Sunday, December 16, 2012

გამარჯობა, მამა

   მა, ხვალ ჩვიდმეტია.. ჩემი ნება რომ იყოს, თექვსმეტიდან პირდაპირ თვრამეტზე გადავიდოდი, მხოლოდ ამ თვეში, მხოლოდ ერთხელ წელიწადში.

   წერილს გწერ.. არ მინდა სივრცეში გელაპარაკო. არ მინდა ილუზიები დავირღვიო. დღეს ყველაზე მეტად არ მინდა გამჭვირვალე და მკივან რეალობას გავუსწორო თვალი.

   როგორ ხარ, მა? როდის ჩამოხვალ?
   მეღიმება. ჩემი წერილები მახსენდება, მეზობელ მძღოლს რომ ვატანდი შენთან, შორეულ ქალაქში. პასუხები რომ არასოდეს მომდიოდა, მა. ჩემთვის სულ რამდენიმე წინადადება ეწერა ხოლმე, იმ ძალიან გრძელ წერილში, დედას რომ სწერდი და რამდენიმე კვირის შემდეგ რომ ჩამოჰქონდა მეზობელ მძღოლს...... და მე ვერ ვიტანდი იმ დიდ ქალაქს, შენ რომ წაგიყვანა, რომ მოგიცვა და ჩვენთვის დროს რომ არ გითმობდა. ასე ვფიქრობდი მაშინ და მძულდა ის დიდი ქალაქი. ახლა აღარ არის ასე. ახლა ვიცი მიზეზები და აღარ ვბრაზობ... და არაუშავს თუ პირადი პასუხი არ მომივა ამ წერილზე. ის რამდენიმე წინადადებაც გამიხარდება დედასთან გამოგზავნილ გრძელ წერილში რომ ეწერება. ოღონდაც მოიწერე.
   ისევ გამეღიმა, მა. არა უდარდელად, ლაღად, არამედ - სიმწრით.

   მოდი რა, დაბრუნდი. ისევ ჩამკიდე დიდი, ყოველთვის თბილი ხელი და წამიყვანე სოფლის უკან, შორს, ტყეში წაბლის შესაგროვებლად. 
   ისევ დამალევინე რა, შენი პეშვებიდან წყაროს წყალი. 
   წამო, წავიდეთ მამიდასთან მხოლოდ ჩვენ ორნი და გვაინ ღამე დავბრუნდეთ უკან. გზად კი ისევ ამახედე ცაში და მასწავლე რომელია დიდი დათვის თანავარსკვლავედი. 
   ისევ ისე გამოდი ფრთხილი ნაბიჯებით შენი საძინებლიდან, როცა გაიგონებ ჩემი დაკვრის ხმას და მომეფერე თმებზე ნიკაპით. როგორც მხოლოდ შენ იცი. და მე რომ ამოგხედავ, ისევ ისე გამიღიმე, თვალი ჩამიკარი და მითხარი რომ: მე შენი ცუგრუმელა გოგო ვარ. მე კი, ისევ ისე, რასაც არ უნდა ვმეცადინეობდე, შევწყვეტ და დავუკრავ ბეთჰოვენის ,,Für Elise"-ს შენ რომ ასე ძალიან გიყვარს.
   მა, მოდი და გამომიყვანე თოთხმეტი წლის ასაკიდან. სადაც, დეკემბრის მეჩვიდმეტე დილას შენს საწოლთან ვდგავარ ცვილის ქანდაკებასავით გაშეშებული და გონებაში ნელ-ნელა ფორმას იძენს აზრი, რომ შენ აღარ სუნთქავ.

   მა, სოფელში რომ ჩავდივარ, აივანზე რომ ვდგავარ და ჩვენი ტყეების მიღმა მთებს გავყურებ ხოლმე, ყელში მეჩხირება და ლამისაა ისევ დაგიძახო: ,, მამა, გამოდი, სადილი მზადაა." მერე სასწრაფოდ შევრბივარ სახლში. უპასუხობას, უმოქმედობას გავურბივარ და მაინც, ინსტიქტურად მოხედვისას, ვერ ვპოულობ კუდაბზეკილ ჩელის, რომელიც ტყიდან ბილიკზე მორბის... რაც თავისთავად ნიშნავს, რომ შენც არ მოჰყვები უკან.

   მინდა, მოგიყვე ჩემზე. როგორი ვარ ახლა. რამდენი რამ შეიცვალა. როგორ ვგრძნობ თავს, რას ვფიქრობ, რაზე ვოცნებობ, მაგრამ იმ აზრის გათავისება არ მინდა, რომ ეს ყველაფერი შენთვის უცხოა. უკვე წლებია.

   .................................................................................................................

   არასოდეს მითქვამს შენთვის და ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც იცოდე.. მაშინ, კონკურსის მოსმენაზე რომ ვიყავით ერთად და მე რომ შემდეგ ტურში ვერ გადავედი... ხელჩაკიდულები რომ ჩამოვდიოდით ჭავჭავაძის დაღმართზე, მე თავდახრილობით სიცილს ვმალავდი. თავს ვერ ვიკავებდი სიცილისგან შენს მცდელობებზე, ჩემი ყურადღება როგორმე სხვა რამეზე რომ გინდოდა გადაგეტანა და ბოლოს სიმღერაც კი რომ წამოიწყე. ჩემთვის ხომ შემდეგ ტურზე მნიშვნელოვანი ის იყო, ერთადერთი მონაწილე რომ ვიყავი, ვისაც მამა გულშემატკივრობდა.
   არც მაშინ ვბრაზდებოდი სინამდვილეში, შენს მხრებზე ჭორფლებს რომ დავითვლიდი და ყოველთვის ჩემსაზე მეტი ჭორფლი რომ გქონდა.
   ვიცი, გეღიმება და მიხარია.

   ..............................................................................................................

   და მაინც?!
   და მაინც?!
   ხვალ ჩვიდმეტია და ჩემი ნება რომ იყოს, ყოველ წელიწადს ერთით ნაკლები დღე იქნებოდა?!   

No comments:

Post a Comment