Tuesday, December 18, 2012

არარსებული წერილებიდან

   თოვს აქ. ვიცი რომ იქაც - შენთანაც. ერთხელ თქვი ზამთარს ვერ ვგრძნობო. ეს ფრაზა მახსენდება ახლა და მინდა იმდენი ითოვოს როგორმე თავისი თავი რომ გაგრძნობინოს. კანზე არა. შიგნით.
   რაფაზე ცხელი ჩაი დგას და ორთქლი ასდის. რაფაზე, რომელსაც ყინული ადევს თხელ ფენად. სითბო ჩემს ოთახამდე ვერ აღწევს.
   მეგობარს მივწერე, ამ მინდვრების გადაღმა, რომ Archive ყველაზე მეტად უხდება აქაურობას და განსაკუთრებით Chaos... მინდვრის გადაღმა სხვა შეგრძნებებია აშკარად. საერთო მხოლოდ ,,დროებით ნათხოვარ ოთახებში" მარტო ყოფნა და სიცივე აღმოგვაჩნდა.
   გიგზავნი წერილს, რომელიც თავიდანვე განწირულია უპასუხობისთვის. ვიცი და მაინც გწერ. მინდა იცოდე, რომ არც ისე მარტო ხარ, როგორც გგონია.
   საწოლზე რომ ჩამოჯდები და ფანჯარაში გაიხედავ, ცა და ცისფერი ანუ მოთეთრო-მონაცისფრო მთის კონტურები მოჩანს მხოლოდ. წაშლილი საზღვრები.
   მე მახსენდება, რომ შენთან თოვს და ძალიან მინდა გციოდეს. იცი შენ რატომაც.

   ჩაის ჭიქას ვიღებ ხელში. ჭიქაში მუქი თაფლისფერი, თხელი ყინული გდია.

No comments:

Post a Comment