Wednesday, June 5, 2013

სელ


   სელს შორიდან ვიცნობ. სულ რამდენიმეჯერ მყავს ნანახი. იმ ადამიანთა კატეგორიიდანაა, რაც არ უნდა ახლოს იყვნენ, მაინც რომ შორს არიან.
   ერთხელ, დილასაც ვნახე და საღამოსაც. ორივეჯერ ტროტუარის მეორე მხარეს. დილას მიდიოდა: წელში გამართული, წინ იყურებოდა ოდნავ მოჭუტული თვალებით. ყურსასმენებით. სელ ისე მიაბიჯებდა, გამეფიქრა, რომ იმ წუთას ის ქუჩა მხოლოდ სელისთვის არსებობდა და თითქოს მის უკან იკეცებოდა და ქრებოდა. 
   საღამოს: ისევ ყურასასმენებით, თავდახრილი და ბეჭებში მოხრილი. რომ არა იგივე ტანსაცმელი, ყურადღებას არც მივაქცევდი. სელ არ იყო დილანდელი. სელ მიაბიჯებდა და თითქოს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ტერფებს ძლივ-ძლივობით აგლეჯდა ქუჩას. ის ქუჩა აღარ იყო მხოლოდ სელისთვის.
   
   დაკვირვებული ვარ, არავის უყურებს თვალებში.. ძალიან იშვიათად და ისიც წამის მერომელიღაცე მეასედით.. მერე ისევ სივრცეში იწყებს ყურებას, მაგრამ გისმენს. იცი რომ გისმენს. 

   რამდენიმეჯერ მომეცა საშუალება, დავლაპარაკებოდი, მაგრამ სელის გარსი იმდენად შესამჩნევი იყო, რომ მივხვდი არ ღირდა. 

   წინა კვირას სელის წერილი მოვიდა:
   ,,გხედავ ხოლმე. ზოგჯერ, მაშინაც კი, როცა არ ხარ საჭირო და სადაც არ ხარ საჭირო..
   ნუ გადაეჩვევი ადამიანების თვალების ყურებას.. დამიჯერე, რთულია.. ისევ სჯობს, თავიდანვე გაუმკლავდე ამას. 
   არ გადაეჩვიო ადამიანებს. 
   რაღაცნაირი ხარ.. უხმოდ აჟღერებს კითხვებს. 
   ხშირად იმაზე მეტის ტარება გვიწევს, ვიდრე შეგვიძლია, ვიდრე გვინდა, ვიდრე ვიფიქრებდით და.. ირეალური ტვირთი გვხრის.. მერე გვავიწყდება, რომ დილა დგება და უნდა შევძლოთ გამართვა.. 
   ირეალური ტვირთი უხმოდ ამსხვრევს ძვლებს. და საფეთქლებთან ძარღვები იბერებიან. არარსებული ძარღვები.
   არ გადაეჩვიო ადამიანებს. 
   გხედავ ხოლმე. 
   გხედავ ხოლმე და მინდება გელაპარაკო რაღაცებზე, მაგრამ.. მაგრამ არ ღირს. შენ ჯერ კიდევ ანათებ შიგნიდან.
   გახსენი კარები სხვებისთვის.. სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია ეს.

   სელ."

   სელ მობრუნდა და უთხრა სივრცეს: ზოგიერთი გზა მარტომ უნდა გაიარო.
   ...........................................

   ეს კი შენ:
   მიყვარს ჩვენი ერთდროული არსებობა ერთმანეთისთვის, მაგრამ სხვადასხვა სივრცეში. 
   მიყვარს შენი ასოციაცია, თბილი შეგრძნება რომ მოჰყვება. ის რომ შეიძლება იყო, 23-ში რომ მიწერია. 
   ჩვენ არ წავალთ. იცი შენ საიდანაც და ვისგანაც. 
   არაუშავს თუ ვერაფერს მიხვდები.
   სელიც შენგანაა, შენთვის.

   

No comments:

Post a Comment