Friday, February 1, 2013

თარიაი ვესოს. ხიდები. ჭაში მომზირალი თვალი. 23. როცა სრულებით გაშიშვლდები.

   როცა თავს გაშიშვლებულად გრძნობ და უნდა დაიმალო, როცა ფეხები მილასლასებენ, როცა ტერფები გეწვის, წყალს ეძებ და გაშმაგებით ეფლობი ტლახიან ღრმულებში, მედგრად ამოდიხარ იქიდან და აკანკალებული დაჰყურებ შენსავე სხეულს... არა, ეს არავინ არ უნდა ნახოს.

   წყლის ძებნა.
   იქამდე ვერ აღწევ. მოულოდნელად ფეხები ხავსში გეფლობა, თითქოს ბალიშებია. შემოდგომის თბილი მზე ანათებს და რაღაც განსაკუთრებული სუნი დგას. თითქოს შემთხვევით წაიბორძიკებ და მთელი სხეულით იშხლართები ხავსის ღრმა საწოლში - ეგზომ დალოცვილში შიშველი სხეულისთვის.
   ხავსის, შენი სხეულის და მზის სუნი... აი, ადგილი, სადაც უნდა იწვე! ვინღა მიაყენებს ჭრილობას იმ სიშიშვლეს, რომელსაც ვერავინ მიაგნებს?!
   აი, ადგილი!
   არავითარი შიში იმისა, რომ ისევ გატკენენ.
   ნუ იფიქრებ.

   ნუ იფიქრებ. დაიმალე. უფრო ღრმად ჩაჩურთე სხეული. შენი სიფრიფანა კანი მწველ ტკივილს გაუთანგავს. დარჩეს იქ, სადაც არის, ანუ - მთელ ამ შეცბუნებაში.
   თუმცა ნელ-ნელა აცნობიერებ, რას შვრები:
   ჭანჭრობში ხეები და ნახევრადჩაძირული ხის ნარჩნები ტივტივებს. ეს ყველაფერი ნელ-ნელა უხმაუროდ ჩაიძირება.
   ვინც უნდა იწვეს ხავსში, ვინც, ბოლოს და ბოლოს, გრძნობს მის სუნს და ამ ყველაფერს, ის ახალ შეგრძნებებს და მახვილ მზერას იძენს და შეუძლია უყუროს, როგორ ილექება ნაცრისფერ-ყავისფერი შლამი - იქ, ქვემოთ. მოძრაობა, რომელიც არაფერს წარმოადგენდა, მაინც ვიღაცამ იგრძნო, გაიქცა და თავი გადაირჩინა. სიცოცხლის გათავისუფლებული ძაფი, რომელმაც თავი დაიხსნა ლპობაში შესული ნაშთებისგან, ელვასავით გასხლტა. დამფრთხალი ხვლიკები ერთ წამისყოფაში იმალებიან მზიანი დღის კალთაში.
   როცა შიშველი ხარ და ახალი შეგრძნებებიც გაქვს; როცა პირდაპირ უფსკრულში ჩაძირვაც განგიცდია; როცა ზემოთ ამოხტომაც არ ძალგიძს, მაშინ კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირე. ამას დაძაბული თვალებით უნდა უმზირო, ეს უნდა შეიგრძნო. შენ მოწყდი ყველაფერს, რაც იყო.
   სიღრმიდან, ანუ იმ ყველაფრიდან, რაც იქ გროვდებოდა, ათასწლოვანი სუნი ამოდის.
   იგი ელვასავით გავრდა და თავი ბალახს შეაფარა, თუმცა ეს ბალახი გაითელება და შემოდგომაზე დალპება. მალე ისევ უნდა გაიქცეს - ელვასავით გასხლტეს.
   შვეულად ჩაძირვის შიში.
   ლპობაში წასული ვეებერთელა და უმძიმესი ხეები უმწეოდ გაწოლილან. ბოლოს სათითაოდ წავლენ ფსკერისკენ. ზოგს დამზაფრავი შესახედაობა აქვს: კორძები მკვდარ თვალებს ან გახევებულ თვალებს მიუგავს. ჩაძირვა ათასი წელი გაგრძელდება, თუმცა ხეები არასოდეს დაიშლებიან ბოლომდე, მხოლოდ შეერევიან ყოველივე ცოცხალს და ცვლადს, იქნებიან ჭაობში, შლამში, უფრო და უფრო ღრმად, თუმცა - საბოლოო შთანთქმის გარეშე.
   ის, ვისაც შეეძლო, ელვასავით გასხლტა.
 
   კარგად ჩაეხუტე ხავსს. თბილ ხავსში შეუძლება მტანჯველი წამის განცდა. ჰოდა, შენც მწარედ გტკივა და იწვი.
   წევხარ, მცირედ ქაჩვას გრძნობ - თითქოს თმის ღერის სიმსხო ძაფებით დაქაჩვას - პირდაპირ ქვემოთ.
   მეტს ვეღარ ვუძლებ.
   შიშველი ვარ, გაშიშვლებული.

   

No comments:

Post a Comment