Wednesday, September 11, 2013

ელი


   http://www.youtube.com/watch?v=R7G8AYIa3Lk
 
   ელი იყო მოსული. ჩალურჯებული ლავიწებიდან მიმხმარი სისხლი ჩამოვბანე ცივი წყლით.
   ცხელი წყლიდან ავარდნილი ორთქლი ის არისო.
   ყველგან ვეძებეო.
   თავიდან მაღალი ბილიკებით დაუწყია, სუფთა ჰაერით, განთიადებით. წვიმიანი კალაპოტების გავლით ნელ-ნელა აღმოჩენილა ბინძურ მოსახვევებში, ჩაბნელებულ კედლებთან, ნესტშეპარულ იატაკქვეშ..
   აკლდამებში მეძინაო მის ძებნაში. მას ხომ მსგავსი რამეები სჩვეოდაო.
 
   ელის თმის ძირები გაუნახევრდა ღამე სიარულისგან.
   ძვლები ამოეჩხირა სხვებში შენი მოლანდებებით და მათი დევნისგან.
   ფრჩხილებქვეშ კანი გაულურჯდა თოკების დაქაჩვისგან.
   ელის ხმა დაეკარგა შენი არ პასუხისგან.

   ელისგან მოჩვენებაღა დარჩა. მე კი ჯიუტად ვცდილობდი რამდენიმე საათის განმავლობაში, ცივი წყლით ჩამომერეცხა მისი კანიდან ყველა მზერა, არაშენებური. ყველა შეხება, შენსმიმსგავსებული და სისხლის ბურთულების ღეჭვით მოთმენილი.
   რადგან, ცხელი წყლიდან ავარდნილი ორთქლი ის  არისო.

   ნუ მელაპარაკები სხივებზე, როდესაც დახეული ჯიბეებიდან გასხლეტილი კენჭები უფსკრულში ცვივიან. შენს ფეხქვეშ აწყვდიადებულ უფსკრულში.

   შენი ძალა ვერაფრით ეყოფა ჩემს ხელში აყვანას. მითუმეტეს, მას შემდეგ რაც ელი შემოვითვისე.

   საბოლოოდ ჩაკეტე კარი, სანამ დროა.
   არ მოვადგებით ღრიჭოებს.
   სხვა გზა გვაქვს მე და ელის.
   მასში არსებული შენი ილუზიის ნაკვალევს ახლა ორნი უნდა გამოვუყვეთ. სანამ ელი ჯერ კიდევ არსებობს და სანამ ცხელი წყლიდან ავარდნილ ორთქლში ჯერ კიდევ გგრძნობს.

   შეხვედრამდე. (არასოდეს).

 
 

No comments:

Post a Comment