Wednesday, October 10, 2012

რეალობა

   გიკვირს როგორ შემიძლია ასე.
   აი, ასე, უბრალოდ, შემიძლია და მორჩა. როგორ? არ მაქვს ამაზე პასუხი. აი, ასე, მარტივად, შემიძლია რომ საერთოდ აღარაფერს ვგრძნობდე.. მართლა არ ვიცი ეს როგორ გამომდის. თავისით ხდება. როგორც კი ვგრძნობ რომ უმცირესი ნაწილითაც კი ვიღაცა შეეხო ჩემს თავისუფლებას და მოთხოვნები გაჩნდა.. აი, ზუსტად მანდ მთავრდება ყველაფერი და ერთადერთი რამ რაც მაინტერესებს საკუთარი, ეგოისტური თავისუფლებაა.
   შენ ისევ ვერ იგებ რა ჯანდაბად ამოვიჩემე ეს თავისუფლება. და საერთოდაც ვერ ხვდები რატომ მესმის ასე განსხვავებულად ეს სიტყვა.
   ვერც აგიხსნი. ამას უბრალოდ ვგრძნობ და მემილიონედ გავიმეორებ რომ შესაძლოა ეს სულაც არ არის ,,ნორმალური". რომ ეს ავადმყოფური აღქმაა რაღაცის. მაგრამ ეს ასეა ჩემში.
   შენ ისევ შემომედავები, რომ თუ ამას ვუშვებ რატომ არ ვცდილობ რაციონალურად შევხედო ამ საკითხს.
   მე კი ისევ იმ ღიმილით, რომელსაც ვერ იტან, უდარდელად გიპასუხებ, რომ ფეხებზე მკიდია ეგ თქვენი რაციონალურობა, თქვენი ლოგიკურობა. ეს შეგრძნება იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებს რომ ამად მიღირს. და რა გასაკვირია რომ არ მინდა სადმე გავუშვა.
   შენ რომ გეტკინა? ახლა რომ გტკივა?
   ვიცი. ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი. მართლა ყველაფერი ვიცი. ისიც ვიცი როგორი მძიმე გადასატანია ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ გამომიცდია. იმიტომ რომ მეც დამიკარგავს, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია. მაშინ უნდა ვითამაშო და ამ თამაშით ყველაფერს უნდა გადავუსვა ხაზი რაც კი კარგი იყო.. რაც კი საოცარი იყო.. ისიც, ვიცი რომ ესეც არ გესმის. როდესაც ვამბობ რომ საოცრება იყო და მუდმივად რომ მეკითხები, თუ ეგრე იყო  მაშინ რატომ მომინდა რომ დამემთავრებინა.. ისევ იქ მივდივართ, რომ რაღაც მომენტში ჩარჩოები დავიწროვდა, თან იმდენად რომ მხრებზე, თმებზე ვიგრძენი მათი შეხება.. ჰოდა, წამოვედი. იმდენჯერ და იმდენივესგან წამოვედი, რამდენჯერაც ეგ ვიგრძენი. და არასოდეს ვიხედებოდი უკან. დარწმუნებული ვარ მომავალშიც ეგრევე წამოვალ.
   მერე ჩვენ?
   ჩვენ რომ აღარ არსებობს.
   ჰო.. ახლა ვიცი რომ დაბლა იყურები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტკინა და ისევ აგევსო თვალები ცრემლებით.
   არც იარსებებს.. იყო. დროის რაღაც მომენტში. მზიან, თბილ ოთახნახევრიან ბინაში იყო. ჰო, ის საოცრება. მაგრამ დამთავრდა.
   ისევ ვერ იგებ, როგორ შეიძლება ის ნამდვილი ყოფილიყო და დამთავრებულიყო.
   ჰო, ნუ გიკვირს რომ შუბლს ვიკრავ და არაფერს გპასუხობ. რა გითხრა აბა?! ყველაზე დიდ შეურაცხყოფას მაყენებ მაგის თქმით და თან მერამდენედ. არგუმენტად კი გაქვს სრულიად არარაციონალური ფრაზა რომ ასეთი რამეები არ მთავრდება.
   რადგან არარაციონალურობამდე მივედით ისევ.. მაშ, დამტოვეთ ჩემს სრულიად აუხსნელ, ალოგიკურ და ირაციონალურ თავისუფლებასთან მარტო.

No comments:

Post a Comment