Friday, February 1, 2013

თარიაი ვესოს. ხიდები. ჭაში მომზირალი თვალი. 26. ღამე მინდორში სახლსა და მდინარეს შორის

   ჩვენ ვართ ყველა ის მცოცავი არსი, მდინარის ნაპირებზე რომ ცხოვრობენ. ჩვენ ვავსებთ ღამეებს, ჩვენ  - ყველა ის შავი ხოჭო, რომლებიც ხმელეთზე ვცხოვრობთ და რომლებსაც გვაქვს პატარა სოროები, სადაც თავს ვაფარებთ, როცა ჩვენ ზემოთ ქვებს ამოაბრუნებენ. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ხვრეტს შლამს, როცა მდინარე დაიწევს. ჩვენ საგნებში ვიყუჟებით და მარადიულად ვარსებობთ. ჩვენ იქ ვართ და იქ ვარსებობთ, სადაც სინათლე ვერ აღწევს: ჩვენ ხომ საკუთარი შუქი გვაქვს. ერთმანეთსაც ჩვენივე სინათლეებით ჩავუვლით ხოლმე და გზას განვაგრძობთ, ეულად მსვლელნი დიად სიბნელეში.

   ჩვენ ტყის ყველა ადგილი ვართ. მართალია, ამჟამად აქ არცერთი არ ჩანს, მაგრამ ტყე სავსეა მოგონებებით - სად გაითელა ბალახი უთვალავჯერ. ჩვენ ის ადგილები ვართ, სადაც სიტყვები ეცემოდა, - სიცოცხლის მომცემი, სიცოცხლის წამრთმევი, დამბლადამცემი თუ ზეაღმტაცი სიტყვები. ჩვენ ვართ უსასრულოდ მრავალგვარი, ფარული ადგილები, სადაც ადამიანებს ერთად უვლიათ; პატარა ადგილები, რომლებსაც არასოდეს დაივიწყებენ, რომლებსაც ადამიანები თავიანთ მოგონებებში ინახავენ თვით აღსასრულის დღემდე, თუნდაც ეს იყოს სრულებით უმნიშვნელო ადგილები: ჩამოსაჯდომად ვარგისი ერთი-ორი ქვა; გაზაფხულის ფოთლები; თითქმის დაშრეტილი წყარო ზაფხულის დასაწყისში...
   ჩვენ გრძელი, მცურავი საათები და ყველა ადგილი ვართ. ყოველ ნაბიჯზე მემორიალია: ყველა რომ გამჟღავნდეს, სიცოცხლის ერთ სულიერ აბლაბუდად წარმოვჩინდებოდით.

   ჩვენ ვართ ისინი, ვინც მიწიდან მხოლოდ ერთი მოკლე ზაფხულის გასატარებლად აღმოცენდა და შემდეგ ჭკნება, ტკაცატკუცით ცვივა მიწაზე, დაბოლოს, ერთიანად ჩაშავდება შემოდგომის წვიმის მძიმე წვეთებქვეშ. ჩვენ ვბინადრობთ საუკუნოვან ხეებში, რომლებიც კეთილდღეობენ და ძირსაც იხრებიან, რადგან ფრინველებს უმანკოდ ძინავთ მათ ფოთლებს მიღმა, ურიცხვი ცოცხალი არსება კი მშვიდად მოკალათებულა ტოტთა განშტოებებში, - იმდენად პაწაწკინტელა არსებები, რომ თვალითაც არავის უნახავს. ჩვენ ვართ ბუჩქებში, სადაც ზუსტად ამ წუთას რაღაცას ნელა ღრღნიან ობობას ქსელში. ჩვენ დიდი, მანათბელი ობობების აბლაბუდები ვართ, ცვრითა და დილის მზით გავსებულნი;  ხაფანგებს ვუგებთ იმას, რაც ბრმად უნდა შევიტყუოთ.
   ჩვენ ვართ უხმაურო ბალახი, სადაც ბნელი წყალივით დასრიალებენ გველები, ადამიანებისთვის ცეკვავენ და მათვე აჯადოებენ. ჩვენ თვით სიკვდილამდე არ ვშორდებით გველებს.
   ჩვენ ვართ სიკვდილის ყველა უსახელო ჟღურტული იმ ცეკვაში, რომელსაც ცოტა ვინმე თუ იცნობს; ცეკვაში, რომელი ავსებს ცასა და მიწას.

   ჩვენ სწრაფვასავით ვწევართ საცალფეხო ბილიკებთან.
   შიშივით მივყვებით თავზე ტრასა-მაგისტრალს, რომელზეც სიცოცხლე იფლანგება და რომელზეც ადამიანი თავქუდმოგლეჯვით მისდევს სიცარიელეს. იმ სახლების გვერდით ვართ, სადაც ადამიანები იკეტებიან; იმ ციხე-სიმაგრეების, რომლებიც იმისთვის ააშენეს, რომ შიგ ჩაკეტონ თავიანთი ხანმოკლე სიხარულებიანად.
   ჩვენ ვართ სუსტი, მოწუწუნე ქარი, წარსულს რომ ეხახუნება იმის ძიებაში, რაც აწმყოდ ვერ იქცევა.
   ჩვენ ვართ ქარი ქარს მიღმა, რომელიც გამოწვევაში ეძებს, თუ რაღაც მაინც არის საპოვნი.
   ჩვენ იქ ვართ, სადაც ყველაა და სადაც არავინ იყო. ჩვენ ვეძებთ - ღამიდან ღამემდე.
 

   

No comments:

Post a Comment