Monday, February 9, 2015

ჩრდილი


   https://www.youtube.com/watch?v=CIol7boWHAs

   რამდენიმე თვის წინ, როდესაც მთიდან ბილიკს მოვუყვებოდი მარტოკა, გამიელვა კითხვამ: რა მინახავს ერთდროულად ყველაზე საინტერესოც და იდუმალიც?
 
   - ადამიანის ჩრდილი. ზურგჩანთიანი ადამიანის მოძრავი ჩრდილი მთის საცალფეხო ბილიკზე. ოდნავ წელში მოხრილი, მიწისკენ ჩახრილი თავით და მოძრავი, მუდმივად მოძრავი. 

   ყველაფრისმთქმელი კადრი.
   ფიქრებისმშობი კადრი.

   რაზე ფიქრობს?
   რა აწუხებს?
   რა სტკივა? (სტკივა კი რამე?)
   რა უყვარს?
   რა აღაფრთოვანებს?
   რას აყურადებს ხოლმე?
   რაზე ოცნებობს?
   საით მიდის?
   ვინმესკენ მიდის თუ ვინმესგან მიდის?
   რა არის მისი მაცოცხლებელი ძალა?
   თავისუფალია?
   სიზმრები ამახსოვრდება?
   სულის ადამიანი ჰყავს?
   საკუთარ ანარეკლს თვალს უსწორებს ხოლმე?
   .....................................................
   ..............................................................
   ......................................................................

(c) O.Tatarashvili

   
   არაფერი მინახავს უფრო ლამაზი და იდუმალი, ვიდრე მთის საცალფეხო ბილიკზე მიმავალი ადამიანი და მისი ჩრდილია..



Tuesday, February 3, 2015

27 თვე


https://www.youtube.com/watch?v=LovHtMJxnu4

არქივი და ერთი ღერი სიგარეტი.
ლურჯად განათებული 3 კედელი.
ხედი ფანჯრიდან - ჩაწყვდიადებული ელვარე სითეთრე.

დავიბრუნებდი, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე საათით.
დავბრუნდებოდი ყველასგან დაცლილ იმ სახლში ერთადერთი დღით.
ვიბორიალებდი მოგონებებში.
დღეს ჩვეულებრივ მუსიკით, მშვიდი მუსიკითა და ერთი ღერი სიგარეტით დავასრულებდი.
დავხურავდი ფანჯარას და შევიყუჟებოდი საბნებქვეშ.

დავბრუნდებოდი 2 წლის წინ. დაუფიქრებლად.


Saturday, December 6, 2014

Dec.I.


   https://www.youtube.com/watch?v=iI3kHvrtJn8
 
   იქ, ჩვენს სახლში ისევ თბილა.
   ბარდნის. მე ვდგავარ აივანზე და ვუყურებ გადათეთრებულ არე-მარეს, ჭამდე გაკვალულ ბილიკს.
   შენ ამოდიხარ კიბეებზე, ხელებში აკოკოლავებული დაჩეხილი შეშით და ამბობ:
   - გხედავ. ისუნთქე.
 





   ეს უკვე გაგრძელებაა.




 
   

Thursday, November 6, 2014

რეალობა vol.3


   რომ ვიცოდე, ყველაფერს სწორად გაიგებ.
   რომ ვიცოდე, გჭირდება ამის ცოდნა.
   რომ ვიცოდე, არაფერი შეიცვლება და არ დაიწყება ისევ ჯოჯოხეთური წრე ორივესთვის

   გეტყოდი:
   როგორ მომენატრე,
   როგორ მტკივა ჩვენი ეს რეალობა,
   როგორ გავნადგურდი დღეს რომ დაგინახე და მომიწია ჩვეულებრივი ნაცნობები ვყოფილიყავით.
   როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ, შორიდან მაინც დამენახე დერეფანში. ერთმანეთისთვის ხელი დაგვექნია და გაგვეღიმა, როგორც ადრე. ლექციებს შორის, შესვენებებზე.
   როგორ მეტკინა ყველა შენი კითხვა, რომელზეც მე აუცილებლად მარტივი და სასხვათაშორისო პასუხები უნდა გამეცა.

   რომ დავინახე და არ გამომპარვია შენი ხელის მოძრაობა, სულ რაღაც 2-3 წუთით საუბრისას გულზე რომ ნერვულად დაირტყი რამდენიმეჯერ. ალბათ, მთლიანად დაგფოთლა ღელვისგან, რომელსაც ცდილობდი, არ შეგტყობოდა.
   რომ, როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზი ხარ და საოცრად გიხდება რულჯი თმები.

   რომ დავიჭირე ყველა მზერა და მივხვდი, რატომაც მიყურებდი ასე.
   რომ არ მეჩქარებოდა იმ ლექციაზე, უბრალოდ, მგონია, რომ გტანჯავ ჩემი ყველა გამოჩენით.
   რომ შემეძლო, საერთოდ არ შევსულიყავი იმ ლექციაზე.

   რატომ მოვედით აქამდე? აქამდე, როცა არ შემიძლია გითხრა, როგორ მიყვარხარ, როგორ საშინლად მენატრები და როგორი მძიმე ხარ.

   დღეს, როგორც არასდროს, ისე ჩვენზეა ამ სიმღერის ბოლო ნაწილი (2:15):
   https://www.youtube.com/watch?v=XRjZ_3ZLL_I


   

Monday, September 15, 2014

ამინდები


   https://www.youtube.com/watch?v=LNwBAPfshKI

   ოლაფურის ამინდები მოდის.
   ყურებში მუსიკის ნახევარ ხმაზე და ყურებსგარედან ქარის შემოშვების ამინდები დგება.
   მოუნახულებელი ადგილების მონატრების დღეები იწყებენ სვლას მოპირდაპირე მხრიდან. შემოსახვედრად.
   მიწაზე ჩამონაცვლებული გამოღვიძების დრო.

   მე გიცით ყველა ადამიანი, ვინც ჩემი სახლის გზას ადგებით ხოლმე.

   ,,- შენ არ გეცოდინება ჩემი სახლი, ნინა. მე ვიცი ყველა, ვინც კი ოდესმე ჩემს სახლში მიმიყვანია და შენ არ ხარ მათ შორის.
   - ოდესმე თუ ვიქნები?
   - ახლა ვფიქრობ, რომ - კი.
   - კარგია.. გმადლობ."

   
   ისლანდიური ამინდები მოდიან. 

   და ჩვენ გადავრჩებით. კიდევ ერთხელ. მეგობარო.


Saturday, June 21, 2014

VI(3) - I

   http://www.youtube.com/watch?v=S0TmZodLTKI 

   კიდევ ერთი წელი მობრუნდა.
   მე ისევ იგივე მთის გზას უნდა შევუყვე. (კიდევ ერთი დამღლელი და ნიშანდობლივი(?) დამთხვევა(?)).
   ამჯერადაც და ჩვეულებრივ - უშენოდ.
   არც ეს არის სატარებლად აუტანლად მსუბუქი..

   შენზე ფიქრები თვალებდახუჭულად სპირალებზე სიარულის შეგრძნებასავითაა. წრეებზე.


   ნამასტე.