოცავს კედელზე. ინ დერეფნის ბოლოს დიდი, გაუწმენდავი ფანჯრისკენ მიდის. ინ არ ტრიალდება. მუსიკას უსმენს და ფანჯარაში იყურება. მხოლოდ ინმა იცის, რომ ყველაზე ჭუჭყიანი ფანჯრიდანაც კი შეიძლება რაიმე საინტერესოს დანახვა. მუსიკა მტვრის, უფრო ჭუჭყის ბილიკებად გასდევს ფანჯარას.. ინ ვიწრო ბილიკს მიუყვება და ცდილობს ფეხი არ დაუცდეს?! ქვემოთ ხევია. ან უფრო სწორედ ალბათ ხევია, ირგვლივ ნისლია და არ ჩანს.. 
 ინ წინ იყურება. არასოდეს გვერდით.

 ბილიკებს შორის ლურჯი ფრიალებს. ინ აკვირდება. აქ არავინ უნდა იყოს, როგორც ყოველთვის. ლურჯი ხეებს შორის გამოკრთა ისევ. ინ ცდილობს დაინახოს. მხოლოდ ფერია. ან იქნებ ფერის შეგრძნება. ფანჯარა ზედმეტად ჭუჭყიანია სხვა რამის გასარჩევად. ბილიკები მოძრაობას იწყებენ.. გადაადგილდებიან და ამ დროს საჭიროა ყურადღების დაძაბვა. ინს ტყეში დაკარგვა არ უნდა. ბილიკებს შორის წყალი ჩადგა. ტალახი ინის მუხლამდე აღწევს.. ინ თვალებს ახელს. გაწვიმებულა გარეთ. წვიმა ბილიკებს შლის ფანჯარაზე. ლურჯი..... როგორც ჩანს ამასობაში ზარიც დაირეკა. დერეფანი სავსეა სხვებით. ფანჯარაზე ბილიკები აღარ არიან. 
 ინ ტრიალდება.

 დერეფნის ბოლოს, მოპირდაპირე ფანჯარასთან გოგონა დგას. მოკლე, ლურჯი სარაფანი აცვია. ინზე ოდნავ დაბალია. ინს უყურებს თვალებში. ინ ამას ვერ ხედავს, ინ ამას გრძნობს. დერეფანი ზედმეტად გრძელია ამის დასანახად. ინ გრძნობს?! ინ გრძნობს ლურჯს. ლურჯისგან სითბო და სინათლე მოდის. 

 ინ მიდის ლურჯისკენ. ინ ლურჯს უყურებს წყნარად, აუღელვებლად. უცხოები ირევიან.. უცხოები ეჯახებიან. ინ ცდილობს ერთ-ერთის ჩამოცილებას. 
 დერეფნის ბოლოს, ფანჯარასთან სიცარიელეა. ინ იყურება გადარეცხილი ფანჯრიდან. 

 გალავნის კარებში სილურჯე გაკრთა.. 

 ინ, ნელა მიაბიჯებს გალავნისკენ.. ინს დრო არ ადარდებს. ინისნაირებს დროის დამორჩილება შეუძლიათ..

Wednesday, May 30, 2012

ინ

 ინ, მომენატრე.
 ინ, დღეს ცაში ვიყურებოდი. ვერ გიპოვე. არც გვერდზე იყავი, არც ცაში.
 ცაში მხოლოდ მერცხლები და ღრუბლები იყვნენ. მზეც არ.
 ინ, შენს მოცემულ მუსიკას ვუსმენდი. ბეევრი მოვისმინე ძალიან. მიყვარს ასე რომ ვამბობ ,,შენს მუსიკაში ვცურავ"..

 კარგი იყო სახურავზე. ქალაქის ყველაზე განაპირა უბანში.. ჩემი ხიდიც ჩანდა.. ყველაზე მაღალ კორპუსზე.. ქარი და სიმშვიდე. მერე წამოწინწკლა..

 ინ, შენ მითხარი ადრე, მე სახურავები მიყვარსო..

 ინ, მომენატრე, მაგრამ არ გეუბნები.

 ისუნთქე, ინ..

ადრე დასაძინებელი ქვეყანაა ნეპალი

 ეს ფრაზა დაახლებით წელიწადნახევრის წინ მითხრა მეგობარმა. მეგობარმა რა.. ჰო, არ არის ის მეგობარი. უფრო სხვა ვინმე იყო/არის <-- ამაზე არ ვიდაოთ ახლა. არ ვიცი. იყო ნამდვილად და არის თუ არა ვეღარ გავიგე :/
  ჰოდა, ის ნეპალში იყო. კატ-მან-დუ-ში.. მე აქ. იმდენად მიხაროდა რომ მწერდა, მეგონა პირიქით იყო და მე ვიყავი საზღვრებს გარეთ.. კატ-მან-დუ-ში და ის აქ..

 ის კარგი ვინმეა. უფრო მეტად კარგი,  ვიდრე.. :) ამაზეც ნუ ვალაპარაკებთ ახლა. უბრალოდ დღეს მეძინა საღამოს და რომ გავიღვიძე პირველივე ფრაზა ეს ამომიტივტივდა თავში და მერე მომინდა დამეწერა.. დამეწერა რა.. რაც არის..

http://www.youtube.com/watch?v=t6eNp1vCsuU ამას ვუსმენდი მაშინ.. 

ადრედასაძინებელიქვეყანაანეპალი.. და ადრეასადგომი :)

ნამასტე.

Tuesday, May 29, 2012

ინ

მას ინ ჰქვია. ინ ისეთია, სიტყვებისთვის რომ დაგენანება ადამიანს.. ინ თავისთვისაა და არასოდეს ცდილობს ეს თავისთვისობა თავს მოგახვიოს. უბრალოდ, არ გაგიმართლა, თუ შენს ცხოვრებაში აღმოჩნდა. ან ძალიან გაგიმართლა. ინმა ეს არ იცის.. ინ ყოველთვის თავისთვისაა.

აი, ახლაც.. ინმა არ იცის რომ მე მასზე ვწერ. ინ ისეთია, მხოლოდ შენთვის რომ უნდა გყავდეს.. თუმცა ამ მხოლოდშენთვისობასაც რომ ვერ ახერხებ.

ინს, მე სასწაულს ვეძახი. მას ეს არ უყავრს. უფრო სწორედ არც იცის. იმასაც კი ვერ იტანს, როდესაც ვეუბნები რომ მზიანია.
ინს საკუთარი თავი არც ისე კარგი ჰგონია. ასე ამბობს, მე ვიცნობ ჩემს თავს კარგად და ამიტომაც ვიცი რომ.... ვიცი რომ.. და უამრავი ვიცი რომ.. ინ, არ მაცდის რომ მემზიანოს.. თუმცა ამაზე იმდენი ხანია აღარ გვილაპარაკია, რომ.. ალბათ, არც ვილაპარაკებთ. მას არ მოსწონს და მერე ვდაობთ. ან არც.. როგორც არის..

ინმა მე სიმშვიდესთან დამაბრუნა, მაგრამ მოიტანა ახალი ფორიაქი თავისი გვერდზე არყოფნის, და ზოგჯერ თავისი საერთოდ არ ყოფნის.

ინ ჰაერივითაა. არა, ან იქნებ წყალივით. არ ვიცი.

ინ..