Friday, December 14, 2012

ლურჯი მუსიკა ჩემში.

   წერას ვიწყებ და ზუსტად ვიცი, ნაწერის ბოლოს, რა ზომისაც არ უნდა იყოს, მაინც არ მექნება ნათქვამი იმის მეასედიც კი რასაც ვგრძნობ. უბრალოდ, უსინდისობაა, რომ ამ სილურჯეში შენზე არაფერი ეწეროს.. შენ ხომ ყველაზე დიდი პროცენტით ხარ ჩემში ლურჯი. ჩემი (არ მომწონს ასე რომ ვამბობ, ამიტომ მირჩევნია ვთქვა - ჩემში) ლურჯი მუსიკოსი.
   შენ.. (საკუთარ მეუთვალავე მცდელობაზე მეღიმება, რომ ვცდილობ შესაფერისი ზედსართავი სახელი გიპოვნო. რომ ვცდილობ განგსაზღვრო)
  
   
თებერვალი იყო. მორიგი რიგითი ღამე. შემდეგ ნაცნობმა მომწერა. და ის ღამე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. შენ ჩემს ცხოვრებაში შემოხვედი. თავიდან ბოლომდე ლურჯი. 5 წუთი და 33 წამი. მხოლოდ სილურჯე და შეგრძნება, რომ ორმოები ივსებიან.. ცარიელ თაროებზე ნოტები ლაგდებიან. შენს მელანქოლიურ, მოქსუტუნე ხმას სიცარიელე გაურბის და დღემდე, ყოველ ჯერზე მაჯისცემა ჩქარდება. ამაზეც შემიძლია დაუსრულებლად ლაპარაკი. მართლა შემიძლია დავიწყო და აღარ გავჩერდე, მაგრამ!! არ მემეტები გამოსათქმელად!! (ეგოიზმის ზეიმი).
   
შენ კანონზომიერება ხარ.
   
აქ ალბათ.. ალბათ კი არა, ნამდვილად ლინკი უნდა იდოს.. იმ საოცრების. შენი საოცრების.. მაგრამ.. რამდენიმე მაგრამ არსებობს და ერთ-ერთი მათ შორის არის ის, რომ ვერ გიმეტებ.
  
   
თებერვლის იმ ,,ჩვეულებრივ" ღამეს მოჰყვა ძიების პროცესი. დღემდე. დღეს დილამდე.. და ცხოვრების ბოლომდე რომ გაგრძელდება. პროცესი რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ასე სასიამოვნოა, საინტერესოზე რომ არაფერი ვთქვათ.

   
შენი ყოველი ახალი გაელვება აღმოჩენაა, არა მხოლოდ ჩემთვის, რიგითი მსმენელისთვის, არამედ სამყაროსთვის. ალბათ ვერასოდეს მივიღებ პასუხს შეკითხვაზე: როგორ შეიძლება ამდენი სასწაული მელოდია, ფრაზა, სიტყვა, წინადადება ერთ ადამიანს მოგდიოდეს თავში..................................................

   
გუშინ გისმენდი. გიყურებდი. (ჰო, ასეც ვიცოდი. გავჩერდი და ვერაფერი დავწერე). რა შეიძლება დაწერო ამაზე. ეს უბრალოდ უნდა ნახო, მოისმინო და მერე გაირინდო. ეს გამოუთქმელია. შეუძლებელია, მუსიკაში გადმოცემული ამდენი შეგრძნება და ემოცია ადამიანმა სიტყვით გადმოსცე. თუ შესაძლებელია, ისევ შენი ტექსტებით.

   
არასოდეს გამჩენია შეკითხვა, რატომ გყავს ამდენი ჯგუფი. რატომ აკეთებ ამდენ პროექტს. სხვანაირად წარმოუდგენელია. შენ ერთ ,,ჩარჩოში" ვერ მოთავსდები.

   
გამეცინა. არა, მართლა სასაცილოა აქ ეს პოსტი, მუსიკის გარეშე. ალბათ დადგება დრო როდესაც გაგიმეტებ. როდესაც, აღარ ვინერვიულებ შენს თითოეულ გაცემულ ლინკზე.. თუმცა, ხომ შევთანხმდით, რატომაც ვნერვიულობ. რომ ვერ გაგიგონ? ბოლომდე რომ ვერ ჩაგწვდნენ და მერე თქვან რომ ერთ-ერთი რიგითია??
   ............................................................................................

   
ერთხელ, სადღაც წავიკითხე შეკითხვა: ,,შენი ჭეშმარიტი მუსიკა იპოვნე? იპოვე მუსიკა, რომელიც გინდა მოისმინო უკანასკნელად?" მაშინ პასუხზე დავფიქრდი. ახლა ვიცი. დაფიქრება არც მჭირდება.
   
ჰო. მე ვიპოვე ჩემი ჭეშმარიტი მუსიკა. უფრო სწორედ, მე მაპოვნინეს ჩემი ჭეშმარიტი მუსიკა - ლურჯი მუსიკა ჩემში. აიღეს და გადმომცეს. და მე ამისთვის დღემდე ვერ ვიხდი მადლობას.

   .........................................................................................
   
შენ ასე თქვი: ჩემს ნაწილებს ნუ მისცემ სხვებსო. ამ წამამდე მაწუხებს ეს ფრაზა და არ გეგონოს, რომ უბრალოდ თქვი, მე დაგეთანხმე და მორჩა, დამავიწყდა. აღარც მილაპარაკია ამაზე შენთან. საერთოდაც, ლოგიკური იქნებოდა, პირველივე ადამიანი ვისაც შთაბეჭდილებებს გავუზიარებ, შენ იყო. მაგრამ მაგ ფრაზის თქმის მიზეზი რომ მოგეცი, ამიტომაც არ გელაპარაკები. ბოდიშს ვიხდი ქცევით. არც არასოდეს წამოიჭრება ეს თემა. რამდენიმე დღის წინ ისევ მომივიდა შენგან ლინკი. ისევ ვერაფერი ვთქვი. არ ვიცი რა იფიქრე. ერთადერთი რამ მინდა იცოდე, რომ თუ რამეს სათუთად ვეპყრობი და რამისადმი ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს, ეს შენი მოცემული მუსიკაა. აღარ არის აქ ზედმეტი რამის დამატება საჭირო.

   
თებერვლის ერთ ჩვეულებრივ ღამემდე რიგითო ნაცნობო. ახლა კი ჩემში ლურჯი მუსიკის მეგზურო.
  ................................................................................................
   
   ...... ......   ....-.....



   

No comments:

Post a Comment