Monday, May 27, 2013

სანი


   http://www.youtube.com/watch?v=f7BtPeVxeZw

   გაიღიმე, სანი, თორემ გარემოს სცივა.
   გაიღიმე, სანი, თორემ თმები ნესტიანდება.
   გაიღიმე, სანი, თორემ ნაკადულები იმღვრევიან.
   გაიღიმე, სანი, თორემ ფრჩხილები იმსხვრევიან ისევ.
   გაიღიმე, სანი, თორემ გადმოვვარდები ლიანდაგიდან. რელსებზე.
   გაიღიმე, სანი, თორემ ქარი შეწყვეტს ლაპარაკს.
   გაიღიმე, სანი, თორემ სიარულს ვეღარ ვისწავლი ისევ თავიდან.

   წარმოიდგინე, სანი, ფეხმორთხმით ვსხედვართ ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე და ვმღერით. სილიან სანაპიაროზე.
   წარმოიდგინე, სანი, შინ ვართ, ტერასაზე ვსხედვართ, ყველაზე ჩვენი ჟაკეტები გვაცვია და ვიყურებით ჩრდილო-აღმოსავლეთით.
   წარმოიდგინე, სანი, სხვადასხვა ნაპირზე ვდგავართ და.. არა, ჩვენ არასოდეს ვდგავართ სხვადასხვა ნაპირზე, შემეშალა.
   წარმოიდგინე, სანი, ნისლის ქვეყანას ვეწვიეთ და გზა აგვებნა და ეს საერთოდ არ გვაღელვებს.
   წარმოიდგინე, სანი, დიდოზე ვართ..
   წარმოიდგინე, სანი, თოვლს ორი მოსრიალე წერტილი ჩამოუყვა.
   წარმოიდგინე, სანი, დიდი სცენის წინ ვდგავართ. ხელი - ხელში. გული - გულთან.

   გაიხსენე, სანი, კადრი: ჰეფა.. ნესი.. და შენ უკან იხედები.
   გაიხსენე, სანი, კადრი: კლდეზე ავრბივარ.. და შენი ფიქრი: ამას მეორედ ვხედავ.
   გაიხსენე, სანი, კადრი: თავსხმა. ჩვენ აღმა მივუყვებით ქუჩას. ტყაპუნით.
   გაიხსენე, სანი, კადრი: ზურგსუკან ტუჩის გარმონის ხმა ისმის.
   გაიხსენე, სანი, კადრი: ღამე, ქუჩა გადმოვჭერით, დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენ გზას გავუყევით. ჰო.
   გაიხსენე, სანი, კადრი: კარვის კარი გახსენი და.....
   გაიხსენე, სანი, კადრი: ფანჯარაში ორქიდეაა.

   ცისღიმილა გოგონავ, გაიცინე და კიდევ ერთხელ მაგრძნობინე როგორ მიღიმის სამყარო.

 

Friday, May 24, 2013

მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმაა?


   http://www.youtube.com/watch?v=rTDzh9hi6h0

   მან იკითხა: მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმააო?
   მას უპასუხეს. მეცნიერულად.
 
   მან ისევ იკითხა: მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმააო?
   მას უპასუხეს: ზღვა უფრო ღრმააო.

   მან კიდევ ერთხელ იკითხა: მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმააო?
   მან უპასუხა თავის თავს: მთაო.
   მან დასვა დამაზუსტებელი შეკითხვა: უფრო მაღალიაო?
   მან უპასუხა თავის თავს: უფრო ღრმააო.



   

Wednesday, May 22, 2013

V-VI


   გადავიღალე.
   რომელია ის მუსიკა, რომელიც ახლა მიშველიდა?
 
   თურმე არსებობენ პერიოდები, როდესაც მყიფე ხარ ნებისმიერი სიტყვის მიმართ და როდესაც უბრალოდ ნათქვამი ფრაზები სუნთქვის სარქველებს ხურავენ.
 
   მოთეთროლურჯს:
   ჰო, შეგიძლია იმდენ ხანს იყო იქ.. მე უბრალოდ კარებს გამოვხურავ და დაგელოდები ფანჯრის რაფაზე, მუქი ფარდების მიღმა. შენ ხომ გიყვარს ჟასმინის ცხელი ჩაი??
   ჩვენი გადაღლა ისევ ისე, უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს.
   ცა ალბათ ლამაზი ფერია. არ ვიცი, არ ვუყურებ. მხოლოდ ღამე, როდესაც იუპიტერი ჩანს, მინდება რომ ავხედო და კიდევ ერთხელ გავიხსენო იუპიტერის ბილიკი ზღვის ზედაპირზე.
   ჰაერი? ვერაფერს გეტყვი.
   კი.. ისევ ისე ხშირად ვითხოვ რომ ,,გამორთონ" მზე.
   ღამე ისევ ვერ ვიძინებ.. რამდენიმე წუთიან შუალედებს თუ არ ჩავთვლით.. მერე საკუთარი სხეულის კანკალი მაღვიძებს.. საბედნიეროდ არ მახსოვს რა მესიზმრება.. იყოს, არ წარმოიდგინო შენც.. დღისით კი მცივა და სამხრეთის მხცუნვარე მზეც კი უძლურია ამ ფაქტის წინაშე.
   კი, წვიმს. ხშირად წვიმს.. ეს ერთადერთი მონაკვეთია დღე-ღამის, როდესაც მძინავს.. მერე ისევ სხეულის კანკალი მაღვიძებს და წვიმის ხმაც აღარ ისმის.. წვიმს. შედარებით ხშირად.
   სისავსე?? - ამ შეკითხვაზე უნდა გიპასუხო?? საჭიროა??
   ნუ დავკარგავთ ჩვენს უნარებს.
   მალე შემოგიერთდები და ერთად გადავირბინოთ ამოჭმული თვეები.
   უთხარი ედითს, რომ გჭირდება. რომ გჭირდება!!
   მოდი, ნუ დავიხედავთ მაჯებზე, სანამ ჩვენი სუნთქვა ისევ არ ალაპარაკდება სიმშვიდეზე.
   სიმშვიდე.. შენ პირველი ხარ, ვინც მითხრა რომ მშვიდი ვარ.
   ძილი მოდის თვალასაო....
   .................................................
   .................................................


   ანესთეზირებული? - არა.
   მოღრუბლული? - არა.
   კაროლინა ჩონჩხები? - არა.
   კენოტაფები? - არა
   დადუმებული ყორანი? - შეიძლება.

   უთხარით თუთას, რომ წეროს ისევ. აქედან მის სამყაროში ჩაღვრა მომენატრა.. მეტიც - მჭირდება.
   რატომ დაიკეტა სამოთხე N8-ის კარები იანვარში და რატომ არავის ესმის კაკუნი??
 

   ადამიანო, სტრიქონებს შორის კითხვა ისწავლე??
   Let me know, if you did.

 
 
 

Monday, May 20, 2013

რეალური Vol.2


   ისევ იგივე შეგრძნება, რომ არ მინდა გაეკარო ნებისმიერ რამეს, რაზეც ძალიან ცოტა პროცენტით მაინც ვაბობ: ჩემი.
   ახერხებ, ისევ ახერხებ, ოდნავი კონტაქტის შემდეგაც კი, თავიდან ვიგრძნო, რომ არ მინდა შემეხო. სასტიკად არ მინდა!!
   შენ უკვე ვარაუდობ, რომ შეუძლებელია ადამიანი ვიყო. ადამიანებს მსგავსი რამეების ჩადენა არ შეუძლიათო. აქამდეც მოვედით. არ ვაპირებ, შეგეწინააღმდეგო. დაე, გეგონოს ასე. გეგონოს, რომ ამაზე ვერთობი, რომ ფეხებზე მკიდია, რომ არაფერი გამაჩნია ჰუმანური.
   ჩვენ იმდენად, იმდენად დავშორდით ერთმანეთს, რომ აღარც კი გვახსოვს რა იყო თავიდან. უფრო სწორედ, მე მახსოვს და უთბილეს პერიოდად ვიხსენებ.. შენც გახსოვს და თვლი რომ ყველაფერი თვალმაქცობა იყო. აფერუმ მეს?! სერიოზული სამსახიობო ნიჭი მქონია, 3 წელი მაგ ყველაფრის თამაში თუ მოვახერხე. ვერაფერს იტყვი, ძალიან ლოგიკურია.
 
   დავამთავროთ. ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ, ხომ შეიძლება?!
 
   ყველაფრის შემდეგ:
   მე ვახერხებ რომ ყველაზე საშინელი ადამიანი ვიყო შენთვის.
   შენ ახერხებ რომ საზღვრები დამირღვიო ისევ.

   ჰო, მე მინდა რომ დავმთავრდეთ!!
 
   http://www.youtube.com/watch?v=fCeflw4Jp_4
 
    

Sunday, May 19, 2013

V-V


   წვიმს.. წვიმს.. წვიმს.. წვიმს.. წვიმს.. წვიმს..
   შხაპუნა, ხალისიანი წვიმის ქუჩაზე გადმომიხვევია შეუმჩნევლად.

   რაფაზე მინდვრის თეთრი ყვავილებით სავსე უბრალო ქილა დგას..
   ფარდა გადაწეული. როგორც იმ ჩვენს, არარსებულ ხის სახლში..
   სურნელოვანი ჩხირის კვამლი ნელ-ნელა ედება მინას, მერე უჩინარდება.
   ვუსმენ მუსიკას, რომელსაც დაგპირდი გუშინ, რომ მოვუსმენდი.
 
   წინ. ვრცელი მწვანე მინდვრების ზემოთ ნისლია ჩამოწოლილი, მქრქალი. თხელი.
   მზის ჩასვლის ნაკვალევი ჰორიზონტზე.
   როგორი უძლურია სიტყვა.

   წვიმის წინ როგორც გუბდება ზეცაო, - თქვა მეგობარმა.
   წყალი მოაწვა ნაპირებს.
   წყალი უკუიქცა.
   წყალმა იგრძნო თავისი ძალა.
   გუბეებიდან გადმოდინდა წყალი.



   წვიმამ დავბრუნდებიო.



   Listen:
   შენი ოცნება გათავისუფლებულია
   შენი წარსული წაშლილია.

   

V-IV


   დამიგროვდი და ვეღარ გიტევ ისევ.
   მიხარია შენთან ნებისმიერი სახის გადაყრა.
   დამიგროვდი და მინდა სახელი დაგარქვა და ისე ვილაპარაკო შენზე, მაგრამ ჯერ ისევ ჩემში ხარ გამოკეტილი და ვერ გიშვებ გარეთ.
   ხვალ შენი დღე იქნება.
   მარტო შენი.
   რას ისურვებდი რომ წამეკითხა შენი დღის განმავლობაში??
   ვეცდები ხვალამდე გამოვიცნო.

   არ არსებობს მაგ ჯიშის ხე.
   ხელოვნება ჭეშმარიტებაა.


   (. .  . . Thanks. .  . . როგორც იმ სიმღერის ბოლოს).




Saturday, May 18, 2013

ალტერ


   - შენ ფერადი ხარ, როდესაც ღია ხარ და მზეს უშვებ შენში ხელისგულების გავლით.
   - ჰო.
   - შენ მოთეთრო ხარ, როდესაც შიგნით მძიმე რაღაცები ხდება და არ გინდა ამაზე ლაპარაკი.
   - ჰო.
   - შენ მზისფერი ხარ, როდესაც ივსები და გინდა ეს სხვებსაც გაუნაწილო.
   - ჰო.
   - შენ ლურჯი ხარ, როდესაც შენში ხარ და კარგად ხარ.
   - ჰო.
   - შენ გამჭვირვალე ხარ, როდესაც წყალი გიგროვდება სულში.
   - ჰო.
   - შენ ჟანგისფერი ხარ, როდესაც იმალები სხვებისთვის და მხოლოდ რამდენიმეს აძლევ შემოსვლის უფლებას.
   - ჰო.
   - შენ მოიისფრო ლურჯი ხარ, როდესაც სივრცეს გაჰყურებ. შენს სივრცეს.
   - ჰო.
   - შენ სითბოსფერი ხარ, როდესაც უყურებ შენიანს.
   - ჰო.

   - შენ ახლა შავ-თეთრი ხარ და მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს.
   - ჰო. ვარ.
   - ანუ?
   - ...............
   - .................
   - ...................  
   - შავ-თეთრი და მდუმარე.
   - ჰო.
   - და მე არ ვიცი, ამ დროს რა უნდა გავაკეთო.
   - ........................................
   - ..........................................
   - კარს ქვემოდან შენი ჩრდილი შემოდის ხოლმე.
 
   - შენ ღიმილი მეწამულია ამ დროს.
   - ..........

 

   

Thursday, May 9, 2013

V - III


   მალების დათვლა მომენატრა. შემომიშვებ?

   იწვიმა დღეს ისევ.
   აღარავინ მეუბნება რომ თმები გადავიწიო და ბეჭებში გავიმართო. ისედაც.

   ჩვენ წვიმის ქუჩაზე უნდა გვეცხოვრა. ოდნავდარაბებშეღებულ  ხის სახლში. ჩემი დაკვრის და შენი კითხვის ხმა რომ გამოვიდოდა, ყრუდ. ხმები ფანჯრების რაფამდე თუ მიაღწევდნენ მხოლოდ..
   წვიმა იწკაპუნებდა..
   იშხაპუნებდა..
   იგრუხუნებდა..
   იკაკუნებდა..
   იშრიალებდა..
   იცრიატებდა..
   იწვიმებდა.
   იწვიმებდა გადაუღებლად.. მოუბეზრებლად.
   დარაბებს ფართოდ გავაღებდით ელვისას.

   იშვიათად წავიდოდით მზის ქვეყანაში..
   შემდეგ კი ისევ შევაღებდით დარაბებს ოდნავ.. წვიმის ქუჩაზე.

   აღარავის ეშინია რომ თმებს თუ არ გადავიწევ, რამეს წამოვკრავ ფეხს.

   This means that I've been there..  

   კარს არავინ აღებს.. არადა, მომენატრა მალების დათვლა.

   

Monday, May 6, 2013

V - II


ჩემსა და სიჩუმეს შორის -
შენ იკარგები.
ზ.რატიანი

   დაანებე თვლას თავი.
   ,,ვინ გადაწყვიტა რომ უნდა ავდგეთ? - მზემ."
   ზღვაზე არასოდეს ხარ მარტო. ზღვა მუმდივად გელაპარაკება და შენშიც იწყებენ ლაპარაკს ხმები. სხვები. არ გაცდიან მარტოობას - ხმები.
  
   - ხელის თითებზე ხაზებმა იმატეს.
   - დაანებე თვლას თავი.
   - კარგი.
   - კარგი.
  
   როდის უნდა გაიზარდო?? 
   იცი, სასიამოვნოა შენთან ლაპარაკი, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ შენ არ გესმის.. მერე რა. სასიამოვნოა რომ არსებობ. რომ შენ ჯერ კიდევ ხარ და ჩემში ჯერ-ჯერობით არ არსებობს სიცარიელის მორიგი ორმო შენი სახელით. 

   ადრე: ჩემსა და შენს დუმილს შორის იკარგებოდა სიჩუმე..
   ახლა: ჩემსა და სიჩუმეს შორის - შენ იკარგები..

   არაუშავს.
   იქნებ დაგითმოს ადგილი ისევ.
   ან -
   არაუშავს.

   სანამ იქცევი სიცარიელის გრძნობად, მტკივნეულ, სულისამომრთმევ ორმოდ.

   

Friday, May 3, 2013

V - I


   არ გამიხარდებოდა შენი დანახვა. უცებ მივხვდი რომ არ გამიხარდებოდა. ცუდია?? კარგია?? არაუშავს?? მერე რა??
   ღმერთმა უწყის?!

   რამდენიმე თვის წინ, ერთი წიგნი ვინატრე და ძალიან ცოტა იყო ალბათობა იმისა, რომ სადმე იქნებოდა შემორჩენილი. ახლა ჩემგან მარჯვნივ დევს, მაგიდაზე. მეგობარი გადააწყდა.
   რამდენიმე თვის წინ, მეზღვაურის ზედაზე ვთქვი, მინდა მქონდეს-მეთქი. დღეს მეცვა. მეგობრის ნაჩუქარი. (,,ღუზა ამოუშვი, მეგობარო!!") 
   რამდენიმე თვის წინ, ვიგრძენი როგორ მჭირდებოდა ნექტარი.. სუნთქვა.. ჟანგბადი.. წინა კვირას თოლიამ ყველაზე ჩუმი და მშვიდი ზღვისკენ გვიმეგზურა.
   რამდენიმე თვის წინ, ნოტები ვინატრე, რომელიც არ იშოვებოდა არსად. დღეს ვუკრავდი. თავის დაბადების დღეს გამოაგზავნა გოგონამ, რომელსაც სულ სტკივა.
 
   ისევ იგივეს გაგიმეორებ, შენ, რომელსაც შეგიძლია გესმოდეს და შეგიძლია შეცვალო:
   საკმარისია. აღარ მისცე ჩემს ადამიანს მიზეზი, რომ იმეოროს თავისთვის: ,,დედა ოსკარს ჰგავს.. დედა ოსკარს ჰგავს.. დედა ოსკარს ჰგავს.. დედა ოსკარს ჰგავს.."
   დროა. დიდი ხანია უკვე დროა?! დაუბრუნე მეგობარს ფრთები. დაუბრუნე მეგობარს ფრთები.

   და მაინც, რატომ არ გამიხარდებოდა შენი დანახვა. ასე რადიკალურად რა შეიცვალა??
   ღმერთმა უწყის?!