https://www.youtube.com/watch?v=l0Woa6p4xkw
მთების გზებს სჩვევიათ ფიქრებით დახუნძვლა. ან იქნებ, გზებს - ზოგადად.. თითქოს, ფიქრების მთელი ზვინებია გზად და შენ უცებ გვერდით გაედები, ფეხს წამოჰკრავ და აგორდებიან კენჭები ფერდებად, ნაშალებად და ზვავებად... აღარ დაგეხსნებიან, მოდიან და მოდიან. მარტოს არ გტოვებენ, იციან, ზოგი ბილიკი ისეთია, მარტო არ დაიტოვები.
და შენც მიდიხარ ფიქრაკიდებული, თავფიქრმოხვეული. გზაც კარგავს თავის მატერიალურ მნიშვნელობას...
ზოგი გზა საკუთარი არსებობის მომენტიდანვე გახსოვს, მოსახვევებით ცნობ, ხეებით ცნობ, ბუჩქებს ესალმები, წყაროს ელოდები... და გახსენდება წინებზე ჩამოვლილი შენი თავი, სულ სხვა ფიქრებით, სულ სხვა ადამიანებით, სულ სხვა დროში...
ერთ მოგონებას მეორე მოჰყვება და ასე ასოციაციების მძივებით ასხმული მიაბიჯებ თან ძველ და თან სულახალ გზაზე.
საიდანღაც წინა ცხორებაში ჩამომჯდარი მე დაგიქნევს ხელს, როგორ ხარო, რას აკეთებო, ისევ ისე ხარო? რანაირი გამხდარხარ... ძლივს გიცანი, გამომხედე ერთი, გამიხსენეო...
სხვა ადგილას, სულ სხვა მე შემოგხედავს და გკითხავს, შენ ვინ ხარო?
წყაროსთან პეშვით წყალს მოგაწვდის ვიღაც და იტყვი, როგორი ჩემნაირი ხელები აქვსო... წარსულის სამაჯურებით.
ფიქრობ და ფიქრობ.
ზოგი გზა ისეთია, გინდა, რომ დამთავრდეს და არ მთავრდება... უცებ ის ფიქრი აგეტორღილება, ადრეც ეგრე იყავი და შეხედე, იმ მოსახვევში ვინ შემოგხვდაო. ეგერ, ისევ ისე დგახართ და ლაპარაკობთ მხოლოდ იმით გახარებულები, ერთმანეთი რომ დაინახეთ და ამდენი დღის ნაგროვები რომ დაახვავეთ ერთმანეთს და გულიანად იცინით მას მერე ამ ადგილას და ვინ იცის, იქნებ ამ ადგილიდან არც არსად წასულხართ და თქვენი გულიანი სიცილი პერიოდულად გაჰკვეთს მთებსა და ხეობებს ცივთოვლიან მდუმარებებში.
ფიზიკური დაღლაც ფიქრად მოვა, მაგრამ ცდილობ გონების თვალით გაიხსენო წინ რა დარჩა... იმ ქედს ჩაივლი, კიდევ ბევრს ივლი გაუცინარ და თან ამავდროულად ყველაზეკეთილ მესაზღვრეებამდე, ხიდზე გადახვალ, კიდევ ბევრს ივლი და გზის ბოლოს შენი ადამიანები დაგხვდებიან, დაღლილს ჩაგიხუტებენ, თბილ ჩაის დაგალევინებენ, ზამთრის ამბებს მოგიყვებიან მთებგადმოვლილ არახევსურ, მაგრამ მაინც მათ მთის ქალას...
ზოგი გზა კი ისეთია, სულ რომ მიდიხარ გონებით, სულ რომ გინდა გაიარო და კიდევ ერთხელ შეხვდე ხის საცალფეხო ხიდის წყაროსთან ჩამომსხდარ ორთას, წყალი დალიო და ჰკითხო, როგორ ხართ სხვა ადამიანებო? მომავლიდან ვარ და გაინტერესებთ რამეო? დაბინდებულზე შეუყვე ქუხილიანი ტყის ბილიკს და იცოდე, რომ არაფერია საშიში, სანამ შიშს ფიქრად არ დაინახავ, არ გამოძერწავ და ბატონობის უფლებას არ მისცემ.
....................................
ბილიკები ბევრია, მათ შორის ბევრიც ისეთი, სულ რომ გღლის, სულ რომ რთულია, სულ რომ ბოლოშიროდისმივალ გეფიქრება, მაგრამ სულ იცი, რომ მაინც გიყვარს, ყველაზე რთულ და დაქანცულ მომენტებშიც რომ არ წაგცდება, ნეტა, არ არსებობდესო, რადგან უკიდურესი გადაღლების მომენტებშიც თუკი რამე იცი, ისაა, რომ გ ი ყ ვ ა რ ს. შენი ყველა თავი გიყვარს აქ ნამყოფი, ყველაზე გაწვალებული და კბილებშიაღარდაბრუნებისპირობისგამომცრელი - განსაკუთრებით და იცი, ყოველთვის მოხვალ, ყოველთვის მობრუნდები, რადგან საყვარელმა ადგილებმა ძლიერი ძახილი იციან და მიწაც ყოველთვის თავისას მოითხოვს.
მიდიხარ გზაზე და ფიქრობ, ფიქრობ ბევრს და ილევა გზა.. ილევა ფიქრიც... იმ დღის წილი ფიქრი.
და რამდენიც არ უნდა იარო ერთ გზებზე, ის ყოველთვის სხვაა, ყოველთვის სხვა ხარ, რადგან გზა რომელიც გავლილია (სხვის მიერ... სხვანაირი შენის მიერ...) გზა არ არის (ახლანდელი შენ-თვის) და შენ კი წინ გაქვს ყველა ფიქრი, შენი ფიქრი, შენი საფიქრი.
ფიქრი გზით გაილევაო.
აგვისტოს ბილიკებიდან
No comments:
Post a Comment