რამდენიმე კვირა გვეწვა რეანიმაციაში 29 წლის ანი. მძიმე ტრავმებით. იმდენად მძიმე, რომ 2 კვირა მის გაღვიძებაზე არც გვიფიქრია. ამ დროის მანძილზე ყოველდღე, მინიმუმ 9 ადამიანი ვზრუნავდით მასზე. არაფერი მოჰკლებოდა და არაფერი მიეღო ზედმეტი. მუდმივად ვაკონტროლებდით მის სასიცოცხლო მაჩვენებლებს. ფაქტობრივად, ხელებში გვეჭირა მისი სიცოცხლე. მისი ინტუბირებული, მრავლობითმოტეხილობებიანი, მძიმედტრავმირებული, დამოუკიდებლად ვერ მსუნთქავი და გულისცემებით მოთამაშე სიცოცხლე. ამ პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა გახდა, ძვლები და ჩალურჯებული ძარღვები მეტად გამოეკვეთა, გადაპარსულ თავზე ძვლის ნაწილის უქონლობასაც მალე შეეჩვია თვალი და არაფერგანსაკუთრებულად იქცა მისი ერთგვარად არამთლიანობა. დღეების გასვლის პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა ერთი აზრი ყველა ჩვენგანში: ანის უნდა გაეღვიძა და გადარჩენილიყო ნებისმიერ ფასად.
ერთ საღამოსაც თვალები გაახილა და ჩვენს კითხვებზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, მარჯვენა ტუჩის კუთხით გაგვიღიმა. რამდენიმე დღე სულ ეს იყო მისი კომუნიკაცია. ამდენი საძილე საშუალების ორგანიზმში არსებობის გამო კიდურებს ვერ იმორჩილებდა და მთელი სხეული უხტოდა საწოლზე. ვაბამდით. და აღარც გვიღიმოდა.
გაღვიძებიდან რამდენიმე დღეში პალატაში ჩავიყვანეთ, მოსაუბრე, მომღიმარი და ღუღუნახმიანი ანი, რომლის დედასაც მის შეხედვაზე უკვე აღარ სჭირდებოდა რომელიმე ვმდგარიყავით მის გვერდით, რომ არ წაქცეულიყო.
.....
შემოდგომა მიყვარს. ამდენი სიცოცხლისყველაფაზაგავლილი, ულამაზესი, დაძარღვული ფოთლების წელიწადის დრო.
ხშირად მეფიქრება რომ ადამიანები ყველაზე მეტად ვგავართ ხეებსა და ფოთლებს. სახეობებით, თაობებით, ადგილისა და მშობლების ვერ შეურჩევლობებით, განსხვავებული როლებითა და მნიშვნელოვნებით. საერთოდ, უამრავი რამით.. ნებისმიერი დეტალით, რომელსაც დაინახავ და ჩაუკვირდები.
....
იქნებ, ადამიანები ჩვენგან დამოუკიდებლად, სრულიად შეუმჩნევლად ვცვლით სხვების ცხოვრებებს. და მთელი ამ ურთიერთგავლენებით დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე, უხილავი ძაფებით გადაჯაჭვულები. ერთი მთლიანობა. იქნებ, რამდენ, ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანის წვლილით ვაბიჯებთ ჯერ კიდევ ამ მიწაზე, უშუალოდ ჩვენზე რომ იზრუნეს ან ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე. სულაც რომ არ ვიცნობთ და წარმოდგენაც კი არ გვაქვს მათ არსებობაზე.
....
რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ჩამიარა ანიმ. დიდ, ფართო ქუჩაში მიაბიჯებდა მეგობრებთან ერთად ხალისიანად. ფეხქვეშ ყვითელი ფოთლები შარიშურობდნენ და ხეებიდანაც ცვიოდა თითო-ოროლა... ჩაიარა და ვერც მიცნო, ცხადია. მხოლოდ რამდენიმე წამით შეყოვნდა მზერით ჩემზე და ქუდი შეისწორა, რომლის ქვეშაც არც ისე რთული შესამჩნევი იყო უსწორმასწორო ფორმის ქალა.
მე კი გამეფიქრა, რომ სწორედ ეს ჩვენი განსხვავებული დეტალები, თავიანთში ნაგულისხმევი ისტორიებით გვაქცევენ მეტად სრულ ინდივიდებად.
იქნებ, საჭიროა ნაწილებად დაიშალო, რომ უფრო ჰარმონიულ მთელად იქცე?
იქნებ, თითოეული ჩვენგან მართლაც ვართ მთელი სამყარო და მისი ყველაზე პატარა დეტალიც ერთდროულად.
იქნებ, სულაც ანია ჩემი ქვეყანა, რომელმაც უამრავი ხათაბალა გამოიარა, მათ შორის ისეთები, რაც არც კი ახსოვს და სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებით დააბიჯებს დღეს მიწის ზედაპირზე დროებით ნაწილაღუდგენელი.
იქნებ, უმეტესობის ცხოვრებისეული ისტორიაც მხოლოდ ეგაა, ფონურ როლებს თამაშობდე და ტიტრებშიც არ მოგიხსენიებდნენ არსად.
No comments:
Post a Comment