Friday, November 30, 2018

მდინარის პირას, ჰერმან ზინკლერ


   და რადგანაც ჩვენში არსებული სამყარო დაუსაზღვრავია, მოვდივარ ხოლმე მდინარის პირას და ვჯდები ხის ქვეშ. მეორე ნაპირზე ზიხარ შენ ფეხმორთხმით, შავი ლაბადით და სათვალეებით და ჩვენ ვსაუბრობთ სხვა სიხშირეზე მომართულები.
   ზოგჯერ ზიდჰარტა ხარ, ზოგჯერ დემიანი და ზოგჯერაც უბრალოდ შენ, ჰერმან ზინკლერ.
 
   არაფერი მოგიცია იმაზე დიდი, ვიდრე შენი შესაძლებლობების ჩამონათვალია:
   რომ შეგიძლია ლოცვა,
   რომ შეგიძლია მარხვა,
   რომ შეგიძლია ლოდინი.

   და რომ ეს ყველაფერია.

   დემიან, თუკი ჩვენი სვლა საკუთარი თავისკენ ორსახოვანი ღმერთისკენ გზაა, რა გამოვდივართ სათითაოდ? ერთად?
 
   ზინკლერ, მომიყევი ევაზე, დემიანზე.. შიშებზე, სიყვარულზე, იმედგაცრუებებზე, ზრდაზე, ტკივილზე და ტანჯვაზე..
   ბედნიერებაზეც მომიყევი თუ გინდა და თუკი შეძლებ..

   ერთხელაც რომ დავდგე და დაგიძახო, გაიგონებ? თუ მე ნიშანი არ მაქვს, მაინც გაიგონებ?

   წარმოდგენაც კი არ მაქვს, სად არის ეს მდინარე კონკრეტულად და მაინც, ყოველ ჯერზე ინსტინქტურად ვადგები ნაპირს.
   ვკვეთ ბეწვის ხიდს და ვჯდები ხის ქვეშ, შენს პირისპირ.

   ბუდა, მელაპარაკე სრულიად თავისუფალ მიჯაჭვულობაზე, რძისფერი ღიმილით.

   დემიან, ნამდვილად გაფრინდი?


 
   27-ე დასასრულისა და დასაწყისის გასაყარზე. 

Tuesday, October 2, 2018

Awake me Hopefully in Me


   https://www.youtube.com/watch?v=013lbJ-Iehg

   მომენატრა დღეები - მშვიდები.
   წყნარები.
   მდორეები.
   შეყვითლებულცაცხვისფოთლიანები.
   ცრიატნისლიანები.
   ხისსაცალფეხობილიკებიანები.
   ვესოსიანები.
   ხევისბერთანერთადთავსხმაწვიმიანები.
   ვაგონიდანდანახულთაიგულიანები.
   თაფლისსუნიანები.
   კიბისზედასაფეხურზეჩამოჯდომიანები, მარჯვნივეგრისისხედიანები.
   მოდიდღესარსადგავალმაგვარები.
   ოლაფურისმუსიკიანქარიანები.
   უმისამართოდდაუდროოდსახეტიალოები.
   დამალულსილამაზეებისაღმოჩენებიანები.


   მომენატრა ასეთრეალობიანიმე.


   უვადო, ნებაყოფლობითი ანესთეზია.


   

Monday, September 3, 2018

შინ


   https://www.youtube.com/watch?v=6QHZ2WQ5oYo

   დიდი დავიწყების ქარაფს დიდი დათვის თანავარსკვლავედი ადგას თავს.
   წინ, უღელტეხილის უნაგირზე მარსი ჩანს..
   მოპირდაპირე ნაპირზე მქრქალად განათებული კარვები ტბაში ირეკლებიან.

   და ახლა ყველაფერი კარგადაა.
   ძალიან კარგად.
   წყნარად და მშვიდად.
   უხმო სუნთქვასავით.
   წუთები, რომლებიც ბევრ რამეს გადაეფარებიან აბჯრად მომავალში, შინიდან შორს..

   ........

    დიდმა დათვმა ჭითაგვალაზე გადმოინაცვლა და თან მოიყოლა ლურჯ-მეწამულ ვერცხლის ტბაში მშვიდად ჩამავალი იუპიტერი.

   იუპიტერის ბილიკი წყლის ზედაპირზე გაცილებით მსუბუქი აღსაქმელია... 
   ყველაფრის მიუხედავად.. ყველაფრის შემდეგ.

   ........

   ადრეულ ბავშვობაში მამაჩემმა მასწავლა რომელი იყო დიდი დათვის თანავარსკვლავედი და დამევალა ყოველთვის, წლის ნებისმიერ დროს, როცა კი მოწმენდილი იყო ცა, დამემახსოვრებინა, რა განლაგება ჰქონდა დედამიწის მხარეებთან მიმართებაში..
    მას მერე, როცა ცა მოწმენდილია, რაც არ უნდა შორს ვიყო, ზუსტად ვიცი, რომელი მხრიდან დაჰყურებს ჩემი სოფლის სახლსა და ტყეს დიდი დათვი.. საითაა ჩრდილოეთი და შესაბამისად ეგრისის ქედის მთაგრეხილი.. მასში ჩაწნული მოთეთრო-ვერცხლისფერი ტბებით..

   და ამ ცოდნას ყოველთვის მოაქვს სიმშვიდე. წონასწორობა.

   ... .. .., .. ..

   მადლობა, თაი - თუთას გაკეთებული იმ სახლისთვის.
 

 


   

Saturday, February 17, 2018

ძილბურანში


   (მშვიდი ფრენის მუსიკა... 5:03-->08!!!) 
 
   ვიწექი მეჩეჩზე გულაღმა და წყალი მიედინებოდა ჩემს ქვემოთ - 
   ჩუმი რაკრაკით.
   ვიწექი თოვლზე და იძვროდა ზვავი -
   ნგრევით.
   ვიწექი უდაბნოში და სივრცე მიჰყვებოდა ქვიშას -
   ჩუმი შრიალით.
   ვიწექი ქედზე და იყო ნიავი -
   მშვიდი.


   ვუყურებდი ცას და ცას ჰქონდა ძარღვების ფერი.
   და ძარღვებს შორის - თითქმის არაფრისფერი.


   არ იყო ძვრა
   და იყო გარინდება
   და უადამიანობა.



   

Friday, September 15, 2017

როდესაც ნაკვალევი იწვის


   შეგრძნება, რომ უკან დიდი ხანძარია და რომ არ გინდა ხედავდე არაფერს.
   რომ დავიწყებულმა, გადასხვაფერებულმა ადამიანებმა დაიწყეს ძახილი და ვეღარ უყრუებ.
   ხმები - ინტერპრეტირებული. (სუბიექტურად. ცხადია.)
   ხმები - სასოწარკვეთილი.
   ხმები - არარეალური.

   ტერფზე არარსებული დამწვრობების რეალური შეგრძნება.
   და უზარმაზარი, კონტროლირებადი სურვილი, რომ დაიწყო უკუსვლა და გაჰყვე აალებულ ნაფეხურებს.
   სხვადასხვა ზომისას.

   ნაკვალევს, რომელიც არასოდეს მიგვიყვანს მიტოვებულ ადამიანებთან.
   და არც არასოდეს მივა შენგან წასულ ადამიანებთან.

   რადგან

   ყველამ განაგრძო სვლა.  
   გადასხვაფერდნენ.
   ფერი იცვალეს.
   შენც.
 
   და ახლა, ზურგსუკან არსებული ცეცხლის ზოლი, რომელსაც რეალურად გრძნობ კეფაზე, იმის ერთადერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ნაკვალევი საერთოდ არსებობდა.


   ცეცხლით არგანწმენდა.

    

Sunday, July 23, 2017

მუსიკაში აჟღერებული პერიოდები


   მუსიკა, რომელიც შენს კონკრეტულ პერიოდს დაჰყვება ფონად.. მატებს განსაკუთრებულ დეტალს, რომლის გარეშეც, თითქოს არ იქნებოდა სრული, დააკლდებოდა რაღაც, რა რომ ვერ მიხვდებოდი..

   წლებია, განსაკუთრებით, ზაფხულებია ასე..
   მერე კი, სადღაც გაჟღერებულ იგივე მელოდიებს მოაქვთ განცდები, ფიქრები, მდგომარეობები, ადგილები - არცისე მკრთალად.. თითქოს იქ აღმოჩნდი ისევ.. და გეღიმება..

   2014 წლის ზაფხული
   https://www.youtube.com/watch?v=yepd-2cgyK8
   ოაზისი.
   მათურა.
   დაბრუნება.


   2015 წლის ზაფხული
   https://www.youtube.com/watch?v=B-qQ7fDSJyg
   გზა მათურასკენ. მე და მარი. ჩვენი ხელების ჩრდილების თვითმფრინავები გრძელ გზაზე.
   ცხოვრება ვაგონში და უადამიანობა.
   თაიგულები დედაბოძზე.
   ირმის ნახტომი.
   ბინდი.
   დილის და საღამოს სუსხი.
   ფუტკრები.
   ცხოვრება მთაში.

   2016 წლის ზაფხული
   https://www.youtube.com/watch?v=gOU_zWdhAoE
   მთის ბილიკები.
   მაღალი ბალახები მზის ჩასვლისას, ქარით მიმორხეულები.
   უკაცრიელი ხედები.
   სიმშვიდე
   და ასე ნაცნობი ხმა..

   2017 წლის ზაფხული
   https://www.youtube.com/watch?v=wEj7xYyj9n4
   გარდატეხები.
   აღიარებები.
   სიმშვიდე.
   გამოცდებისკენ გზაზე ჰორიზონტზე დანახული მყინვარწვერი.
   წონასწორობა.
 

   ფონურ მუსიკაში შენახული ჩვენი ცხოვრება.
 

   

Wednesday, July 5, 2017

ანარეკლს/რეალურს


   https://www.youtube.com/watch?v=wEj7xYyj9n4

   მესიზმრა, რომ შენ იყავი მძიმე ისტორიებით სავსე
   და მწერდი ამ ამბებს წერილებად.
   მინაწერით ბოლოში:
   ქარს გაატანე მითითებით - არ წაიკითხოთ!

   ჩვენ ვხვდებოდით ღრუბლიან ამინდში,
   რაღაცნაირ ბნელში - ერთმანეთს
   და შენ არ იღებდი ხმას.
   მე კი ვხედავდი, რომ წინ მთელი ცხოვრებაა ქარისთვის წერილების გასატანებლად.


    .


    ძვირფასო (მეგობარო),

    ბედნიერებაა, რომ იპოვე და გყავს ღმერთი,
    რომ შენი საუბარი არასოდეს დაიკარგება უმისამართოდ სივრცეში.
    რომ უკიდურესად მძიმე მომენტებშიც კი არ შეიტან ეჭვს იმაში, რომ ნამდვილად არსებობს
    და არ დაგჭირდება მცდელობა - დაიჯერო.

    რომ ვფიქრობ, მონატრებაზე მეტად - მაკლიხარ.