Friday, February 1, 2013

თარია ვესოს. ხიდები. მცურავი სიღრმეები. 19. მოთქმა ღამესავით ბნელ ტყეში

   არა ის, რომ ეს შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო. აბა, როგორ იქნებოდა?
   არა ის, რომ იმედის ნაპერწკალს ვხედავ.
   არა ის, რომ ვინმეს ვუხმობ.
   არა ის, რომ ვფიქრობ, როგორც უწინ ვფიქრობდი.
   არამედ, უბრალოდ, აქ ვარ, ამ მდინარესთან.

   წყალი უძრავად დგას, თან - მოძრაობს. ცოტას დღეს წაინაცვლებს, ცოტას - ამაღამ... ყოველ დღე და ყოველ ღამე... სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ.
   ათას ადგილას მიუხვ-მოუხვევს და მეც იქვე ვარ, ყოველ მოსახვევში.
   თუნდაც ღამესავით ბნელ ტყეში ჩურჩული ისმის, ეს, სადაც მე მივაბიჯებ, მაინც არ არის ტყე. თუ აქ საერთოდ არის ტყე - ის მდინარის კალაპოტშია. ასე ვგრძნობ. იქ თითქოს მთელი ტყეებია. მე იქ ვყოფილვარ: ისინი მდინარეში დანთქმულან და მეც მათთან ვარ მდინარის კალაპოტში. წყლის ნაკადი კენწეროებზე გადადის და უბგეროდ ჩურჩულებს ხიდან ხემდე.
   წყლის დინებაში ჩემს გონებას ყველაფერი ვეებერთელად წარმოუდგება. აზრი არა აქვს ისე ფიქრს, როგორიც უწინ მჩვეოდა. ჩემი ყველა აზრი მოძრავ წყალს უტყიალებს, - სუფთა, განმწმენდ, მომჩქეფარ წყალს. ზოგჯერ წყალს ისე ვხედავ, როგორც მოტივტივე ვარსკვლავებს.
   უსასრულოდ მიედინება და მასში მოხვედრილი ყველა საგანი გლუვდება და პრიალდება. მარადიული სრიალის შემდეგ ქვები ლოყასავით გლუვდება და რბილდება, - სანამ იცვლება, შეცვლით კი გამოუდმებით იცვლება. დაფარული ტყეებისა და უფსკრულების თავზე მიდინებული ბუშტულებიანი წყალი: - აი, როგორია ის ჩემს ფიქრებში.
   არავის ვუხმობ, მხოლოდ ვეუბნები ყოველივე აქაურს: ეს სხვანაირად უნდა იყოს! ვამბობ ამას მდინარის ფსკერზე ამოსული ტყის ფსკერზე.
   ნეტავ, რაღაც მოხდეს.
   ნეტავ, სიბნელეში წყალმა აიწიოს... - ვამბობ და მავიწყდება, რომ ეს საშინელი დანაშაული იქნება. ნუთუ მდინარე უნდა ადიდდეს, აღრიალდეს, გაშმაგდეს და ყველაფერი, რაც მის სიღრმეშია, აზრის გადაღმა გადალეკოს? აი, რა მინატრია ბოდვით ატანილს.
   ვიცი, ეს არ მოხდება და ამიტომაც შემიძლია ვინატრო. ამ კივილის ექო ხომ თვით ჩემი არსების ვიწრო, უშინაგნეს წრეს არ ცდება. შემიძლია ვიფიქრო მხოლოდ მოსრიალე წყალზე და იმ საგნებზე, რომლებიც მასთან ერთად მიცურავენ, ყოვნდებიან, კვლავ წლის ნაკადი იტაცებთ, რბილ ქვებთან და წყლით გაგლუვებულ კონცხებთან ჩაატარებს - მარად და მარად. აუტანელი აზრები მომდის: მიშველეთ ვინმემ.
   იქნებ მჯეროდა, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო? არა, სხვაგვარად ვერ იქნება. როგორ ვიფიქრო კიდევ რამეზე, გარდა მოსრიალე წყლისა? მის დასანახად არავითარი სინათლე არ მჭირდება. ახლა ყველაფერს წყალი განაგებს, წყალს კი ცალკეული ადამიანისთვის არ სცალია.


No comments:

Post a Comment