Saturday, December 14, 2013

XII-I


   ცივი ამინდებისთვის გადანახული კადრები.. მელოდიები.. სიტყვები.. ამბები..
   სიცარიელე.
   სიცივე.
   ის დროა, ყუთებიდან ვალაგებდე სათითაოდ ყველა მათგანს და ჭუჭრუტანებს ვგმანავდე, მაგრამ ჩაყინულან. ვერ მოვუარე და სახურავიდან ჩაპარულ სიცივეს ვეღარ გაუძლო ვერც ერთმა. ყრიან უსულოდ.

   ზოგჯერ მეფიქრება, რომ მეკითხა, იქნებ, ვერც მიმეღო ნებართვა, შემექმნა ის სამყარო.
 
   იცი, ამბების მოყოლა მომენატრა. სიბნელისთვის.
   დავჯდებოდი ახლა და მოგიყვებოდი, როგორ უნდა ვიყო ბედნიერი, რამდენად ამვსებია თითოეული ურთიერთობა, რომელიც მაქვს.. რომ ტყუილუბრალოდ იმედს არავის ვუსახავ, რომ მხოლოდ ძვირფასი ადამიანები მყავს ირგვლივ, რომ დილას ღიმილით ვიწყებ, რომ უამრავი მიზეზი მაქვს კარგად ყოფნისთვის, რომ კარგად უნდა ვიყო, რომ აღარაფრის მეშინია, რომ.. რომ.. რომ..
   სანაცვლოდ კი, ვზივარ და გელაპარაკები უხმოდ, რომ ამომერთვა სული, რომ მტკივა უსახელო კიდურები, რომ ყალბია ყველა ნოტი, რომელსაც გამოვცემ, რომ დაგუბებულია სიბლანტე და ჯერ ნაპირებამდეც კი ვერ აღწევს, ბუყბუყებს, რომ მინდა ისევ სიმშვიდე მომქონდეს სხვებისთვის, რომ მინდა ისევ თვალებდახუჭულს შემეძლოს სიარული, რომ.. რომ.. რომ..

   ...........................................................................
   
   ზოგჯერ, მგონია, რომ შეუძლებელია იყო იმაზე მეტი, ვიდრე ხარ. ზოგჯერ.


1 comment: