Thursday, May 31, 2012

ინ.. ჰაერი.

 ინ, წეღან გელაპარაკე.
 ინ, მენატრებოდი.
 ინ, ბოლო დღეების დაღლილობა ისე გაიტანე ჩემგან, თითქოს ბუმბულზე მსუბუქი იყო.
 ინ.. შენ ჰაერი ხარ. ან იქნებ წყალი? არა, ინ.. არ განვსაზღვროთ რა..

https://www.youtube.com/watch?v=-hH1zutgUGk

 ინ მშვიდად მიაბიჯებს დერეფანში. წინ იყურება. არასოდეს გვერდით. 
 ინ წყნარად მიაბიჯებს, აუღელვებლად. ინს დრო არ ადარდებს. ინისნაირებს დროის დამორჩილება შეუძლიათ. ინის ჩრდილიც ნელა მიცოცავს კედელზე. ინ დერეფნის ბოლოს დიდი, გაუწმენდავი ფანჯრისკენ მიდის. ინ არ ტრიალდება. მუსიკას უსმენს და ფანჯარაში იყურება. მხოლოდ ინმა იცის, რომ ყველაზე ჭუჭყიანი ფანჯრიდანაც კი შეიძლება რაიმე საინტერესოს დანახვა. მუსიკა მტვრის, უფრო ჭუჭყის ბილიკებად გასდევს ფანჯარას.. ინ ვიწრო ბილიკს მიუყვება და ცდილობს ფეხი არ დაუცდეს?! ქვემოთ ხევია. ან უფრო სწორედ ალბათ ხევია, ირგვლივ ნისლია და არ ჩანს.. 
 ინ წინ იყურება. არასოდეს გვერდით.

 ბილიკებს შორის ლურჯი ფრიალებს. ინ აკვირდება. აქ არავინ უნდა იყოს, როგორც ყოველთვის. ლურჯი ხეებს შორის გამოკრთა ისევ. ინ ცდილობს დაინახოს. მხოლოდ ფერია. ან იქნებ ფერის შეგრძნება. ფანჯარა ზედმეტად ჭუჭყიანია სხვა რამის გასარჩევად. ბილიკები მოძრაობას იწყებენ.. გადაადგილდებიან და ამ დროს საჭიროა ყურადღების დაძაბვა. ინს ტყეში დაკარგვა არ უნდა. ბილიკებს შორის წყალი ჩადგა. ტალახი ინის მუხლამდე აღწევს.. ინ თვალებს ახელს. გაწვიმებულა გარეთ. წვიმა ბილიკებს შლის ფანჯარაზე. ლურჯი..... როგორც ჩანს ამასობაში ზარიც დაირეკა. დერეფანი სავსეა სხვებით. ფანჯარაზე ბილიკები აღარ არიან. 
 ინ ტრიალდება.

 დერეფნის ბოლოს, მოპირდაპირე ფანჯარასთან გოგონა დგას. მოკლე, ლურჯი სარაფანი აცვია. ინზე ოდნავ დაბალია. ინს უყურებს თვალებში. ინ ამას ვერ ხედავს, ინ ამას გრძნობს. დერეფანი ზედმეტად გრძელია ამის დასანახად. ინ გრძნობს?! ინ გრძნობს ლურჯს. ლურჯისგან სითბო და სინათლე მოდის. 

 ინ მიდის ლურჯისკენ. ინ ლურჯს უყურებს წყნარად, აუღელვებლად. უცხოები ირევიან.. უცხოები ეჯახებიან. ინ ცდილობს ერთ-ერთის ჩამოცილებას. 
 დერეფნის ბოლოს, ფანჯარასთან სიცარიელეა. ინ იყურება გადარეცხილი ფანჯრიდან. 

 გალავნის კარებში სილურჯე გაკრთა.. 

 ინ, ნელა მიაბიჯებს გალავნისკენ.. ინს დრო არ ადარდებს. ინისნაირებს დროის დამორჩილება შეუძლიათ..

No comments:

Post a Comment