Wednesday, March 18, 2015

ოსნე მომიყვა


   ოსნე ნორვეგიელი ჟურნალისტია. ჟურნალისტი, რომელსაც მსოფლიოს ცხელ წერტილებში სიარულის არ ეშინია და იქ მოსმენილ და დანახულ ამბებს შემდეგ მთელ დანარჩენ მსოფლიოს უყვება, გულწრფელად, უშუალოდ, გადამეტებისა და გამუქების გარეშე.

   მე ვცხოვრობ საქართველოში, თბილისში.
   ჩეჩნეთი საქართველოს ჩრდილოეთით მდებარეობს.
   ჩეჩნეთის დედაქალაქია გროზნო.
   თბილისიდან გროზნომდე სულ რაღც 307 კილომეტრია.

   ჩეჩნეთსა და საქართველოში მოედინება მდინარე არღუნი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თეოს და მისი შვილების სიცოცხლე მიისაკუთრა. ოსნე კი მომიყვა, რომ არღუნს ჩრდილო მთებიდან ათასობით ადამიანის სისხლი მოაქვს, უამრავი ადამიანის ტკივილი - პირდაპირი გაგებით - ფიზიკური წამება - და გადატანითი მნიშვნელობითაც..
   მერე დავფიქრდი, რომ არღუნის მუდმივი ხმაური, დაუდეგრობა და თითქოსდა შორიდან აღქმული სიბოროტე, იქნებ მუდმივი შეწინააღმდეგებაა იმ ფაქტისადმი, რომ ძალიან ბევრი უსამართლობის ნახვა უწევს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ. იქნებ, იმიტომაც ვერ მივეკარე ვერაფრით, ვერაფრით მოვიწონე, ვერაფრით ვიგრძენი თავი მშვიდად, ვერაფრით შევიყვარე, როცა მუცოში, მის ნაპირთან დავბანაკდით, რომ არც უნდოდა მივკარებოდი და შემყვარებოდა. იქნებ, ეცადა გამფრთხილებოდა. იქნებ, თავიც კი აქვს მობეზრებული და აღარ უნდა ამდენ სისხლს დაატარებდეს.. არ ვიცი.

   ოსნე მომიყვა, რომ ადამიანთა სისასტიკეს საზღვარი არ აქვს, რომ იენს ბიორნებუს მიერ თავის ტრილოგიაში აღწერილი 15 ადამიანური სიმხეცე, უკვე კარგა ხანია ყავლგასულია, რომ მას მერე ადამიანები წინ წავედით. ძალიან ღრმა, მნიშვნელოვანი და ფანტაზიას გაცდენილი წინსწრება გვაქვს ამ საკითხში.

   ოსნე მომიყვა ჩემი თანატოლების ყოველდღიურობაზე, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩემი ჯადოსნური ბავშვობისგან, უზრუნველი თინეიჯერობისგან და ამჟამინდელი წონასწორობისგან.

   თავის დროზე, დედას და მამას, რომ არ ეზრუნათ და ალყაშემორტყმული ბიჭვინთიდან რომ არ გამოვერიდებინეთ, იქნებ, მეც მეგრძნო, როგორია:
   ვერ იღებდე საკუთარ თავს.
   გძულდეს საკუთარი სხეული, რომელსაც ახლობელი ადამიანები ისე ეხებიან, როგორც არ უნდა შეეხოს არასდროს არავინ არავის სხეულს.
   გეზიზღებოდეს შენი არსებობა, რადგან ვერ გაუფრთხილდი საკუთარი დის ან ძმის სიმშვიდეს, დაუმახინჯებლობას, სიცოცხლეს.
   არ გაგაჩნდეს ღირსება, რადგან იმდენად პატარა იყავი, რომ თავს ვერ დაიცავდი და დიდებმა ამით ისარგებლეს.
   კლავდე მიუსაფარ ძაღლებს, რადგან შენდაუნებურად გადაგქონდეს აგრესია მათზე.
   ახალ წელს, ნაძვის ხეს ადამიანის ძვლებით რთავდე.
   ვერ იყურებოდე სახლის ზღურბლისკენ, რადგან ყოველ ჯერზე ხედავდე, როგორ დახვრიტეს მეოთხე შვილი სწორედ ამ ადგილას.
   ვერ ენდობოდე ვერავის, რადგან ვისაც ენდე, ყველამ გიღალატა. ყველამ გამოგიყენა.
   ვერ ამბობდე საერთოდ ვერაფერს, არათუ სიმართლეს, რადგან ყოველი შენ მიერ წარმოთქმული სიტყვა არამხოლოდ სხვების სიცოცხლეს ემუქრება, არამედ სხვების წამებას გულისხმობს.
   ვერაფერს უხერხებდე საკუთარ თავს და იპარავდე სხვების პურისთვის განკუთვნილ ფულს, რომ ერთხელ მაინც მიხვდე, რა გემო აქვს ნაყინს, სნიკერსს..
   არ გინდოდეს საკუთარი სამშობლოს დატოვება და სხვა გზა არ გქონდეს.
   სული გქონდეს დაჩეხილი და ვერაფრით აწებებდე ერთმანეთზე ნაფლეთებს
   გყავდეს ღმერთი, რომლისაც ისე ბრმად გწამს, რომ ერთხელაც შაჰიდის ქამარს შემოიჭერ და დაასრულებ ამ ნაწამებ-ნათრევ ცხოვრებას უდანაშაულო სხვებთან ერთად.

   უამრავი მსგავსი რამ მითხრა ოსნემ.
   მე კი ვერაფრით მოვიშორე აზრი, რომ უბრალოდ შემთხვევითი შერჩევის შედეგია, იმ ადამიანების - ჩემი თანატოლების ადგილას - რომ არ აღმოვჩნდი. რომ უბრალოდ სადღაც გაგორებული კამათლის ბრალია, მათ ეს ყველაფერი რომ გამოიარეს და მე არა, რომ ზუსტად ამ წუთას, როდესაც მე ამ ყვლაფერს ვწერ, თითქმის 100%-იანი ალბათობა არსებობს, რომ ათეულობით ადამიანს აწამებენ, რომ მორიგ პატარას უმახინჯდება სული, რამდენიმე ჩემი თანატოლი ნანგრევებში ეძებს ახლობლების, მშობლების ნაწილებს. რომ სადღაც, ხიდის ქვეშ ცხოველებს კლავენ. მერე ჭამენ. შიათ, მეტი არაფერი.

   ეს ყველაფერი ერთი დიდი უსამართლობაა.
   ომის ყველაზე დიდი მსხვერპლი უდანაშაულო მოსახლეობაა. ადამიანები, რომელთაც ამ ერთხელ საცხოვრებელ ცხოვრებაში მხოლოდ სულიერი და ფიზიკური ტიკივილები ერგოთ წილად.
   ეს რომელი კანონზომიერებაა??

   ოსნემ ეს ყველაფერი პირველ პირში მოისმინა.
   ძლიერი ქალია ოსნე. ძალიან ძლიერი.

   ,,ისე ძლიერად მირტყამდნენ, მეგონა, თავი გამისკდებოდა. იქაურობა წითლად შეიღება, ფეხზე დგომას ვეღარ ვახერხებდი, ბევრჯერ იატაკზეც დავეცი. იმათ... იმ ბიჭებმა ნამდვილად იციან, ცემა როგორ უნდა. ადამიანს წამში გაანადგურებენ. იმ წუთებში მხოლოდ ერთი რამ მსურდა: მინდოდა, ეს სამყარო ერთხელ კიდევ მეხილა. ოთახს ფანჯარა კი ჰქონდა, მაგრამ იმ ფანჯრიდან მხოლოდ აგურის კედელი მოჩანდა. ეზოს კი დაგეშილი ძაღლები იცავდნენ. ისტორიები ადამიანთა გატაცების, მათი წამებისა და უგზო-უკვლოდ გაქრობის შესახებ მანამდე არა ერთხელ მსმენოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ მეც იმავე საფრთხის წინაშე ვიდექი." - უყვება ოსნეს ერთ-ერთი ჩეჩენი.


   ის, რომ ეს ჩვენს თავს არ ხდება, არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ხდება.
   https://www.facebook.com/video.php?v=10152084702709262&set=vb.19298409261&type=2&theater


   

Monday, February 9, 2015

ჩრდილი


   https://www.youtube.com/watch?v=CIol7boWHAs

   რამდენიმე თვის წინ, როდესაც მთიდან ბილიკს მოვუყვებოდი მარტოკა, გამიელვა კითხვამ: რა მინახავს ერთდროულად ყველაზე საინტერესოც და იდუმალიც?
 
   - ადამიანის ჩრდილი. ზურგჩანთიანი ადამიანის მოძრავი ჩრდილი მთის საცალფეხო ბილიკზე. ოდნავ წელში მოხრილი, მიწისკენ ჩახრილი თავით და მოძრავი, მუდმივად მოძრავი. 

   ყველაფრისმთქმელი კადრი.
   ფიქრებისმშობი კადრი.

   რაზე ფიქრობს?
   რა აწუხებს?
   რა სტკივა? (სტკივა კი რამე?)
   რა უყვარს?
   რა აღაფრთოვანებს?
   რას აყურადებს ხოლმე?
   რაზე ოცნებობს?
   საით მიდის?
   ვინმესკენ მიდის თუ ვინმესგან მიდის?
   რა არის მისი მაცოცხლებელი ძალა?
   თავისუფალია?
   სიზმრები ამახსოვრდება?
   სულის ადამიანი ჰყავს?
   საკუთარ ანარეკლს თვალს უსწორებს ხოლმე?
   .....................................................
   ..............................................................
   ......................................................................

(c) O.Tatarashvili

   
   არაფერი მინახავს უფრო ლამაზი და იდუმალი, ვიდრე მთის საცალფეხო ბილიკზე მიმავალი ადამიანი და მისი ჩრდილია..



Tuesday, February 3, 2015

27 თვე


https://www.youtube.com/watch?v=LovHtMJxnu4

არქივი და ერთი ღერი სიგარეტი.
ლურჯად განათებული 3 კედელი.
ხედი ფანჯრიდან - ჩაწყვდიადებული ელვარე სითეთრე.

დავიბრუნებდი, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე საათით.
დავბრუნდებოდი ყველასგან დაცლილ იმ სახლში ერთადერთი დღით.
ვიბორიალებდი მოგონებებში.
დღეს ჩვეულებრივ მუსიკით, მშვიდი მუსიკითა და ერთი ღერი სიგარეტით დავასრულებდი.
დავხურავდი ფანჯარას და შევიყუჟებოდი საბნებქვეშ.

დავბრუნდებოდი 2 წლის წინ. დაუფიქრებლად.


Saturday, December 6, 2014

Dec.I.


   https://www.youtube.com/watch?v=iI3kHvrtJn8
 
   იქ, ჩვენს სახლში ისევ თბილა.
   ბარდნის. მე ვდგავარ აივანზე და ვუყურებ გადათეთრებულ არე-მარეს, ჭამდე გაკვალულ ბილიკს.
   შენ ამოდიხარ კიბეებზე, ხელებში აკოკოლავებული დაჩეხილი შეშით და ამბობ:
   - გხედავ. ისუნთქე.
 





   ეს უკვე გაგრძელებაა.




 
   

Thursday, November 6, 2014

რეალობა vol.3


   რომ ვიცოდე, ყველაფერს სწორად გაიგებ.
   რომ ვიცოდე, გჭირდება ამის ცოდნა.
   რომ ვიცოდე, არაფერი შეიცვლება და არ დაიწყება ისევ ჯოჯოხეთური წრე ორივესთვის

   გეტყოდი:
   როგორ მომენატრე,
   როგორ მტკივა ჩვენი ეს რეალობა,
   როგორ გავნადგურდი დღეს რომ დაგინახე და მომიწია ჩვეულებრივი ნაცნობები ვყოფილიყავით.
   როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ, შორიდან მაინც დამენახე დერეფანში. ერთმანეთისთვის ხელი დაგვექნია და გაგვეღიმა, როგორც ადრე. ლექციებს შორის, შესვენებებზე.
   როგორ მეტკინა ყველა შენი კითხვა, რომელზეც მე აუცილებლად მარტივი და სასხვათაშორისო პასუხები უნდა გამეცა.

   რომ დავინახე და არ გამომპარვია შენი ხელის მოძრაობა, სულ რაღაც 2-3 წუთით საუბრისას გულზე რომ ნერვულად დაირტყი რამდენიმეჯერ. ალბათ, მთლიანად დაგფოთლა ღელვისგან, რომელსაც ცდილობდი, არ შეგტყობოდა.
   რომ, როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზი ხარ და საოცრად გიხდება რულჯი თმები.

   რომ დავიჭირე ყველა მზერა და მივხვდი, რატომაც მიყურებდი ასე.
   რომ არ მეჩქარებოდა იმ ლექციაზე, უბრალოდ, მგონია, რომ გტანჯავ ჩემი ყველა გამოჩენით.
   რომ შემეძლო, საერთოდ არ შევსულიყავი იმ ლექციაზე.

   რატომ მოვედით აქამდე? აქამდე, როცა არ შემიძლია გითხრა, როგორ მიყვარხარ, როგორ საშინლად მენატრები და როგორი მძიმე ხარ.

   დღეს, როგორც არასდროს, ისე ჩვენზეა ამ სიმღერის ბოლო ნაწილი (2:15):
   https://www.youtube.com/watch?v=XRjZ_3ZLL_I


   

Monday, September 15, 2014

ამინდები


   https://www.youtube.com/watch?v=LNwBAPfshKI

   ოლაფურის ამინდები მოდის.
   ყურებში მუსიკის ნახევარ ხმაზე და ყურებსგარედან ქარის შემოშვების ამინდები დგება.
   მოუნახულებელი ადგილების მონატრების დღეები იწყებენ სვლას მოპირდაპირე მხრიდან. შემოსახვედრად.
   მიწაზე ჩამონაცვლებული გამოღვიძების დრო.

   მე გიცით ყველა ადამიანი, ვინც ჩემი სახლის გზას ადგებით ხოლმე.

   ,,- შენ არ გეცოდინება ჩემი სახლი, ნინა. მე ვიცი ყველა, ვინც კი ოდესმე ჩემს სახლში მიმიყვანია და შენ არ ხარ მათ შორის.
   - ოდესმე თუ ვიქნები?
   - ახლა ვფიქრობ, რომ - კი.
   - კარგია.. გმადლობ."

   
   ისლანდიური ამინდები მოდიან. 

   და ჩვენ გადავრჩებით. კიდევ ერთხელ. მეგობარო.