Tuesday, December 4, 2012

არ მოიხედო, მეგობარო.

   ,,ამქვეყნად არსებობენ სამყაროები. დედანატირები სამყაროები"  
   ტიკარაძე. 
   http://www.youtube.com/watch?v=xc2HmX6gF5Q

   მეგობარო, შენ ყოველთვის მიმეორებდი, რომ სამყაროები არსებობენ. რომ არ ღირს მათი არაფრად ჩაგდება და შენ რომც ეცადო გვერდის ავლა, მათ აქვთ დრეკადი კედლები და აუცილებლად დაგეტაკებიან აქეთ.

   შენ ამბობდი, რომ ჩვენ ანუ ქვემოთასამყაროელებს მარტივად შეგვიძლია იმათ ანუ ზემოთასამყაროელების ადგილას თავის წარმოდგენა, მათ მდგომარეობაში შესვლა.. ოცნება ხომ ასე მარტივია. მაგრამ იმათთვის, არამხოლოდ წარმოუდგენელია და არ უნდათ ჩვენს ადგილას თავის წამოდგენა, არამედ დიდი ცდის მიუხედავად მაინც არ გამოსდით.. ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერც მოიაზრებენ როგორია ჩვენი სამყაროს ტვირთის ტარება. მათზე მუდმივად ზრუნავენ მშობლები, უფროსი დები და ძმები, ახლობლები.. ჩვენ კი.. ჩვენ იქით ვზრუნავთ გარშემომყოფებზე.. მარტივი მიზეზის გამო,  ჩვენს სამყაროში ეს დაუწერელი კანონივითაა.
   მერე რა, რომ მშობელია. მერე რა, რომ უფროსი დაა, ან ძმაა.
   მერე რა, რომ ზოგჯერ ისეთი უმწეო ხარ, საკუთარი არსებობა გინდა მოისროლო ნაგავზე.
   მერე რა!!
   მიუხედავად ამისა, ყველას დასანახად (შენი ახლობლების პირველ რიგში), მყარად უნდა იდგე ფეხზე და არასდროს უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება, რომ ყველაზე მთავარი და უკანასკნელი რამ დაუკარგო მათ - იმედი.

   ძნელია, მეგობარო, ასე, ძალიან ძნელი!

   მე ყოველთვის მეცინებოდა, შენ რომ სამყაროებზე იწყებდი საუბარს და შენ ეს გიხაროდა.. ასე ამბობდი, რადგან გეცინება, ე.ი. ჯერ კიდევ არ გადაუვლია შენთვის..  

   მეგობარო, სად ხარ ახლა?? ახლა ვეღარაფრით გაგახარებდი.

   ბოლოს მოიწერე: ,,რაც არ უნდა მოხდეს, არ დაგავიწყდეს, მე ის ვარ, სათამაშო თოფით რომ დავდიოდი მესამეს დერეფნებში, რომ მოვედი და გითხარი, წამოდი დავლიოთ. და შენც იმ დროისი მახსოვხარ. სულ ისეთს დაგიმახსოვრებ. რომ მობრუნდი და თვალები რომ გიცინოდა და თითქმის უცნობს რომ მითხარი ,,წამო".  შენ ის ხარ, ნებისმიერ დროს (მაშინაც კი როცა უკანასკნელი ბომჟივით გამოვიყურებოდი), ნებისმიერ ადგილას (იქაც კი სადაც შენი ნაცნობები გხვდებოდნენ ყოველ ნაბიჯში) რომ მომყვებოდა ლუდის დასალევად, რადგან იცოდი რომ ყელში იყო უკვე ეს გაძაღლებული ცხოვრება. და სულ რომ ვიცოდი, მიუხედავად ამდენი ,,მეგობრისა", ამ დროს ერთადერთი იყავი ვისი ატანაც შემეძლო. ვინც უბრალოდ ჩუმად იჯდა გვერდზე და დიდი ხნის მერე ვითომ არაფერი, იტყოდა: ,,ეგ არაფერი მეგობარო?! და რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, შენ მარტო არ ხარ" და მერე უაზროდ რომ ვიცინოდით". და წახვედი.

   ახლა, აღარ გამეცინებოდა შენს ნათქვამზე, რომ არსებობენ სამყაროები.
   ახლა, ღამე, ჭერის ყურება დამჩემდა ძილის წინ და ასე მგონია კედლები კი არა ჭერიც და იატაკიც კი დრეკადია.
   ახლა, იშვიათად მახსენდები. უფრო იშვიათად - შენი სათამაშო თოფი და ჩემი გრძელი თმები.
 
   არ მიხვიდე, მეგობარო, კინოს სახლში და არ დაჯდე ჩვენს რიგში, ჩვენს ადგილას. ცუდი შეგრძნებაა, როდესაც ყოველი კარის გაჭრიალებაზე და ნაბიჯების ხმაზე, არ გაიხედავ, მაგრამ უკანასკნელ წამამდე დაელოდები.. და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ ის ვინც მოვიდა შენს გვერდით არ ჯდება.
   არ გაიარო, მეგობარო და არ ჩამოჯდე, კეკელიძის ქუჩის პირველ ასახვევში. ცუდია მარტო ლუდის სმა.
   არ მოუყვე, მეგობარო, სხვას როგორ უყურებდით შენ და ტომი, სოფელში, ბებიასთან, შუაღამისას ფილმებს..
   არ გაიხსენო, მეგობარო, არასოდეს 17 დეკემბერს, შუაღამისას, რომ ავედით სასაფლაოებზე.. უცხოს საფლავთან რომ ვისხედით, რომ ვლაპარაკობდით და მხოლოდ უკანა გზაზე, კიბეებზე ჩამოსვლისას, რომ გითხარი ვინც გარდაიცვალა 17-ში და შენ რომ აკანკალებული ხმით მითხარი, რომ დებილი ვარ ასე რომ ვიქცევი.
 
   ჰო, მეგობარო, ჩემი მეზღვაურიც არ დაბრუნდა.. და შენ სწორი იყავი, ჩემი მონაყოლის პასუხად, რიჩარდსონის ,,თაფლის გემო" რომ გამომიგზავნე.

   გახსოვს, ავტობუსში რომ ვისხედით, შენ ჩემს მხარზე თავი რომ გედო.. რომ მიყვებოდი რაღაცას, მე რომ ნახევარს ვერ ვიგებდი და რომ გითხარი, ან ხმისთვის აგეწია, ან ჩემს წინ გადმომჯდარიყავი. შენ რომ გაგეცინა და ბურდღუნი რომ გააგრძელე. ახლა მესმის, მოსმენა რომ არ იყო მთავარი.

   ,,მე ბედნიერი ვარ, როდესაც შენი მეგობარი მქვია"- რომ წაგიწერე წიგნზე და შენ რომ დამცინე, ,,როდესაც" კი არა ,,რადგან" უნდა დაგეწერაო.. არ შემშლია, მეგობარო. სწორედაც რომ ,,როდესაც".


   არ მოიხედო, მეგობარო - არ ღირს!

   http://www.youtube.com/watch?v=Ap6dCyFTk-Y
 
 
   

No comments:

Post a Comment