Wednesday, June 13, 2012

ხელის მტევნები.. ინ.



 ინ, მახსოვს რომ დაგპირდი, აღარ მოგწერ წერილებს-მეთქი. აქამდე არც მომიწერია.
 ინ, გუშინ ღამე ისევ დამესიზმრნენ ხელის მტევნები, უმაჯებო ხელის მტევნები საკუთარ კისერზე.. ინ, ძარღვებიც კი ზედ ჰქონდათ.

 ინ, შემეშინდა და გულაჩქარებულმა გავიღვიძე. ხელები ყელზე მქონდა შემოხვეული და ვყვიროდი. საკუთარმა, ვერგაჟღერებულმა, ხორხში დაგუბებულმა ღრიალმა გამაღვიძა, ინ.

 ეგრევე მარჯვნივ გამოვიხედე და ინ.. სიცარიელე.. ხელით მოვსინჯე, შუქის ანთებისაც კი შემეშინდა. შემეშინდა რომ ხელის მტევნები იქვე ეყრებოდა, საბანზე, ბალიშთან, იატაკზე, მაგიდაზე.. ხელით რომ მოვსინჯე შენი ადგილი, შემდეგ ხელის აღებისაც კი შემეშინდა.. ასე მეგონა ყველგან უმაჯებო, ძარღვებიან ხელებს გამოვედებოდი..

 როცა წავალ, ხელის მტევნებსაც აუცილებლად თან გავიყოლებო, - ხომ დამპირდი?!
 ინ, ბრუნდები?
 ინ, ხელის მტევნები შემომეხვივნენ ისევ.
 და, ინ.. მეშინია. ისევ ისე მეშინია დაძინების და საკუთარი სიზმრების.

 ხელის მტევნები, ინ.

No comments:

Post a Comment