Tuesday, June 7, 2016

რიგითი

  
   ზოგჯერ ძალიან კარგია, ადგე ადრე და იცოდე, რომ არსად გეჩქარება.

   გაჰყვე პირველივე ფიქრს და დარგო ხეები არარსებულ მიწაზე. არარსებული სახლის ეზოსთვის. სხვადასხვა ხეები, რომ შემოდგომაზე ბარათებისთვის ბევრნაირი ფოთლები გქონდეს.. ნეკერჩხალი, ალვა, ტირიფი, რცხილა, წიფელი, ცაცხვი, აკაცია, ერთიც ნაძვი - ახალი წლისთვის. დატოვო ადგილი ხეების უკან - აივნიანი ხის სახლისთვის..

   უყურო ჩაის როგორ ასდის ორთქლი და უსმინო წვიმის ხმას.

   არ გაგახსენდეს არავინ.




Sunday, June 5, 2016

^^ far ^^ mate ^^



 


უსათაურო
ავტორი: გურამ თიკანაძე
წელი: უცნობი.


Sunday, May 29, 2016

another hole


   https://www.youtube.com/watch?v=lZYjf8OMFaI

   რას უხერხებენ ადამიანები ასოციაციებს?
   როგორ უნდა მოერიო ყველაფერში გამოჟონილ ჩავლილ ადამიან(ებ)ს?

   წიგნები თაროზე - სახელითა და გვარით.
   მუსიკა - თითქმის ყველა ფოლდერში.
   ფრაზები - მეგობრებისგან წამოცდენილი.
   მზის სხივი ფოთლებს შორის - პარალელური კადრი ტოტებზე ანგელოზებშემომსხდარ ცაცხვზე.
   ახალი ხილის სურნელი სახლთან - მინიშნება, რომ ახლა სწორედ ის დროა, ჩანთას რომ უნდა ვალაგებდე და მთის განსაკუთრებულად საყვარელი ბილიკებისკენ უნდა მივეშურებოდე.
   და რა მოსთვლის..

   და როგორ იქნება იქ ის ყველაფერი?
   ვინ ჩაალაგებს კესანეებსა და სხვა მინდვრის ყვავილებს მთავარ ბოძზე მიჭედებულ ,,ლარნაკში"?
   ვინ შემოიხურავს ,,ეზოს" კარებს?
   ვინ გაეხმიანება ხევისბერს?
   ვის მოუყვებიან მოხუცები თავიანთ ამბებს?
   ვის შეუყეფენ მაღალ საძოვრებზე ძაღლები?
   ვინ უნდა გადაუსხას სიცოცხლე მიტოვებულ სოფელს?

   ყველაფრის - მცირე დამწვრობებისა და ღრმა იარების მიუხედავად, ასე მგონია, სული სასიკეთოდ გადასხვაფერდა ამ წლების განმავლობაში.

   იმ მთისკენ, შენსკენ - თქვენსკენ მომავალი, ბოლო წერტილში, სადაც ჯერ კიდევ იყო კავშირი, ვგზავნიდი მოკლე წერილს: ,,ადიოს, ამიგა" და არავინ იცოდა, როდის იქნებოდა შემდეგი წერილი: ,,ოლლა, ამიგა"..

 

   გმადლობ.
   ადიოს, ამიგო.

 
   

Wednesday, May 25, 2016

#freesavchenko


 

25.V. 2016.
she is free.
Nadia is free.

Monday, May 16, 2016

ლიზა

 
   ამოფარფატდა საფეხურებზე სევდიანი ღიმილით და თქვა:

   Там огромная бабочка лежит.. пока живая.. 
   И я не знала что с ней сделать.  
 
   ნიავივით, რომელსაც არსად ეჩქარება.
   სიფრიფანა, მაგრამ არაცარიელი ხმით.

   ლიზა, გოგონა, რომელსაც უყურებ და ფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს ხელშეუხებელი, ეთეროვანი ჰარმონია მატერიალურ სამყაროს მიღმა.
   სხვაგვარად - შეუძლებელია.

 
   

Saturday, May 7, 2016

Sing for me raven


 
   https://www.youtube.com/watch?v=SZtZIUgY0IM

Photo by Tai
   
   2 მაისი, 2016წ.
   სტამბული, თურქეთი.


   Don't show your wrists to everyone..


Tuesday, April 5, 2016

კატ-მან-დუ..


   მა,

   შენ დაგავიწყდა გესწავლებინა, რა უნდა გავაკეთო ასეთ დროს.. როდესაც მინდა, გელაპარაკო, როდესაც მონატრება ყელში მაწვება და შენზე მოგონებები თვალებიდან მოცურავენ.. როდესაც, ვცდილობ, დაგინახო და ვერ.. როდესაც მინდა, რომ გვერდზე იჯდე და არ.. როდესაც..

   მა, შენ, ალბათ, ვერ მოასწარი გეთქვა, რა უნდა გავაკეთო მაშინ, როდესაც ვხვდები, რომ მავიწყდები, ვხვდები, რომ ხელიდან მისხლტები.. არა - ეგ ადრე მოხდა.. როდესაც შენთან დაკავშირებული ძაფები წყდებიან.. მირჩევნია ვერასოდეს მივხვდე, რომ ბოლოც..

   მა, მე მიყვარს რჩეულიშვილი. მაგრამ მერჩივნა მყვარებოდა იმიტომ, რომ შენ ამიხსნიდი რაღაცებს, შენ წამიკითხავდი მოთხრობებს და არამხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, ძალიან გიყვარდა.. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ მიზეზით არა, მაგრამ უფრო მეტად ამიტომ..

   მა, ფოფიმ მითხრა: მამა მომენატრაო?! მე კი შენ გეკითხები: რატომ არ მასწავლე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთ დროს?? რა უნდა მეთქვა?? ........... ზურგით ვიწექი.. საბანი გავისწორე და ცივად ვუთხარი: კაი, ერთი-მეთქი.. მეტი ვერაფერი.. მერე რატომღაც ყელში მომდგარი ცრემლების ყლაპვას მოვუნდი მთელი ღამე დაუსრულებლად..

   მა, სოფელში მე შენს საწოლში მძინავს.. რატომღაც ისე მოხდა, რომ არც გასჩენია სხვას რაიმე სხვა იდეა.. შენი მაგიდა დგას გვერდზე და ფანჯრებიდან ისევ ისე მოჩანს ლურჯი, ლურჯი, ლურჯი ცა.. რომელიც მარტო ჩვენი ფანჯრებიდანაა ასეთი.. ლურჯი.

      მა, ალბათ ისევ ისეთი სიამოვნებით დავჯდებოდი ბუხართან ზამთარში და ძალიან დიდი ხანი არ მოვაცილებდი თვალს ფანჯრებიდან თოვას.. მოვუსმენდი ფიფქებს.. მერე ადგილს შევინაცვლებდი, რადგან ამ მხრიდან ძალიან დამცხებოდა.. და თვალდახუჭული ღრმად შევისუნთქავდი ხის ოდის სუნს, რომელიც შენი ბავშვობიდან მოდის.. მაგრამ, მა, ის სახლი შენი დასაფლავების ღამეს დაიწვა.. ისე წაეკიდა ცეცხლი, რომ ვერავინ გავიგეთ.. და მე ვეღარ მოვასწარი ბებოს ნაქონი ტახტის - რომელიც ასე გიყვარდა, მართალია გაფუჭებული, მაგრამ მაინც - გუგულიანი საათის და რუკების გამოტანა.. მა, ის ხომ ჩვენი რუკები იყო.. საქართველოს რუკაზე კუთხეების მიხედვით  სახასიათოდ ჩაცმული ადამიანები ეხატა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა კი..

   კატ-მან-დუ..
   კატ-მან-დუ..
   კატ-მან-დუ..
   კატ-მან-დუ..
   რატომღაც რუკაზე საჩვენებელი ჯოხი (სინამდვილეში - ფარდის გადასაწევი) ყველაზე ხშირად ამ ქვეყანას ხვდებოდა.. ქვეყანას, რომლის დედაქალაქიცაა კატმანდუ.. შენ მერე იცინოდი, მე რომ ასე ხშირად ვიმეორებდი და ვმარცვლავდი ამ სიტყვას.. და მა, თვალებთან კეთილი ნაოჭები გიჩნდებოდა სიცილისას..

   მა, ტყეში, სოფლიდან შორს, შეშაზე წასვლა მომენატრა.. გზად მშვიდი სიარული.. როცა ვლაპარაკობდით. აღარ მახსოვს, რაზე.. მერე მე უმეტესად ნაკადულთან ვთამაშობდი, ტყის სიღრმეში, ხევში, სანამ შენ ხმელ და წაქცეულ ხეებს წამოსაღებად ამზადებდი.. ყოველთვის იყო ჩემთვისაც პატარა, თოკით შეკრული ფიჩხები, რომ მე მცოდნოდა, საქმისთვის ვიყავი წამოსული, ისე კი არა.. მერე აქეთობისას.. უკვე დაღამებულზე.. შენ ჩუმად უსტვენდი ფილმებიდან მელოდიებს.. მგონი, უმეტესად ქართული ფილმებიდან.. ცაზე კი ვარსკვლავები.. და მე დღემდე ცაზე ყოველთვის ამ თანავარსკვლავედს ვეძებ პირველად - შემდეგ დანარჩენებს.. ვპოულობ დიდი დათვის თანავარსკვლავედს და ვიცი, რომ ეს ცა მშობლიურია.. რომ ამ თანავარსკვლავედს მიღმა, სადღაც შენი აჩრდილი ილანდება.. რომ მე არასოდეს ამერევა გზა, თუკი ვხედავ დიდ დათვს..


   - კატ-მან-დუ.. კატ-მან-დუ.. კატ-მან-დუ..
   - ................
   - კატ-მან-დუ.. კატ-მან-დუ..
   - ჰო, კატმანდუ :) ნეპალის დედაქალაქი.
   - კატ-მან-დუ.. კატ-მან-დუ..
   - ჩემი კატმანდუ გოგონა.

 
 



   (2008წ.)