Friday, February 1, 2013

თარიაი ვესოს. ხიდები.

   ,,რაც ყველაზე მეტად გსურს, სწორედ იმას უკუაგდებ შენგან.
   უფრო მეტი გსურს, ვიდრე შეგიძლია მიიღო"

   ,,ამ უკანასკნელს არ უთქვამს მოკლე ,,გმადლობ" და ყველაფერი არ გაუმარტივებია."

   ,,ცუდია ფიქრი მხოლოდ ღამით. ყველაფერი თავდაყირა დგება."

   ,,აირეოდა. აირეოდა. საშინელი ალტერნატივა, უსიამოვნო გაფიქრება იმისა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო."

   ,,- ხშირად ხდება ხოლმე ასე. ოღონდ თავს იმად ნუ გაასაღებ, რაც არ ხარ, თორვილ.
   - ასე გულისგულში მხედავ?
   - იმ განწყობაზე არ ვარ, ეს ყოველდღე ვაკეთო."

   ,,- დედაშენის თქმით, მზიანი ფერდობები სირთულეების დაძლევის საუკეთსო გზაა.
მაშ, რატომ არ დავანებოთ მზეს - მიხედოს ჩვენს პრობლემებს?"

   ,,სადღაც არსებობს ღრმა, ჩაწყვდიადებული ჭა, რომელიც ახლა არ ჩანს. არ იცი, შიგნით რა არის. თუ რამე გაიძულებს და შიგ ჩახვალ, მხოლოდ მაშინ თუ აღმოაჩენ. ამწამს არაფერი ჩანს, ამწამს ვერ ხედავ მის დაღებულ პირს.
   ჭას თვალი აქვს. მე ვხედავ ამ თვალს ყოველ ჯერზე, როცა საკმარისად ხანგრძლივად ვიყურები ჭაში. მოხდა რაღაც დაუჯერებელი. თვალი - ჭაში! არ შემიძლია არ ვუყურო ახლა, როცა ჭა ღიაა და ზემოთ ამოდის ჩემი თვალთვალის კვალდაკვალ. რასაც იქ ვხედავ, ჩემი ჩვეულებრივი თვალი არ არის: მან სახე იცვალა. მე მას ვეღარ ვუყურებ. თუ ვუყურებ და - ცახცახი მიტანს.
   ამაღამ მე ძლიერი და უცნაური ვარ.
   ხვალ ძალისხმევის გაღება მელის.

   სულ ცოტა ხნის წინ იქ არავითარი ჭა არ იყო. ვიყურებოდი უფსკრულში და ვიწვოდი, მე საბრალო. უფსკრულზე ხიდი არ იყო. ჩემი ტვირთიანად მჭიდროდ ვეკრობოდი მის კიდეს. თავბრუსხვევით ვგრძნობდი იქიდან ამომავალ წებოვან ოხშივარს, ხრწნადი სიჩუმიდან წამოსულს."

   ,,- ასეა თუ ისე, შენ ეს მაინც დაგემართა, მიუხედავად იმისა, საკმარისად დიდი ხარ თუ რაც ხარ, - თქვა ბიჭმა საბოლოოდ.
   ახლა ვალბორგმა ჩაიკრა თორვილი.
   - ჰო, მე ეს არ მავიწყდება. მაგრამ ახლა მარტო უდნა დამტოვო,მრომ დამალვა შევძლო.
   -ჯერ თვალებში ჩამახედე."

   ,,სინათლის ზოლივით გამდევს ის აზრი, რომ უთუოდ უნდა აღვემატო საკუთარი თავის მუდმივ ბრალდებას."

   ,,გვერდით მჯდომარე ოდის შემხედვარე თორვილმა თავი მყუდროდ და უსაფრთხოდ იგრძნო.
   რამდენადაც ვხვდები, იმას რასაც ახლა ვგრძნობ, არანაკლებ ვიგრძნობ ხვალაც, ზეგაც, მომდევნო წელსაც და ყოველთვის. ეს არ არის რაღაც ისეთი, რამაც, უბრალოდ განწყობილებასავით იხუვლა."

   ,,ყველა ამ სიტყვისა და ფრაზის მიღმა რაღაც ტკივილი პულსირებდა, ტკივილი, რომელსაც ვერცერთი მათგანი ვერ ახსენებდა. მოგვიანებითო, - ფიქრობდნენ და გვერდს უვლიდნენ."

   ,,მესმის თუ არა?
   რა ხდება?
   მალე გამინათდება გონება.
   ჯერ ისევ სიმშვიდე."

   ,,ამჯერად ოდი წამოდგა. ის თავისუფალი იყო. თავისუფალი და კიდევ რა? ამას თორვილი ვერ იტყოდა.
   - ღამე ნებისა, თორვილ. ხვალ ქარში გავისეირნებ.
   - ქარში?
   - ჰო, თუნდაც ქარი არ ქროდეს.

   ოდი ქარში დასეირნობდა.
   დიდი ვერაფერიშვილი ქარი იყო. და მაინც...
   ოდისთვის ეს დღე ზემოთ წამღები დღე იყო.
   ზემოთ წამღები?
   შეუძლებლად ზემოთ წამღები. ზემოთ წამღები - უფსკრულის წინაშე. ტკივილიანად წამღები, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე.
   ოდი შეუძლებელ დღეში სეირნობდა. დიდი, მშვენიერი მთლიანობა აღარ არსებობს: ღრმა დაძაბულობია, რომელიც არასოდეს გამოვარდნილა წინ და აქამდე, უბრალოდ, იცდიდა, ახლა დაიმსხვრა.
   ,,ქარში ვისეირნებ", უთხრა თორვილს. ამის თქმა გამოუვალმა სასოწარკვეთამ აიძულა. ,,ეს უნდა გავფანტო, ამ ზემოთ წამღებ დღეს, რომლისაც მე არ მესმის. თი სადმე ქარია - ჩემია.
   დღეს მე ამას ვითხოვ.
   ხელევს ვშლი და დავდივარ, როგორც მსურს. თავიც ისე მაღლა მიჭირავს, როგორც მსურს", ფიქრობდა თავის გამოუვალ სასოწარკვეთაში.
   მისი ფეხები გზაზე თავდაჯერებულად მიბაკუნობდნენ.
   მის თვალებს დღეს არ ეშინოდათ.

   შემდეგ ისევ დაფიქრდა და დასკვნა შეცვალა: ,,რა თქმა უნდა, მეხება, თუმცა არ უნდა მეხებოდეს. მე უნდა ვიყო ქარში, რომელიც მოვითხოვე და მომეცა."
   მთელი ღამე ეს სურდა: სიბნელეში გასულიყო და ზემოთ წამღები ქარი ეძებნა.

   ბევრი იცნობდა და ესალმებოდა.
   - საღამო მშვიდობის, ოდ.
   - სეირნობ, ოდ?
   - შეხვედრამდე, ოდ.
   ქარი."
 





No comments:

Post a Comment