Monday, October 5, 2020

ჯონი ბიჭ(ებ)ი


https://www.youtube.com/watch?v=Up45lYCCiRU

2019 წლის შემოდგომის მუსიკად, ალბათ, სამუდამოდ დარჩება ეს მელოდია...
და არარსებული კადრები, როგორ ვცეკვავთ შემოდგომის ნარინჯისფერ მზეში ბედნიერი ღიმილებით სახეზე. თვალებდახუჭულები. ძირს ბევრი ფოთოლი ყრია, მუხლებამდე. ჩვენ კი ისევ და ისევ თავიდან ვატრიალებთ მუსიკას.. სანამ ისმის - ნებადართულია ვიყოთ ნამდვილები.

სევდანარევი ღიმილი აკრძალულ ამბებზე. 
და კარებს მიღმა გაშლილ ფრთებზე.


I know myself
And thinking doesn't work
To heal myself
And easiness, no I
Don't know what that's about
So I go out

დღეები ზანდუკიდან




Wednesday, June 17, 2020

ქარონად ყოფნისას


   თურმე ძალიან რთულია, ილაპარაკო სიკვდილზე.
   გადმოსცე ისე, როგორც შენ ეხები, ფიქრობ, აანალიზებ, აღიქვამ, გრძნობ.
   რთულია მარტივად აღქმადი სახელი დაარქვა, რომელიც როგორც შენში, ასევე სხვებში ამ მოვლენას ისე გამოძერწავს, რომ არ დატოვებს არანაირ გასაძრომ ჭუჭრუტანას. 

   რაც უფრო ხშირად მაქვს შეხება ადამიანების სიკვდილთან, მით უფრო ტექნიკური ხდება პროცესი.
   რეგრესი
   მცდელობები
   წამლებით შენარჩუნებული წუთმოცულობები
   აპარატებით გახანგრძლივებული სუნთქვები
   უტოპიური ხაზები მონიტორზე
   ეკრანს მიჩერება და ხმების სმენა იმედით, რომ საგანგაშო წრიპინებს არ გაიგონებ.
   ერთიდაიგივე შინაარსის აზრები თავში, რომელსაც კრიჭაშეკრული აჟღერებ უხმოდ
   ...შეინარჩუნე...
   ...შეძელიმანდმაინცგაჩერდე...
   ...იბრძოლე...
   ...არგააჩეროგულისფეთქვა...
   ...არდანებდე...

   ჯ ა ნ დ ა ბ ა!!!

   სიკვდილისშემდგომი რუტინული ბიოლოგიური პროცედურები.
   სტერილურხალათგადაფარებული მორიგი პაციენტით ლიფტში მორგამდე, რომლის ფერშეცვლილ სახესა და კიდურებზე შეხედვის აღარ გეშინია.
   პაციენტით, რომელსაც დღეების განმავლობაში უვლიდი, საათობრივად აჭმევდი, გვერდზე აბრუნებდი რომ ნაწოლები არ გასჩენოდა, ბანდი, სუნთქვებს უკონტროლებდი, წამლებს უკეთებდი და ასე შემდეგ. რაც გევალება და შეგიძლია...

  ლიფტში დგომისას, როდესაც უზარმაზარი სარკე გვირეკლავს ჩვენ სამს: მიცვალებულს და 2 ექთანს, წარმოდგენა არ მაქვს სად წავიღო მზერა ან რა ვთქვა.. 
   ან რამე უნდა ვთქვა თუ არა.. 
   ფიქრებიც კი რაღაცნაირი სლიკინა ხდებიან და სხლტებიან. 
   ყველანაირი აზრი ზედმეტი, უხერხული და უადგილოა...
   
   და მოპირდაპირე კედელს მიჩერებულს მიჩნდება კითხვა: ნეტავ, რას გრძნობს ქარონი სტიქსში ცურვისას???

    

By  PiGeOn


   

Wednesday, April 15, 2020

აორთქლებები


   https://www.youtube.com/watch?v=8ZfWMQOiroo

   სახლები, სადაც გარკვეული პერიოდების განმავლობაში ჩვენი მისვლა ახარებდათ.
   სახლები, რომლის კარებსაც თბილი ღიმილით გვიღებდნენ და სიხარულით გვიხუტებდნენ გულწრფელად.
   სახლები, რომელთა გასაღებებიც კი გვქონდა ხშირად. სხვების სახლების.
   სახლები, რომლებიც უამრავ ისტორიას იტევს..
   ბედნიერ წამებს
   მოყოლილ ამბებს
   უსაზღვრო სიცილებს
   მშვიდ და ჩვეულებრივ საღამოებს
   მომავლის გეგმებს
   ტრადიციულ შეხვედრებს
   სპონტანურ გადაწყვეტილებებს
   და ასე შემდეგ... უსასრულოდ. .

   სახლები, რომლებიც გვეიმედებოდნენ და არასოდეს იქნებიან რიგითები, მაგრამ კარებს აღარავინ გაგვიღებს
   არც ზარს დავრეკავთ
   არც ზღურბლთან მივალთ...

   გზად ჩავლილ მეგობრის სახლთან ალუბლები და იუდას ხეები ყვავიან.

Monday, January 20, 2020

elm iirs ta'h


   3...2...1...

   ტბები ხომ ყოველწელს იყინებიან..
   შესაძლებლობებისგან განსხვავებით, ჩვენი წარმოსხვები ხომ დაუსაზღვრავია...
 
   ერთხელაც, როდესაც ირგვლივ გარინდებულ სითეთრეს მხოლოდ ტობავარჩხილების სიმწვანე და სილურჯე გაჰკვეთს..
   ისალმების ქვიდან ფრთხილად ჩავსრიალდები ციგურებითა და ფარატინა კაბით  ცაშკიბულის ზედაპირზე.. წყლის დედის თეთრი, გრძელი თმებით..
 
   0'35.. მთავარ მოტივს აყოლილი თითოეულ მონასმი ტბის ზედაპირზე მთვარით გაყინულ ნაკვალევს დატოვებს.. უამრავ ურთიერთგადამკვეთ ხაზად.. ჩუმი ჭახანის აკომპანიმენტით..

   გარდამავალი ნაწილი.. სულ რაღაც ერთნახევარი ქედი ჭითაგვალამდე.. ფიქრის ბილიკით..

   1'21.. ჩელოს თითოეულ ბგერას წყლისქვეშიდან აყოლილი უცნაური მოლურჯო არსება..

   1'52.. წელიწადის დროების მართვის უნარი და.. გაყინული ტბის ნაპირებზე აყვავილებული ზაფხულის ყვავილები..

   2'37.. ორკესტრის სრული ხმიანობით გამოცემული ვიბრაციით არდაგორებული არცერთი კენჭი.. ბოლო მონასმები ზედაპირზე და.. ფრენა ჩანჩქერისკენ.. ახალშეძენილი უნარით - ფრენის უნარით!

   ,,მთელი თქვენი სხეული ერთი ფრთის წვერიდან მეორე ფრთის წვერამდე სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე აზრის ხორცშშესხმა... გაწყვიტეთ აზრის ჯაჭვი და ამით სხეულის ჯაჭვსაც გაწყვეტთ..."



   ,,elm irrs ta'h ასე გერქმევა
   რომ მოკვდები ტბა გაიყინება."



    

Tuesday, December 24, 2019

ნალექები


   ვიგებთ უმძიმეს ამბებს.
   ვშეშდებით.
   ვტირით.
   ვბრაზდებით. 
   ვმწარდებით.
   ვმოქმედებთ.
   ვვანდალობთ.
   ვაზიანებთ.
   ვზიანდებით.
   ვერ ვსუნთქავთ.

   გაივლის რამდენიმე დღე და ბუნებრივია, თავის რიტმში ჯდება ცხოვრება.
   სხვების ცხოვრება. ვისაც უშუალოდ არ შეგვეხო მძიმე ამბები.
   დღეები ისევ ჩვეულ დღეებს ემსგავსებიან.
   ხალხი ისევ ისე დადის ქუჩებში. უღიმილოდ.
   სისხლიანი შენობები ისევ დგანან თავიანთ ადგილებზე. ჩამოქუფრულები.
   არც არავის დაუწვავს. არც არავის აუფეთქებია.
   ვერ გავბედეთ.
   სათანადოდ ვერ გავბრაზდით.
   იქნებ, იმიტომ, ჩვენი შვილები რომ არ კვდებიან?!

 

გუტილა სერჯიო - ეს რომ შენი შვილი იყოს

(მაშველის ლოდინში დამხრჩვალ მიგრანტებს)

ეს რომ შენი შვილი იყოს,
ზღვას გემებით აავსებდი,
ნებისმიერდროშიანებით.

ისურვებდი, რომ 
მილიონობით ადამიანს,
ერთად, მისთვის ხიდი აგვეგო
და ზედ გამოგვეტარებინა.

მუდამ მზრუნველი -
არასოდეს მიატოვებდი,
მოუჩრდილავდი,
რომ არ დაწვოდა მზისგან თვალები
და ზღვის მლაშე 
შხეფებისგან დაიფარავდი.

ეს რომ შენი შვილი იყოს, წყალში გადავარდებოდი,
მოკლავდი მეთევზეს, რომელიც ნავს არ გათხოვებდა.
ღრიალს მორთავდი
გადარაზულ მთავრობის კართან,
დახმარების სათხოვნელად,
სიცოცხლის სათხოვნელად.

ეს რომ შენი შვილი იყოს, ძაძებში იქნებოდი,
შეგეზიზღებოდა მსოფლიო, შეგეზიზღებოდა პორტები
უამრავი უძრავი ხომალდით.
შეგეზიზღებოდა ისინი, ვინც მათ ხელმიუწვდომელს ხდის
და ვის გამოც, ღრიალს
ზღვის მლაშე გემო ახლავს ყოველთვის.

ეს რომ შენი შვილი იყოს, მათ უწოდებდი
ლაჩარ არაადამიანებს, რადგან ასეთები არიან ისინი.
დაგიჭერდნენ, დაგამწყვდევდნენ, დაგამუნჯებდნენ,
შენ კი სურვილი გექნებოდა, დაგელეწა მათთვის სიფათი,
რადგან ყველანი ერთ ზღვაში ვცურავთ.

მაგრამ ნუ წუხხარ! შენ თბილ სახლში ხარ
და ეს შენი შვილი არ არის! შენი არ არის!
შეგიძლია, მშვიდად იძინო
და არ იდარდო, რაც მთავარია -
ეს ხომ შენი შვილი არ არის!

ეს შვილია გზააბნეულ კაცობრიობის,
ჭუჭყიანი კაცობრიობის, არავინ რომ არაფრად აგდებს.

იძინე ტკბილად, გულდამშვიდებით.
შენი არ არის.

    (თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე)


   ცაში ახედვისას ყველგან მაღალსართულიანი შენობებია...
   ვუყურებ და ასე მგონია ყველა 9-სართულიანია და ყველგან გადმოფრენილი ბავშვების სულები დგანან. 
   სულები, რომელთაც ბინა დაიდეს ჩვენს ყველა ტიპის ცნობიერში და სამუდამოდ ჩაილექნენ ჩვენში.
   რადგანაც პასუხს ვაგებდით...
   და ვერ გავუფრთხილდით..


   
 
 
   

Monday, December 2, 2019

 
   რისთვის არიან სამყაროები, თუკი ვერ ვწვდებით?
   რისთვის არიან პლანეტები, თუკი ვერ ვურთიერთობთ?
   რისთვის არიან განზომილებები, თუკი არ ვიკვეთებით?
   რისთვის არიან ვარსკვლავები, თუკი გარდაიცვალნენ?


   რისთვის არიან ჭეშმარიტებები, თუკი სხლტებიან?
   რისთვის არიან ღირებულებები, თუკი ართულებს?
   რისთვის არიან პრინციპები, თუკი გვზღუდავენ?
   რისთვის არის თავისუფლება, თუკი დავსაზღვრეთ?


   რისთვის დავდივართ გზებზე, თუკი ყველა გზა გავლილია?
   რისთვის ვბრუნდებით სახლებში, თუკი ჩიტები არ ვართ?
   რისთვის არსებობენ მეგობრები, თუკი ქარტეხილების წინ მარტონი ვდგავართ?
   რისთვის გვიყვარს ადამიანები, თუკი არასდროს ვამბობთ ამას?


   რატომ ცვივიან ფოთლები ზამთრისპირულზე?
   - კანონზომიერებაა.