Sunday, October 28, 2012

ადამიანთა უდაბნო

   ,,ღობის გადაღმა, ქუჩაში, ბავშვები თამაშობენ. ვერ ვხვდები რა თამაშია. თან ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ.. მათი ყურება კარგი შეგრძნებაა. ჩემი ბავშვობა მახსენდება.. სოფელში გატარებული, გაშლილი სივრცეებით, ტყის მიღმა ჩამოთოვლილი მთებითა და სილაღით სავსე, ჩემი ჯადოსნური ბავშვობა.. რას შვრები?"

   ,,ჩემი სახლის წინ რომ მდელოზე ნაკადულია, იმ ნაკადულს ორი თოლია ევლება თავს.. თითქმის არ ამოძრავებენ ფრთებს ისე ლივლივებენ ჰაერში.. ალბათ, რამხელა სიამოვნებაა ასე ფრენა.. რას უყურებ?"

   ,,დღეს მზეა.. ოდნავ ქარი ქრის და ამიტომ ვერ იტყვი თბილაო.. მე აივანზე ვზივარ ქუდით და კაშნეთი შეფუთული და ჰესეს ვკითხულობ.. დრო მზის ჩასვლამდე მაქვს.. მერე ისევ აცივდება.. რას აკეთებ ამ წამს?"

   ,,წეღან მეზობელი იყო გადმოსული.. ეზოში ვისხედით. თან ვთბებოდით და თან ვუყურებდი როგორ ქსოვდა წინდას. უნდა გასწავლოო მიმეორებს ჯიუტად ჩემთვის გაუგებარ ენაზე.. მეც ჩემს დიასახლისს ვთხოვ გადაუთარგმნოს, რომ აუცილებლად ჩამოვიტან ქალაქიდან ძაფებს და ჩხირებს და აუცილებალდ ვისწავლი ქსოვას მისგან.. იღიმება თავისთვის და ჩხირების და თითების საოცარი სისწრაფით მოძრაობას აგრძელებს.. პირველივე აზრი რაც თავში მომდის არის ის, რომ აუცილებლად მოგიქსოვ წინდებს. ლურჯს.. შიბიანს.. სად ხარ?"

   ,,დღეს დილას სკოლაში მივდიოდი სწრაფი ნაბიჯით.. უცებ ძალიან ნაცნობი ხმა გავიგონე. სანამ გავაცნობიერებდი, წამის მეასედში გულიც ამიჩქარდა.. ჩემი თმები ალაპარაკდნენ ისევ. ისევ ისე შრიალებენ ყურთან თავისებურად.. მეჩურჩულებიან ამბებს, მზის, ქარის მოყოლილს და შეგრძნება რომ სმენითი სიცარიელეა ჩემს ირგვლივ სადღაც ქრება.. ჩემი თმები ალაპარაკდნენ, აშრიალდნენ.. ძველებურად.. რა ისმის შენს ირგვლივ ახლა? ამ წუთას?"

   არ გამოგზავნილი sms-ების ფოლდერში გადავაწყდი ამათ.. ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რომ არ ღირს.. არ ღირს აგაფორიაქო. იქ, შენთან ხომ ადამიანთა უდაბნოა, როგორც შენ და ანტუანი ეძახით.. შენთვის ისედაც რთულია მანდ ყოფნა და აღარ მინდა დაგიმატო. ამიტომაც, ძალიან იშვიათად გეხმიანები და მაშინაც სხვათაშორის მოგიკითხავ ხოლმე. მშრალად ვიწერები და შეკითხვაზე თუ როგორ ვარ, მარტივი სიტყვით გპასუხობ: ,,კარგად". არადა, ბევრი, უამრავი რამის, უამრავი გამორჩეული ,,აღმოჩენის", შეგრძნების, ბედნიერების მოწერა შემიძლია..
   არ ღირს აგაფორიაქო.
   ..................................................................................................................................

   ,,მალე ჩამოდი რა.. ეს ადამიანთა უდაბნო უკვე გაუსაძლისია.."

No comments:

Post a Comment