Sunday, January 20, 2019

Monday, January 7, 2019

ფლეშბექი - ჩვენი მოგონებების სახლი


   სიზმარივითაა ფლეშბექი. ემოციურად საწყის წერტილს ვერ ვიხსენებ. თითქოს სულ იყო.
   სიზმარივით - რაღაც მომენტიდან რომ იწყებ აღქმას, მაგრამ ამ ,,რაღაც მომენტს" ვერაფრით იხელთებ...

   სტანდარტულად რომ მივყვეთ, ყველაფერი დაიწყო ერთ ცივ ზამთარ-გაზაფხულის გასაყარზე, როდესაც ჯავახეთიდან ჩამოვედი და მარისთან და თაისთან ერთად ქიაჩელის პარკში ვისხედით.. და შემდეგი მთელი 5 წელი.. ჩვენი ზრდის, ცვლილებების, ქარტეხილების, ბედნიერებების, ყველაზე ძვირფასი და მწარე მომენტების მთელი ხუთი წელი..
   მაგრამ, არა.. რამდენჯერაც გამეფიქრა, რომ დაიხურა, რომ ფლეშბექი აღარ იქნება, თითქოს დაცვის მექანიზმი მერთვება და მოდის კადრი.. ადრე გაზაფხულია. ათონელის ფლეშბექში ვდგავარ ბართან ახლოს, სკამები ალაგებულია, კარი შეღებული და გარედან შემოსული სხივები გამჭვირვალე, აღქმად, თბილ ფარდას ქმნიან. ვდგავარ და არ ვინძრევი, რადგან დიდი, მელანქოლიური ზამთრის შემდეგ პირველი სხივებია, ასე რომ გვიყვარს მე და მარის და მთელი თებერვალი ველოდებოდით, როდის ჩამოაღწევდნენ სხივები ბოლო საფეხურებამდე, კარამდე და პირველ მაგიდამდე.. შოპენის ეტიუდით გაფორმებულ მაგიდამდე.. მე არ ვინძრევი და სხივების ფარდაში უსწრაფესად იცვლებიან კადრები:
   ლეგენდარული თუშეთის დაგეგმვა
   სტაფილომენ თაზოს ჩამოსვლა და ბეეევრი სმები - ,,თამადა"
   უნოს თამაში დაუსრულებლად, მარჯვნივ, მთის მაგიდასთან
   ლუკას ლაივები. ლუკას და ჩემი ლაივები :))
   პეპის ირაკლის გაცნობის ღამე
   მე და პეპი ფეხზე რომ ვდგავართ ბართან ახლოს, ლუდებით ხელში და დერეკზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად :))
   გრეის საუნდტრეკის მოსმენა უუამრავჯერ, მხოლოდ ახლო წრეში...
   მოლის მოყოლილი ამბები და ჩვენი რეაქცია
   წვიმიანი შემოდგომები და ატალახებული საფეხურები, რომლის მიღმაც სულ გხვდებოდა ღიმილიანი მეგობარი - რომელიმე მაინც :)
   რემი.
   ჰელოუინები და ახალი წლები.
   საუბრები.. დაუსრულებელი კამათი და მსჯელობები ათას რამეზე.
   აქციების შემდეგ ცხელ ჩაიზე ჩასვლები
   ბლანკის კონსპირაცია :))
   იას ჩამოვარდნები
   1-ლი რემონტი.
   მე-2 რემონტი.
   მე-3 რემონტი.
   უსასრულო რემონტები :))
   ათონელის სამზარეულოს დალაგებები და ,,ჩვენიცალკესივრცეგვექნება", რომელიც არასოდეს ძლებდა 2 დღეზე მეტ ხანს :))
   სტაფის ცვლილებები და ახალ-ახალი ადამიანები, ზოგი კენკრისებრთა ოჯახიდან, ზოგიც უჟმურისებრთადან.
   ერთგული კლიენტები და დაზეპირებული შეკვეთები
   ჩემი და თაის ერთობლივი მუშაობების ბოლო, მშვიდი წუთები.  დაკეტილი ბარი და ტრადიციადქცეული ბოლოღერიგავაბოლოთ. 
   უკიდეგანო დათრობები და ასევე დაუსრულებელი მსჯელობები
   ანიას მაისურების მოხატვის მთელი შემოქმედებითი პროცესი
   ყველა ლაშქრობის წინ საორგანიზაციო შევხედრები - ყაყანში გალეული საათები, რა უნდა წაგვეღო და რას არ ვიყენებდით არასდროს და დავათრევდით მაინც :)


   ვაჩნაძეზე აბარგება და რეიტუზიანი, ანჩხლი, მოხუცი ბებო.
   პატრულები.
   ნეპალში წასვლა.

   ბოშური მოგზაურობა ბაქრაძესა და მაჩაბელზე..
   აქ მოსაყოლი ბევრი არაფერი..

   ფლეშბექი.. ათონელის 19.
   შეგნებული ცხოვრების მოგონებების უზარმაზარი ნაწილი...

   https://www.youtube.com/watch?v=iYYRH4apXDo

   10...9...8...7...6...5...4...3...2...1...
   LIFT OFF, dear Flashback!

 
 
 
   

Friday, November 30, 2018

მდინარის პირას, ჰერმან ზინკლერ


   და რადგანაც ჩვენში არსებული სამყარო დაუსაზღვრავია, მოვდივარ ხოლმე მდინარის პირას და ვჯდები ხის ქვეშ. მეორე ნაპირზე ზიხარ შენ ფეხმორთხმით, შავი ლაბადით და სათვალეებით და ჩვენ ვსაუბრობთ სხვა სიხშირეზე მომართულები.
   ზოგჯერ ზიდჰარტა ხარ, ზოგჯერ დემიანი და ზოგჯერაც უბრალოდ შენ, ჰერმან ზინკლერ.
 
   არაფერი მოგიცია იმაზე დიდი, ვიდრე შენი შესაძლებლობების ჩამონათვალია:
   რომ შეგიძლია ლოცვა,
   რომ შეგიძლია მარხვა,
   რომ შეგიძლია ლოდინი.

   და რომ ეს ყველაფერია.

   დემიან, თუკი ჩვენი სვლა საკუთარი თავისკენ ორსახოვანი ღმერთისკენ გზაა, რა გამოვდივართ სათითაოდ? ერთად?
 
   ზინკლერ, მომიყევი ევაზე, დემიანზე.. შიშებზე, სიყვარულზე, იმედგაცრუებებზე, ზრდაზე, ტკივილზე და ტანჯვაზე..
   ბედნიერებაზეც მომიყევი თუ გინდა და თუკი შეძლებ..

   ერთხელაც რომ დავდგე და დაგიძახო, გაიგონებ? თუ მე ნიშანი არ მაქვს, მაინც გაიგონებ?

   წარმოდგენაც კი არ მაქვს, სად არის ეს მდინარე კონკრეტულად და მაინც, ყოველ ჯერზე ინსტინქტურად ვადგები ნაპირს.
   ვკვეთ ბეწვის ხიდს და ვჯდები ხის ქვეშ, შენს პირისპირ.

   ბუდა, მელაპარაკე სრულიად თავისუფალ მიჯაჭვულობაზე, რძისფერი ღიმილით.

   დემიან, ნამდვილად გაფრინდი?


 
   27-ე დასასრულისა და დასაწყისის გასაყარზე. 

Tuesday, October 2, 2018

Awake me Hopefully in Me


   https://www.youtube.com/watch?v=013lbJ-Iehg

   მომენატრა დღეები - მშვიდები.
   წყნარები.
   მდორეები.
   შეყვითლებულცაცხვისფოთლიანები.
   ცრიატნისლიანები.
   ხისსაცალფეხობილიკებიანები.
   ვესოსიანები.
   ხევისბერთანერთადთავსხმაწვიმიანები.
   ვაგონიდანდანახულთაიგულიანები.
   თაფლისსუნიანები.
   კიბისზედასაფეხურზეჩამოჯდომიანები, მარჯვნივეგრისისხედიანები.
   მოდიდღესარსადგავალმაგვარები.
   ოლაფურისმუსიკიანქარიანები.
   უმისამართოდდაუდროოდსახეტიალოები.
   დამალულსილამაზეებისაღმოჩენებიანები.


   მომენატრა ასეთრეალობიანიმე.


   უვადო, ნებაყოფლობითი ანესთეზია.


   

Monday, September 3, 2018

შინ


   https://www.youtube.com/watch?v=6QHZ2WQ5oYo

   დიდი დავიწყების ქარაფს დიდი დათვის თანავარსკვლავედი ადგას თავს.
   წინ, უღელტეხილის უნაგირზე მარსი ჩანს..
   მოპირდაპირე ნაპირზე მქრქალად განათებული კარვები ტბაში ირეკლებიან.

   და ახლა ყველაფერი კარგადაა.
   ძალიან კარგად.
   წყნარად და მშვიდად.
   უხმო სუნთქვასავით.
   წუთები, რომლებიც ბევრ რამეს გადაეფარებიან აბჯრად მომავალში, შინიდან შორს..

   ........

    დიდმა დათვმა ჭითაგვალაზე გადმოინაცვლა და თან მოიყოლა ლურჯ-მეწამულ ვერცხლის ტბაში მშვიდად ჩამავალი იუპიტერი.

   იუპიტერის ბილიკი წყლის ზედაპირზე გაცილებით მსუბუქი აღსაქმელია... 
   ყველაფრის მიუხედავად.. ყველაფრის შემდეგ.

   ........

   ადრეულ ბავშვობაში მამაჩემმა მასწავლა რომელი იყო დიდი დათვის თანავარსკვლავედი და დამევალა ყოველთვის, წლის ნებისმიერ დროს, როცა კი მოწმენდილი იყო ცა, დამემახსოვრებინა, რა განლაგება ჰქონდა დედამიწის მხარეებთან მიმართებაში..
    მას მერე, როცა ცა მოწმენდილია, რაც არ უნდა შორს ვიყო, ზუსტად ვიცი, რომელი მხრიდან დაჰყურებს ჩემი სოფლის სახლსა და ტყეს დიდი დათვი.. საითაა ჩრდილოეთი და შესაბამისად ეგრისის ქედის მთაგრეხილი.. მასში ჩაწნული მოთეთრო-ვერცხლისფერი ტბებით..

   და ამ ცოდნას ყოველთვის მოაქვს სიმშვიდე. წონასწორობა.

   ... .. .., .. ..

   მადლობა, თაი - თუთას გაკეთებული იმ სახლისთვის.
 

 


   

Saturday, February 17, 2018

ძილბურანში


   (მშვიდი ფრენის მუსიკა... 5:03-->08!!!) 
 
   ვიწექი მეჩეჩზე გულაღმა და წყალი მიედინებოდა ჩემს ქვემოთ - 
   ჩუმი რაკრაკით.
   ვიწექი თოვლზე და იძვროდა ზვავი -
   ნგრევით.
   ვიწექი უდაბნოში და სივრცე მიჰყვებოდა ქვიშას -
   ჩუმი შრიალით.
   ვიწექი ქედზე და იყო ნიავი -
   მშვიდი.


   ვუყურებდი ცას და ცას ჰქონდა ძარღვების ფერი.
   და ძარღვებს შორის - თითქმის არაფრისფერი.


   არ იყო ძვრა
   და იყო გარინდება
   და უადამიანობა.



   

Friday, September 15, 2017

როდესაც ნაკვალევი იწვის


   შეგრძნება, რომ უკან დიდი ხანძარია და რომ არ გინდა ხედავდე არაფერს.
   რომ დავიწყებულმა, გადასხვაფერებულმა ადამიანებმა დაიწყეს ძახილი და ვეღარ უყრუებ.
   ხმები - ინტერპრეტირებული. (სუბიექტურად. ცხადია.)
   ხმები - სასოწარკვეთილი.
   ხმები - არარეალური.

   ტერფზე არარსებული დამწვრობების რეალური შეგრძნება.
   და უზარმაზარი, კონტროლირებადი სურვილი, რომ დაიწყო უკუსვლა და გაჰყვე აალებულ ნაფეხურებს.
   სხვადასხვა ზომისას.

   ნაკვალევს, რომელიც არასოდეს მიგვიყვანს მიტოვებულ ადამიანებთან.
   და არც არასოდეს მივა შენგან წასულ ადამიანებთან.

   რადგან

   ყველამ განაგრძო სვლა.  
   გადასხვაფერდნენ.
   ფერი იცვალეს.
   შენც.
 
   და ახლა, ზურგსუკან არსებული ცეცხლის ზოლი, რომელსაც რეალურად გრძნობ კეფაზე, იმის ერთადერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ნაკვალევი საერთოდ არსებობდა.


   ცეცხლით არგანწმენდა.