Thursday, September 26, 2013

IX-I


   http://www.youtube.com/watch?v=Y520xZbNQQ8
 
   შეგრძნება მაქვს, რომ ვენებში სიცარიელეც კი აღარ მოძრაობს. გაჩერდა. ყველაფერი.
   გაუფერულდა ყველა ფერი. გახუნებული შავივით.
 
   დაშლა რომ გამოიწვიე, აწყობაც გესწავლებინა.
   მომერიდებოდა ადამიანების, საერთოდ რამე რომ მადარდებდეს.
   ვიძირები. და ეს ერთადერთი მომენტია, როცა მეღიმება.
   შვებაა ჩაძირვა.
   ვერავინ ამქაჩავთ. ზედაპირზე დავტოვე ყველა თოკი. ტბის მოსარკულ ზედაპირზე. მაჯებს შერჩენილი მეორე ნახევრები იკლაკნებიან წყალში წვრილი გველებივით.
   წყალმცენაარეებამდე ჯერ არ ჩავსულვარ.
   ყოველთვის დიდხანს მყოფნიდა სუნთქვა წყალქვეშ. თუ რამე ამავსებს ახლა, ფსკერის შეგრძნება იქნება ხერხემლით.

 
   იქნებ სჯობდეს, ცურვა არ ვიცოდე.


Wednesday, September 11, 2013

ელი


   http://www.youtube.com/watch?v=R7G8AYIa3Lk
 
   ელი იყო მოსული. ჩალურჯებული ლავიწებიდან მიმხმარი სისხლი ჩამოვბანე ცივი წყლით.
   ცხელი წყლიდან ავარდნილი ორთქლი ის არისო.
   ყველგან ვეძებეო.
   თავიდან მაღალი ბილიკებით დაუწყია, სუფთა ჰაერით, განთიადებით. წვიმიანი კალაპოტების გავლით ნელ-ნელა აღმოჩენილა ბინძურ მოსახვევებში, ჩაბნელებულ კედლებთან, ნესტშეპარულ იატაკქვეშ..
   აკლდამებში მეძინაო მის ძებნაში. მას ხომ მსგავსი რამეები სჩვეოდაო.
 
   ელის თმის ძირები გაუნახევრდა ღამე სიარულისგან.
   ძვლები ამოეჩხირა სხვებში შენი მოლანდებებით და მათი დევნისგან.
   ფრჩხილებქვეშ კანი გაულურჯდა თოკების დაქაჩვისგან.
   ელის ხმა დაეკარგა შენი არ პასუხისგან.

   ელისგან მოჩვენებაღა დარჩა. მე კი ჯიუტად ვცდილობდი რამდენიმე საათის განმავლობაში, ცივი წყლით ჩამომერეცხა მისი კანიდან ყველა მზერა, არაშენებური. ყველა შეხება, შენსმიმსგავსებული და სისხლის ბურთულების ღეჭვით მოთმენილი.
   რადგან, ცხელი წყლიდან ავარდნილი ორთქლი ის  არისო.

   ნუ მელაპარაკები სხივებზე, როდესაც დახეული ჯიბეებიდან გასხლეტილი კენჭები უფსკრულში ცვივიან. შენს ფეხქვეშ აწყვდიადებულ უფსკრულში.

   შენი ძალა ვერაფრით ეყოფა ჩემს ხელში აყვანას. მითუმეტეს, მას შემდეგ რაც ელი შემოვითვისე.

   საბოლოოდ ჩაკეტე კარი, სანამ დროა.
   არ მოვადგებით ღრიჭოებს.
   სხვა გზა გვაქვს მე და ელის.
   მასში არსებული შენი ილუზიის ნაკვალევს ახლა ორნი უნდა გამოვუყვეთ. სანამ ელი ჯერ კიდევ არსებობს და სანამ ცხელი წყლიდან ავარდნილ ორთქლში ჯერ კიდევ გგრძნობს.

   შეხვედრამდე. (არასოდეს).

 
 

Wednesday, September 4, 2013

ჩემი შემოდგომა


   Ólafur Arnalds - Only the winds
 
   შენ ჩემი შემოდგომა ხარ და  მე არ მჭირდება გაზაფხული და არც ზამთარი, როდესაც შენ ჩემს გვერდით ხარ.
 
   ჩვენი ამოჩემებული ამინდებით.
   ქარს გაყოლილი ართქმული სიტყვებით.
   უნებლიე წაბორძიკებებით.
 
   დაგიბრუნებ დროს მუქ მწვანედ და თითქმის შავ ლურჯად.
 
   ნამსხვრევების ქუჩას ავაყოლოთ ჩვენი სილუეტების გაწელილი  ჩრდილები და ავახმიანოთ ძირს მიმოფანტული შენ.

   შენ ჩემი შემოდგომა ხარ.
 
   შემობრუნდი, ნაცრისფერი წრეები უნდა ამოგისრუტო სულიდან.

   

Friday, August 23, 2013

VIII-II


   არა, არ ვარ გაბრაზებული. არც ნაწყენი და არც და ასე შემდეგ.. ცოტა ხანი, იქნებ, არ იკითხო ჩემი არავერბალური ფრაზები.
   უბრალოდ, ვცდილობ, მუხლები არ მომეკეცოს და შემთხვევით არ ჩამოგეყრდნო.

 
   ძარღვებში იმარხებიან თითები.


Tuesday, August 6, 2013

VIII-I


   გარბიან სიტყვები. ნისლში უჩინარდებიან და ისევ ვგრძნობ, როგორ შემოდის დუმილი ჩემში.
   ვგრძნობ, როგორ იღდგენენ კაპილარები ძალებს კანქვეშ.
   მესმის შრიალი შიგნიდან.
   ალბათ, ისევ წრის დასაწყისთან მოვედი(თ).
   დუმილი.

   აღარ მინდა კონტინენტი, რომელიც მაინტერესებს.
   მყოფნის ნაპირიც. ჩამოვჯდე. თვალები დამეხუჭოს და გითხრა: - დავიღალე.

   ..............................................................................

   დამავიწყდა როგორ უნდა დაგიძახო, რომ არ მოიხედო, უბრალოდ გაჩერდე.
   ნისლში გაუჩინარებული სიტყვები გზას ვეღარასოდეს გამოაგნებენ უკან.

 


Monday, July 29, 2013

VII-IV


   შეხედე, ჩემს ფეხებთან ისევ შუშის წითელი ნამსხვრევები ყრია.
   ნუ ეცდები ჩემი მუშტების გაშლას.

   ........................................................................................
   ..ვიდგეთ ხის ძველ ხიდზე, ცრიდეს და  ჩემი ერთადერთი საზრუნავი შენი გულისცემის დათვლა იყოს.
   ..წინ მეჯდე, გისმენდე და მოთმინებით ველოდე, როგორ დაგაჩნდება გულით გაცინებისას ორი ძარღვი შუბლზე.
   ..ვისხდეთ და შენ კვლავ ამაოდ ცდილობდე ჭორფლების დათვლას ჩემს მხრებზე.   
 
   ........................................................................................
   ჯერ კიდევ შემრჩა ძალა, გკითხო: რა ირეკლება გუგებს შიგნით.

 
   

Friday, July 19, 2013

19/19


   So now we are friends. .

   და დაბრუნდა სიმშვიდე. .

   სიმშვიდემ მოიტანა ხედვის ახალი კუთხე.
   სიმშვიდეს არ დაენანა და მიწილადა თავისი სულის მუსიკა.
   სიმშვიდემ თავისთავად მოიტანა თავისი საბურველი. . უდრტვინველობის გამჭვირვალე გარსი. .
 
   მან თქვა, ლურჯი არსებობდაო. . და დაიბადა ინ. .
   მან თქვა, სევდიანი ორმაგად ლამაზიაო. .
   მან თქვა, წვიმის წინ როგორც გუბდება ზეცაო. .

   არ აქვს მნიშვნელობა, ერთ სივრცეში ხართ თუ არა. . როდესაც გახსენდება სიმშვიდე, ფიქრს თავისთავად მოჰყვება:
   ლურჯი მუსიკა (სუნთქვის შეკვრა)
   სითბო
   ჩაღიმება
   უსაფრთხოების შეგრძნება
   სიმშვიდის ნისლები
   ლამაზი კადრები
   მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიტყვები. . ფრაზები. .

   და ის რაც გამოუთქმელია
 
Mein freund ist gut. Sein haar ist magisch. .