Monday, June 25, 2012

ინ.. დასაწყისში.

   ინ, მორჩა. უკან მიმაქვს ჩემი დაპირება, რომ არასოდეს მოგწერდი.. ვიცი, მთხოვე, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.
   ,,ასე ვერასოდეს მოახერხებ რომ გამიშვა, შესაბამისად მეც ვერასოდეს წავალ.. სადაც არ უნდა ვიყო, ვიგრძნობ რომ ძაფებს ჭიმავ და შენთან მაბრუნებ.. მე კი ასე ვერ შევძლებ.. მე ძაფები არ შემიძილია.. აღარ მომწერო.. გამიშვი.. ლურჯო, გაუშვი ინ.."
   . .  . . . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .
   
   ინ.. დასაწყისი გახსოვს? :) ჩემი ღიმილი და შენი შეკრული შუბლი..
   - მე ლურჯი ვარ.
   - .... ინ.
   - ინ?
   - ........
    ...........................................
   რამდენიმე დღის შემდეგ:
   მე გვერდით მჯდომს მივმართავ: ,,ეს წიგნი გადააწოდე ინს".. შენ გვიახლოვდები და შუბლშეკრული მომმართავ: ,,მე მქვია ინ?! ჩემი სახელი არ იბრუნვის. არ სჭირდება. იგულისხმება. მე მქვია ინ?! მხოლოდ ინ და არავითარი სახეცვლილებები?!" ..... მეღიმება. შენ ისევ შეკრული გაქვს შუბლი. მერე მზერა სხვაგან გაგირბის ან გადაგაქვს.. მინებს მიღმა იყურები.. ინ აქ აღარ არის..  და ჩემში შემოდის შეგრძნება, რომ შენი სახელი მართლაც მოიცავს ყოველივეს. შენ მოიცავ ყველაფერს. ინ არ სჭირდება ბრუნვა. ინ იგულისხმება..
.........................................................
   - ლურჯო, ვილაპარაკოთ?
   - ჰო.
   - მზისმიღმა ყოფილხარ?
   - მხოლოდ მარტო.
   ჩვენ მივდივართ მზისმიღმა.. შენ მარჯვნივ და ოდნავ წინ.. მშვიდად მიაბიჯებ, გვერდზე არ იყურები. მე ვხედავ მხოლოდ შენს თმებს. თმებში გამჭვირვალობამ იმატა..
   ინ ამბობს რომ მოვედით.. ინ ჯდება.. მუხლებში მოკეცილ, გადაჯვარედინებულ ფეხებზე ხელებს ალაგებს, ჯვარედინად.. იყურება ჩემს მიღმა და ამბობს რომ დავჯდე.. ჰო, ვერ ვიტყვი რომ მე მომმართავს.. მე ვჯდები მის წინ, ოდნავ გვერდით.. ინ სახეზე სხივები ადგას.. მისი თმები ოქროსფერდება. ინ ღრმად სუნთქავს.
    - ვილაპარაკოთ ლურჯო, - თვალებს ხუჭავს, ხელები ჩემს თვალებთან მოაქვს, ოდნავ მეხება.. და ჩემში ისევ შემოდის შეგრძნება, რომ ინ ლაპარაკობს.. ინ მიყვება მხოლოდ ერთ ამბავს.. ინ ჩემში შემოდის შეგრძნებად..
   . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .  . .

    ინ, წეღან ძაფები იგრძენი? ჰო, მე ვიყავი.. ამჯერად საკმარისია.. მე გიშვებ.. თუმცა - დროებით.

No comments:

Post a Comment