Monday, February 13, 2017

იავნანა შენთვის


   



   13.02.2015.
   დღე, რომელსაც ვერასოდეს გამოვთქვამ, ალბათ. 
   .................................................................................................


   ხანდახან ყველას სჭირდება უთხრან: მოგივლი.
   ფრთხილად მოეპყრან მსხვრევად სხეულს და უფრო ფაქიზად - დამძიმებულ სულს.
 

   მსუბუქად ჩამოვარცხნო თმები თითებით.
   ისუნთქო მშვიდად, რომ გადასდო.
   და თქვა ჩუმად:
   დღეს დემონებს არაფერი ესაქმებათ შენთან.. მოსვენების დროა.. 

   https://soundcloud.com/emillysalome/lullaby-for-the-girl-from-april


   Lullaby for you, dearest..


Thursday, February 9, 2017

ა დ ა მ ი ა ნ ი


   https://www.youtube.com/watch?v=fxhEGU_GWd0

   როდესაც მინდა, რომ რომელიმე კერძო ადამიანზე ვისაუბრო, სიტყვების თავმოყრა განსაკუთრებით მიჭირს. მთელს ამ მუდმივცვალებად ნეირონული მოძრაობით სავსე სფეროში ძალიან რთულია ძაფის საწყისის მოხელთება.

   მწვანე ნიკა
 
   ღიმილი
   სითბო
   ძალა
   განახლება
   სწავლა
   მონატრება
   სიხარული
   იმედი
   მუსიკა
   პატივისცემა
   სიყვარული
   გაფრთხილება
   ზრუნვა

   ალბათ, ამას ვერ სწავლობენ, ეს თანდაყოლილია (ამიტომაც ასე იშვიათი), ზუსტად იცოდე როდის როგორ მოიქცე და არასოდეს შეგეშალოს და არასოდეს შეგემჩნეს ძალდატანება.
   იყო ყოველთვის სწორი და ბუნებრივი.

   შენ კი მის გვედით ყოფნისას სწავლობდე ყოველ წამს დანახულით, როგორი დამოკიდებულებები, ქცევები მოგწონს, როგორ ადამიანობას ისურვებდი, როგორია გამოძრავებდეს სიყვარული სამყაროს მიმართ და იყო მშვიდი.
   და გრძნობდე, ხელშესახებად გრძნობდე, რომ გინდა იყო უკეთესი ვიდრე ხარ და ეს უკეთესი დანახულით განსაზღვრულია, მაგრამ არა დასაზღვრული..

   შემთხვევითი შეხვედრები ხომ არ არსებობენ. ხომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზანი.
   ვხვდებით იმიტომ, რომ დავიმსახურეთ სამყაროსეული გათვლებით ან იმიტომ, რომ გავიზარდოთ ან.. ან კიდევ სხვა რომლიმე კანონზომიერება იმ უთვალავიდან, რომელსაც ან მოვიხელთებთ და ან - ვერა..

   ნებისმიერ შემთხვევაში, ბედნიერებაა გყავდეს ადამიანი, რომელზეც ყოველგვარი ეჭვის გარეშე იტყვი: ა დ ა მ ი ა ნ ი.

 
   

Wednesday, February 1, 2017

დახშულობა


http://giphy.com/gifs/snow-christmas-12joL15WhHBvl6

თოვს.
გვიანია უკვე საკმაოდ. იმისთვის განსაკუთრებით, რომ მეღვიძოს.

დღესასწაულივითაა თოვა. უყურებ და შეგრძნება მოაქვს, რომ რაღაც მეტის, გაცილებით მეტის ნაწილი ხდები, ვიდრე ჩვეულებრივობაა, ვიდრე ყოველი დღეა, რიგითი..

როცა თოვს, ყველაზე მეტად მინდება, რომ ვიყო ისეთ ადგილას, სადაც შევძლებდი, რომ მეტად მეგრძნო ჩემი არსებობის არსი, ვიდრე აქ - ქალაქში. სადმე -  სიჩუმეში, მეჩხერადამიანობაში.

წლების წინ, ღამე მივდიოდით სახლისკენ: მე, სოფო, დედაჩემი, მამაჩემი და ჩვენი წითური ძაღლი - ჯეკა. მივდიოდით ჩუმად, ვიწრო ბილიკზე, ჩაის ბუჩქებს შორის, მერე ტყეში. მე ვიყავი ძალიან პატარა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი გაცილებით დიდი, ვიდრე რეალურად... ირგვლივ კი უკუნი სიბნელე და ფიქრი, რომ ალბათ, ძალიან კარგად უნდა იცნობდე შენს სამყოფელს, ასეთ სიბნელეშიც რომ აგნებდე..... წინ მიმავალმა იცოდა გზა.

უცებ გავჩერდით, რადგან მშვიდი ხმაური ისმოდა ირგვლივ, ყველგან, მერე წინწკლებიც ვიგრძენით სახეზე, ინტენსიური, ცივი.. რადგან არც ფანარი გქვონდა, არც ასანთი და თან ძალიან ბნელოდა, გამოვთქვით ვერსიები, წვიმდა თუ თოვდა..
თოვდა.
ეს იყო სხვანაირი წინწკვლის ხმა ფოთლებზე.. შრიალში გადასული..
სხვანაირად თბილი სიცივე.
და დახშულობა.
დახშულობა ყველაფრისგან, გარემოსგან..
თითქოს ვმოძრაობდით ჩვენ ხუთნი ყველასგან მოწყვეტილები, ფართო გამჭვირვალე გარსით გარშემორტყმულები, რომელსაც ღია ჰქონდა მხოლოდ ზედა მხარე.. და გვათოვდა.. ათოვდა ჩაის ბუჩქებსა და ხმელ ფოთლებს..
ჩვენ მივდიოდით სახლისკენ.
სულ წინ - მამაჩემი.
რიგის ბოლოს - ჯეკა.

ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე თოვაში მეყვარება სწორედ ის უხმობა - დახშულობა..
და მოტანილი კადრი, რომ ჩვენ მივდივართ სახლისკენ.
აივანზე დავიფერთხავთ ტანსაცმელსა და ბოტებს თოვლისგან.
ავანთებთ ღუმელს. ღუმლის ქვეშიდან გამოძვრება კუდაპრეხილი ჩელი.
გარედან კი ყრუდ გავიგონებთ ჯეკას შორეულ ყეფას, ეზო-კარს რომ უნდა შემოურბინოს, ჩვენ რომ მშვიდად ვიძინოთ.