ვიგებთ უმძიმეს ამბებს.
ვშეშდებით.
ვტირით.
ვბრაზდებით.
ვმწარდებით.
ვმოქმედებთ.
ვვანდალობთ.
ვაზიანებთ.
ვზიანდებით.
ვერ ვსუნთქავთ.
გაივლის რამდენიმე დღე და ბუნებრივია, თავის რიტმში ჯდება ცხოვრება.
სხვების ცხოვრება. ვისაც უშუალოდ არ შეგვეხო მძიმე ამბები.
დღეები ისევ ჩვეულ დღეებს ემსგავსებიან.
ხალხი ისევ ისე დადის ქუჩებში. უღიმილოდ.
სისხლიანი შენობები ისევ დგანან თავიანთ ადგილებზე. ჩამოქუფრულები.
არც არავის დაუწვავს. არც არავის აუფეთქებია.
ვერ გავბედეთ.
სათანადოდ ვერ გავბრაზდით.
იქნებ, იმიტომ, ჩვენი შვილები რომ არ კვდებიან?!
გუტილა სერჯიო - ეს რომ შენი შვილი იყოს
(მაშველის ლოდინში დამხრჩვალ მიგრანტებს) ეს რომ შენი შვილი იყოს, ზღვას გემებით აავსებდი, ნებისმიერდროშიანებით. ისურვებდი, რომ მილიონობით ადამიანს, ერთად, მისთვის ხიდი აგვეგო და ზედ გამოგვეტარებინა. მუდამ მზრუნველი - არასოდეს მიატოვებდი, მოუჩრდილავდი, რომ არ დაწვოდა მზისგან თვალები და ზღვის მლაშე შხეფებისგან დაიფარავდი. ეს რომ შენი შვილი იყოს, წყალში გადავარდებოდი, მოკლავდი მეთევზეს, რომელიც ნავს არ გათხოვებდა. ღრიალს მორთავდი გადარაზულ მთავრობის კართან, დახმარების სათხოვნელად, სიცოცხლის სათხოვნელად. ეს რომ შენი შვილი იყოს, ძაძებში იქნებოდი, შეგეზიზღებოდა მსოფლიო, შეგეზიზღებოდა პორტები უამრავი უძრავი ხომალდით. შეგეზიზღებოდა ისინი, ვინც მათ ხელმიუწვდომელს ხდის და ვის გამოც, ღრიალს ზღვის მლაშე გემო ახლავს ყოველთვის. ეს რომ შენი შვილი იყოს, მათ უწოდებდი ლაჩარ არაადამიანებს, რადგან ასეთები არიან ისინი. დაგიჭერდნენ, დაგამწყვდევდნენ, დაგამუნჯებდნენ, შენ კი სურვილი გექნებოდა, დაგელეწა მათთვის სიფათი, რადგან ყველანი ერთ ზღვაში ვცურავთ. მაგრამ ნუ წუხხარ! შენ თბილ სახლში ხარ და ეს შენი შვილი არ არის! შენი არ არის! შეგიძლია, მშვიდად იძინო და არ იდარდო, რაც მთავარია - ეს ხომ შენი შვილი არ არის! ეს შვილია გზააბნეულ კაცობრიობის, ჭუჭყიანი კაცობრიობის, არავინ რომ არაფრად აგდებს. იძინე ტკბილად, გულდამშვიდებით. შენი არ არის.
(თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე)
ცაში ახედვისას ყველგან მაღალსართულიანი შენობებია...
ვუყურებ და ასე მგონია ყველა 9-სართულიანია და ყველგან გადმოფრენილი ბავშვების სულები დგანან.
ვუყურებ და ასე მგონია ყველა 9-სართულიანია და ყველგან გადმოფრენილი ბავშვების სულები დგანან.
სულები, რომელთაც ბინა დაიდეს ჩვენს ყველა ტიპის ცნობიერში და სამუდამოდ ჩაილექნენ ჩვენში.
რადგანაც პასუხს ვაგებდით...
და ვერ გავუფრთხილდით..
რადგანაც პასუხს ვაგებდით...
და ვერ გავუფრთხილდით..
No comments:
Post a Comment