Thursday, March 7, 2013

II


   არ ვუპასუხებ მე ამ არგაჟღერებულ კითხვებს, თვალებიდან რომ იღვრებიან და თითებზე გადმოდიან ტიტრებად. არ მაქვს ამის არც სურვილი და მითუმეტეს, არც ძალა.
   გარემოებით განპირობებულ ღიმილზე რას იტყვი?
   ნუ ვიყურები მიღმა?
   ახლაც მეღიმება. ეს რომელია? - ღმერთმა უწყის.


   ვითხოვე მე (უხმოდ), რომ
   როგორმე,
   იქნებ -
   არ გაგეფუჭებინა.
   და არ გამოვიდა.
   მერე ვიკითხე (ისევ უხმოდ): ახლა რა ვქნათ-მეთქი.
   შენ ჩემზე ადრე თქვი როგორც ჩანს, რომ არ უპასუხებდი არგაჟღერებულ კითხვებს, თითებზე რომ გადმოდიან ტიტრებად.


   ისევ იგივე, რომ წასვლა მინდა, უგზო-უკვლოდ, უკან აღარასოდესდაბრუნების პერსპექტივით. ეგოიზმია? ვიცი. მაგრამ გადაიტანს სამყარო როგორმე ამასაც.

   ...........................................................................................................................
   
   ოცნების ხელოვნებას წიგნში ვერ წაიკითხავ. ეს ხელოვნების ერთადერთი დარგია, რომელიც ყველას თავისი უნდა ჰქონდეს და რომლის შექმნა ყველას შეუძლია. და არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ამ ხელოვნებას მხოლოდ მატერიაში გამოხატავს.
   დახურე ეგ წიგნი. ოცნების ხელოვნებას კითხვა არ სჭირდება.

   ........................................................................................................................

 
   კარგი. თვალებს დავხუჭავ და თანაბრად ვისუნთქებ. გპირდები, დილამდე გავაკონტროლებ ამას.
   და....... მოსაყოლად სიზმრები ამჯერადაც ვერ მექნება.




No comments:

Post a Comment