Tuesday, January 22, 2013

......


   40 საშუალო ზომის ნაბიჯებით.
   30 დიდი ნაბიჯებით.
   92 პატარა-პატარა ნაბიჯებით. აი, როგორც გაჩვენე.
   11 ბუჩქი, ხეობა რომ არ დააცადეს ისეთი.

   http://www.youtube.com/watch?v=qNLmS0t930g 1:30. მამშვიდებს.


Saturday, January 19, 2013

*

   გადამდები ხარ.
   არ შეიძლება მზეს არ უყურო. შენ კი არაფრით არ გინდა ამის შეგნება.
 
   როდესაც მინდა, რომ სუნთქვა შემოგაშველო, თვალები გიწილადო, მალები გაგიცვალო და დაგანახო, რომ ჯერ კიდევ ადრეა ხელის ჩაქნევა, შენ ისიც კი არ გესმის, თუ რატომ არაუშავს ზედიზედ ოთხი ღამის გათენებას, თუ მეცოდინება რომ ერთსადაიმავე ფილმს ვუყურებთ, მუსიკას ვუსმენთ, ან ვკითხულობთ. არც აქვს აზრი ახსნას. ეს უნდა გესმოდეს, უთქმელად.

   .............................................................................................
 
   - რამდენი მალა გაქვს?
   - ზუსტად იმდენი, რამდენიც შენს ხერხემალში დაზიანებულია.
   - სასაცილოა.
   - არა, მართლა.

   ..............................................................................................
 
  აიღე ეს http://www.youtube.com/watch?v=UuO7cVc5SPI . შენი იყოს.



  ზოგჯერ ჩვენ შორის მოძრავი სიჩუმეც კი ჩუმადაა.


Wednesday, January 16, 2013

:X

   არ გელაპარაკები. ჩუმად ვარ. მე ასეთი შენ არ მინდა. რატომ შეცვალე? არ მინდა, ნუ მიხსნი. და ნუ იტყვი, რომ ასე არაა. არ ხარ შენ ეს. ან საერთოდაც, რა საჭიროა??

   მე ისევ იქ ვარ. https://www.youtube.com/watch?v=5b-IB6ZQ9Rw

   და პირველად ვგრძნობ რომ ვბრაზდები შენზე. რატომ?
   არ შემოიარო, მაინც ვერ მიხვდები.

   იქ, ღამე, თოვისას, ხეზე მარჯვნიდან მხრითმიყრდნობილი ვფიქრობდი და გეუბნებოდი:
   - თუ ოდესმე გეტყვი რომ არ მახსოვდი, იცოდე რომ გატყუებ. რატომ? არ ვიცი. 

   გავბრაზდი.
 


Sunday, January 6, 2013

She is crazy

   გვიან ღამე ჩემს სახლთან თუ გამოივლი, საკუთარ თავს გადააწყდები ნაპრალებიდან გამოსულ მუსიკაში. ჰო, გიპოვნე. მუსიკაშიც გიპოვნე და ჩემს თითებს აეკვიატე შოპენის ნოტებად.

   რომ არსებობდე, იქნებ მეთქვა კიდევაც.

   აქ იმ გოგოს ლინკს დავდებდი, სულრომსტკივა, მაგრამ იყოს ამჯერად.

   ვიცი, რომ არ კითხულობ. აბა რანაირად, შენ ხომ არ არსებობ.

   ის გოგო, სულრომსტკივა, ასე მღერის:

   She is crazy, she is crazy
   You can't hurt her
   You can't break her






Thursday, December 27, 2012

..

   როდესაც გიყურებ და თვალებს ვხუჭავ, მგონია რომ ქრები.
   როდესაც არ ხარ და თვალებს ვხუჭავ, მგონია რომ ჩნდები.

   ნუ დაუთმობ სუნთქვას სხვას.
   მაჩვენე ზურგი.
   უთხარი თმებს, რომ გჭირდება.

   როდესაც დგახარ და მიყურებ, კეფა მტკივდება. ასე მგონია ჩემს მიღმა ხარ.
   ჩვენს შორის  ყოველთვის მოძრაობს სიჩუმე.
   უთხარი წყლებს, რომ ხმაურით მაღვიძებენ.
   უთხარი კედლებს, რომ მაწვებიან და მტკივა.
 
   როდესაც გვერდით ოთახში ფრჩხილებს იძრობენ და ბარძაყებს ისერავენ, მე ვზივარ და ველოდები როდის ჩამოწევ კარის სახელურს. შენ კი ფანჯრიდან შემოდიხარ და არარეალური ხარ. მე ვერ გეხები.

   ჩამეღვარე სულში ჰაერად და არ დაუთმო ჩემი სუნთქვა სხვას.
   უთხარი მათ, რომ წავიდნენ.
 

   როდესაც გვერდით ოთახში ფრჩხილებს იძრობენ და ბარძაყებს ისერავენ, მე ველოდები როდის ჩამოწევ ჩემი კარის სახელურს.. ფანჯარაში კი მხოლოდ ქარი აფრიალებს ფარდას.
   

Thursday, December 20, 2012

აქედან კარგად ჩანს საქართველო

   ამომიტანეთ,
   რომ მოვკვდები,
   საჯიხვეზე ამომიტანეთ...
   აქედან კარგად ჩანს საქართველო...
   აქ ნისლი დიდხანს არ ჩერდება,
   აქ ნისლი ქარში იწეწება,
   ამომიტანეთ,
   აქედან გული ამაყად იხედება;
   კლდედ რომ ვიდგები
   დედაჩემი აღარ დაბერდება.
   ამომიტანეთ,
   რომ მოვკვდები,
   საჯიხვეზე ამომიტანეთ,
   აქედან კარგად ჩანს საქართველო...

                                                    გოდერძი ჩოხელი

Tuesday, December 18, 2012

არარსებული წერილებიდან

   თოვს აქ. ვიცი რომ იქაც - შენთანაც. ერთხელ თქვი ზამთარს ვერ ვგრძნობო. ეს ფრაზა მახსენდება ახლა და მინდა იმდენი ითოვოს როგორმე თავისი თავი რომ გაგრძნობინოს. კანზე არა. შიგნით.
   რაფაზე ცხელი ჩაი დგას და ორთქლი ასდის. რაფაზე, რომელსაც ყინული ადევს თხელ ფენად. სითბო ჩემს ოთახამდე ვერ აღწევს.
   მეგობარს მივწერე, ამ მინდვრების გადაღმა, რომ Archive ყველაზე მეტად უხდება აქაურობას და განსაკუთრებით Chaos... მინდვრის გადაღმა სხვა შეგრძნებებია აშკარად. საერთო მხოლოდ ,,დროებით ნათხოვარ ოთახებში" მარტო ყოფნა და სიცივე აღმოგვაჩნდა.
   გიგზავნი წერილს, რომელიც თავიდანვე განწირულია უპასუხობისთვის. ვიცი და მაინც გწერ. მინდა იცოდე, რომ არც ისე მარტო ხარ, როგორც გგონია.
   საწოლზე რომ ჩამოჯდები და ფანჯარაში გაიხედავ, ცა და ცისფერი ანუ მოთეთრო-მონაცისფრო მთის კონტურები მოჩანს მხოლოდ. წაშლილი საზღვრები.
   მე მახსენდება, რომ შენთან თოვს და ძალიან მინდა გციოდეს. იცი შენ რატომაც.

   ჩაის ჭიქას ვიღებ ხელში. ჭიქაში მუქი თაფლისფერი, თხელი ყინული გდია.