Saturday, December 21, 2013

Seagull


Don't come closer or I'll have to go

http://www.youtube.com/watch?v=ZtZ1TK1Sfpg

If ever there was someone to keep me at home
It would be you...

(could be)



Saturday, December 14, 2013

XII-I


   ცივი ამინდებისთვის გადანახული კადრები.. მელოდიები.. სიტყვები.. ამბები..
   სიცარიელე.
   სიცივე.
   ის დროა, ყუთებიდან ვალაგებდე სათითაოდ ყველა მათგანს და ჭუჭრუტანებს ვგმანავდე, მაგრამ ჩაყინულან. ვერ მოვუარე და სახურავიდან ჩაპარულ სიცივეს ვეღარ გაუძლო ვერც ერთმა. ყრიან უსულოდ.

   ზოგჯერ მეფიქრება, რომ მეკითხა, იქნებ, ვერც მიმეღო ნებართვა, შემექმნა ის სამყარო.
 
   იცი, ამბების მოყოლა მომენატრა. სიბნელისთვის.
   დავჯდებოდი ახლა და მოგიყვებოდი, როგორ უნდა ვიყო ბედნიერი, რამდენად ამვსებია თითოეული ურთიერთობა, რომელიც მაქვს.. რომ ტყუილუბრალოდ იმედს არავის ვუსახავ, რომ მხოლოდ ძვირფასი ადამიანები მყავს ირგვლივ, რომ დილას ღიმილით ვიწყებ, რომ უამრავი მიზეზი მაქვს კარგად ყოფნისთვის, რომ კარგად უნდა ვიყო, რომ აღარაფრის მეშინია, რომ.. რომ.. რომ..
   სანაცვლოდ კი, ვზივარ და გელაპარაკები უხმოდ, რომ ამომერთვა სული, რომ მტკივა უსახელო კიდურები, რომ ყალბია ყველა ნოტი, რომელსაც გამოვცემ, რომ დაგუბებულია სიბლანტე და ჯერ ნაპირებამდეც კი ვერ აღწევს, ბუყბუყებს, რომ მინდა ისევ სიმშვიდე მომქონდეს სხვებისთვის, რომ მინდა ისევ თვალებდახუჭულს შემეძლოს სიარული, რომ.. რომ.. რომ..

   ...........................................................................
   
   ზოგჯერ, მგონია, რომ შეუძლებელია იყო იმაზე მეტი, ვიდრე ხარ. ზოგჯერ.


Sunday, December 8, 2013

.. .... ...


   მოსაყოლი ამბები დამიგროვდა. ფონად რომ ვერაფერს დავადებ. მხოლოდ შენ რომ შეიძლება გაიგო.
   მხოლოდ შენ რომ გეტყოდი, იმ იმედით, რომ თუ მთლიანად ვერა, ნაწილს მაინც გაიგებდი. იმდენს მაინც, ბეჭებს შორის ხელი დაგერტყა მსუბუქად და.. ამომესუნთქა. ნახჟირორჟანგი არა - ტკივილი. ბლანტი ამბები. როგორც ყოველთვის. ჩვეულებრივ.

   ამის ნაცვლად კი
   ყოველ ღამე, ძილის წინ, როდესაც თავიდან გასაფლავებ შენი სახელის ვეღარწარმოთქმით, მინდა იდგე და გრძნობდე ამას!
   მინდა, ისევ ისე სასოწარკვეთით გკითხო: - ნამდვილად?
   და კვლავ გთხოვო ჩვეულებრივად, ვერ შემჩნევით, მაგრამ დაწვრილებული, ქვესკნელგამოვლილი ხმით: - იქნებ არა?!

   და ყოველ დილით, როდესაც ზურგით ვდგავარ წინა ღამეს გათხრილ შენს საფლავთან, მუშტებს ვშლი და თავიდან ვიჯერებ, რომ არსებობ, ისევ ისეთი, შეუცვლელი. არ-გარდაცვლილი.

   დაღამებამდე.



Friday, November 29, 2013

ფოთლების ძარღვებზე დაკიდული ამბავი.


   აღარ დავდივარ ისე, ადრე რომ მჩვეოდა. შიგნით არიან ყველანი და საკუთარ ჩრდილს ჩაჩერებულს სულ მიკვირს, ისინი რატომ არ ჩანან.
   თქვენ რატომ არ ჩანხართ?
 
   ..................................................

   - ერთმანეთი ხომ გვყავს?
   - კი.
   - ....
   - ეგ ერთადერთია რაც დაგვრჩა.
   - ....
   - ....
   - ეგეც საქმეა.

   ...................................................

   ვისაც აღარ ვყავარ(თ)?
   და პირიქით?

   ...........................................................
 
   ამაე, 

   როდესაც იდექი ჩემს წინ, ზურგით და წელში მოხრილი ფეხებს უბაკუნებდი სიკვდილს, მინდოდა მეთქვა..
   მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა..
   მინდოდა, იოგების დაწყვეტამდე მეღრიალა..
   მინდოდა, გცოდნოდა, რომ მხოლოდ შენი თვალები არ იმახსოვრებენ...
   მინდოდა, გეგრძნო, რომ მხოლოდ შენს სხეულს არ სტკივა..
   მინდოდა, უცებ ამნეზია დაგმართნოდა და ყველაფერი დაგვიწყნოდა ამქვეყნად..


   ვერაფერი. ვიდექი და ქურთუკის ბოლოზე მეკიდა ხელი.. გათეთრებამდე. და განძრევასაც ვერ ვბედავდი, რომ ნებისმიერ დროს  მზად ვყოფილიყავი - დამეჭირე.

   ამაე, ყორანმა თქვა, მიმღერეო.



   

Thursday, November 21, 2013

მქრქალი ნუნები


   არ ვუთხრათო.
   ვერ გაიგებსო.
   იმაზე უფრო იდარდებს, სხვები რას იგრძნობენო.
   პატარაა ამისთვისო.
   სხვანაირად ავუხსნათო.
   ცოტა ხნით, საერთოდაც, მოვაშოროთ აქაურობასო.

   ის კი იჯდა ღია კარსა და კედელს შორის და ფიქრობდა, რომელი სიტყვებით შეძლებდა ამოევსო სიჩუმე, როდესაც მამა დაურეკავდა და ჰკითხავდა:
   - დედა როგორ არის?


Sunday, November 17, 2013

ინ


   როდესაც გარდაიცვალე.

   აღარ ელავენ თმები. მუსიკაც სხვა ისმის. შეკვეცილი.
   ისევ არ გძინავს და ყოველ ღამე შუშის გუგები ეხლებიან ერთმანეთს იატაკზე.
   გამჭვირვალობა დაკარგეს შენმა ტონალობებმა და ვეღარ შემოდიან ჰაერად ღია სარკმელში.
   ლურჯი ენერგიის კაფსულებიც ჩამოირეცხნენ კედლიდან.

   არასოდეს მიგულისხმია ამგვარი დაბრუნება.
   ვდგავართ მოპირდაპირე მოაჯირებზე.
   მე - ზურგით.
   შენ - ჩემი ზურგისკენ.
   საერთო ხედი? - აღარ ვიყოფი.

   დავტოვე სხვენიც და წეროებიც.
   ნუ მსაყვედურობ დამტვერილ სკივრებზე უხმო მზერით.
   მე შემიძლია ვიყოთ ძველებურად. შემიძლია.


   ინ, როდესაც გარდაიცვალე.
   ინ, როდესაც გარდაიცვალე და მერე მოხვედი.


   http://www.youtube.com/watch?v=wkMtXSROrVc


Saturday, October 26, 2013

X


   სათქმელი არაფერი მაქვს.
   ძველმა სიტყვებმა კი დაკარგეს აზრიც და მნიშვნელობაც.
   ვიცი, არ ღელავ. ისე ვარ, ხელის წაშველება რომ არ მჭირდება. ხანდახან შეშფოთებულ გამოხედვას კი ავიტანთ ორივე როგორმე.
   არეულ, გაორებულ და გადადღაბნილ სახეებსაც დაეწმინდებათ გამომეტყველება ოდესმე.

   ...............................................................

   შენ ლაპარაკობ ბედნიერებაზე, როგორც რელიგიაზე, 
   მე კი ვუყურებ ფარდაზე მოფარფატე პეპელას. (ივლისი)

   .................................................................

http://www.youtube.com/watch?v=ipCqXeNT24E
 
   კარგია, რომ არც ერთს გვიკვირს ეს.. ტკივილი. ახსნა გამიჭირდებოდა.
 

   საკმარისია სიმძიმე!!
   მოდი, გავიცინოთ. რამდენიმე წუთი გაუჩერებლად, ხმამაღლა და გულით, თავის უკან გადაგდებით!!