Thursday, February 14, 2013

ძარღვები ასტკივდათ თვალებს


   არ მოძებნო საკუთარი თავი ამ ნაწერში. შენთვის არ არის, მეგობარო - ჩემთვისაა. მერამდენე ღამე გავიდა, რაც არ მიძინია, არც ვიცი. აღქმის უნარებიდან სივრცული შემრჩა მხოლოდ. სწორად მივდივარ სკოლამდე და შემდეგ ასევე სწორად ვბრუნდები უკან. უფრო სწორედ, ჩემი უნარიანობა პირველ მათგანში გამოიხატება, სახლამდე მოსწავლეებთან ერთად ვბრუნდები.
   ვერ ხვდებიან, რადგან: ვლაპარაკობ, ბევრს ვიღიმი, ვპასუხობ ლამის ჩემთვის არ დასმულ შეკითხვებსაც კი, გადავდივარ მეზობლებთან, რომლებთან საერთო არაფერი მაქვს, საერთო ოთახიდან ძალიან გვიან გამოვდივარ. ასეთი კონტაქტური, რაც აქ ჩამოვედი, ჯერ არ ვყოფილვარ.
   მსგავსი ტემპით არასოდეს მიკითხავს წიგნები.
   მსგავსი რაოდენობით არასოდეს მომისმენია მუსიკა.
   ამდენი ფილმი არასოდეს მინახავს პაუზის გარეშე.
   რატომ?
   ყურადღებას ითხოვს ეს ყველაფერი და ფიქრის დრო აღარ რჩება.
   რატომ?
   რაც უფრო ცოტა დრო დარჩება ძილისთვის, მით ცოტაა შანსი, რომ დამესიზმრება:
   უცნობი ადამიანებით გარშემორტყმული საკუთარი თავი. ხმას რომ ვერ ვიღებ და ვერსად რომ მივდივარ. ბევრი ადამიანი
   უთავო ზურგები
   ტალახიანი ფეხები
   წყლით სავსე გუბეები
   ძარღვებშერჩენილი, სისხლშემხმარი ხელის მტევნები
   უფანჯრო ოთახები
   ნაპრალებიანი ხელისგულები
   ბუდიდან ამოცვენილი, თვალის გუგები
   ონკანი, რომლიდანაც სისხლი მოედინება - ბლანტი
   კიბეები, რომლის ძირშიც ვდგავარ და სურვილიც კი არ მიჩნდება რომ ავირბინო.
 
 
   შემოსვლამდე დააკაკუნეთ და სანამ პასუხს არ გაიგონებთ, არ შემოხვიდეთ. ჰო, კიდევ, ნუ გადაწევთ მძიმე ფარდებს დაუკითხავად. ახლა არ მინდა მზის შუქი.

   არ მელაპარაკო, ვერაფერს შეცვლი.
   და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც, მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება.

 
   

No comments:

Post a Comment