Wednesday, October 24, 2012

.

   არ მიყვარს როცა ასე ვარ..
   გვერდიდან ვხედავ საკუთარ თავს და ძალიან არ მომწონს ის ვიღაც, ვისაც ვუყურებ. მისი სახე არაფერს ამბობს, ვერც აზრს და ვერც ემოციას ამოიკითხავ მასში. დახურულია ყველა კარი და ფანჯარა. ჭუჭრუტანებიდან კი სიბნელე მოჩანს.
   არ მიყვარს ჩემი თავი ასეთი.

   ალბათ ასე, ორი კვირის წინ იყო, ძალიან გვიან ღამე, რომ ვიჯექი საკუთარ ოთახში და ის ვისაც ანარეკლში ვუყურებდი, საერთოდ არ შეესაბამებოდა იმას, ვინც აქედან იყურებოდა.. გამიკვირდა. მერე მივხვდი რომ ურთიერთგამომრიცხავი იყო. ორივე ერთად ვერ ვიქნებოდი და...
   ალბათ ასე, ორი კვირის წინაც ასე ვიყავი. საკუთარ თავში ჩამალული და უკონტაქტო.

   როცა ასე ვარ, მირჩევნია რომ ჩემთვის ვიყო.. არ ვილაპარაკო, არ ვიურთიერთო, არ ვუპასუხო, არ მივწერო, არ დამირეკოს და რაც მთავარია არ მკითხოს არავინ, თუ როგორ ვარ, რადგან ხმაზე ეგრევე მეტყობა, რომ ჩემი ნათქვამი ,,არამიშავს" ერთ-ერთი დიდი ტყუილია, რაც კი ოდესმე მითქვამს.. ჰოდა, ამ დროს უბრალო ჩემთვის ყოფნა ყველაზე სწორი გამოსავალია.

   ადრე მეგობარმა მასწავლა, მასე რომ იქნები, ძალიან ძალიან მძიმე ფილმს უყურე, ან რამე ძალიან მძიმე წაიკითხე და აუცილებლად გამოიტანსო შენს განწყობას გარეთ..
   ფილმების მარაგი ამომეწურა-მეთქი, მივადექი ერთხელ.. ვერ გცნობო მიპასუხა..

   მერე ისიც წავიდა.
   

No comments:

Post a Comment