Tuesday, December 11, 2012

თოვ ლი

http://www.youtube.com/watch?v=FL7Z2Ao-Tug

   თოვს.
   გარეთ თოვს.
   ისედაც ჩუმ სოფელში, საერთოდ ყველანაირი ხმა დაიგუდა.. ახლა საერთოდ ვერაფერი არღვევს ამ სიმშვიდეს.
 
   აივანზე შუქი ანთია.. მე ეზოში ვდგავარ და ცაში ვიყურები. წვრილი ფიფქები სახეზე მეყრება და ნელ-ნელა მეღიმება. ფიფქებს კადრები ამოაქვთ ჩემი მეხსიერებიდან. არ მცივა.
   .........................................................................................

   იქ ყველაფერია.

   თოვლზე ჩრდილი ეცემა.
   ...............................................................................................
 
   ჩვენ გვიყვარს თოვლი. ახლა რომ ჩამოვალ ხელს ჩაგკიდებ და ერთად ვიაროთ თოვლიან ქუჩებში გვიან, გვიან, ძალიან გვიან ღამე, როცა მანქანების ხმაური და ადამიანების არსებობა დატოვებს ქუჩებს.. შენ ილაპარაკებ უამრავ რამეზე და მერე ჩვენ ერთად ვიცინებთ ბევრს. მე ხელს არ გავუშვებ შენს მარცხენა ხელს და გულწრფელი სიხარულით გეტყვი, რომ როგორც იქნა მოვძებნე ზმნა რომელიც გამოხატავს იმ ხმას, რომელიც ისმის როცა თოვლს ფეხს ვაბიჯებთ. ,,ჩვენს ფეხქვეშ თოვლი დრუქუნებს". წინაწარ ვიცი რომ ამაზეც ვიცინებთ ერთად. მე კი ჯიუტად არ დავთმობ ჩემს აღმოჩენილ თუ შექმნილ სიტყვას.

   .................................................................................
   დედა..
   თოვლი მუხლებამდე..
   ჩაძინებული სოფელი..
   ჩვენი ჟღალბეწვიანი ძაღლი ჯეკა..
   ფოფი.
   ჩვენ ოთხნი, ჩვენი სოფლის სახლის წინ..
   და მალე, მეხუთე - თოვლის ბაბუა..
   ძილის წინ კი, თითქმის სიზმრად კადრი: დედის სილუეტი ჩვენი საძინებლის დიდ ფანჯარასთან. ის თოვას დარაჯობს..
   ფოფის ძილში ეღიმება. 
   ჩვენი ბედნიერება ხელშესახებია.
   ..........................................................................

   შენ დიდ ფანჯარასთან ზიხარ და ღუმელთან თბები. მე შორიდან გიყურებ. მერე გარეთ გავდივართ და ფიფქებს ვიჭერთ. უცნაურად დიდი ზომის ფიფქები არიან და არ დნებიან. მთელ მუჭს გივსებს ერთი ფიფქი. ჩემთან მოდიხარ და მიჩვენებ. წამწამები დაფიფქული გაქვს.. 
   შენი დიდი თვალები სიზმრებშიც კი წყლიანია. 
   ........................................................................
 
   დღეს ჩვენი დღეა. მარტო არ ვარ. არც იქ სადაც უნდა ვიყო. ნელა მივდივარ ტყეში და ფეხქვეშ თოვლის დრუქუნი არ მესმის.. მუსიკას ვუსმენ. ჩვენსას. მერე ვიყურები მაღლა და ვცდები ხის კენწეროებს, ისე როგორც შენ არ გისწავლებია.
   ................................................................................

   გავდივარ ეზოდან. გზაზე თოვლი დევს და სრიალს ვიწყებ.. საერთოდ არავინაა. ხმამაღლა ვიცინი და მიხარია!
   მიხარია, რომ თოვს!
   მიხარია, რომ ითოვებს!
   მიხარია, რომ ყოველი დილა გადათეთრებული იქნება და ყოველ ღამე საბნის ქვეშ ხელებს დავიორთქლავ და ისე გავითბობ.
   მიხარია, რომ ძალიან დიდხანს, აქ საერთოდ არაფერი გამოჩნდება სითეთრის გარდა.

   მერე?
   მერე, მეზობლის ძაღლები გამომეკიდნენ და სახლში შემოვედი.
   ღუმელს ვუფიცხებ დაწითლებულ ხელებს და ესენი ვერაფრით ხვდებიან რატომ ვიღიმი.

   მეზობლის ბავშვი მოდის, ხელს მკიდებს, აივანზე გავყავარ და თავის ენაზე მეკითხება, რატომ არ ჩანს თოვისას მთვარე ცაზე? ჩვენ რამდენიმე წუთი ერთად ვუყურებთ ცას და მერე ჩუმად ვეუბნები ყურში: ,,მთვარეს სცივა და ფიფქებს ემალება".. მიღიმის. მინდა მჯეროდეს რომ გაიგო.

   ...................................................................................
   ახლა ფანჯრიდან ვიყურები. ჩემი წეღანდელი ნაკვალევიდან აღარაფერი დარჩა. მშვიდად ვარ და მიყვარს ეს სიმშვიდე.
 
   თავში კი ერთადერთი ფრაზა მიტრიალებს - შენი ხელისგულები თოვლის გუნდებს ვერასოდეს ადნობენ.


 



No comments:

Post a Comment