Thursday, November 25, 2021

გზა ფიქრით გაილევაო

      https://www.youtube.com/watch?v=l0Woa6p4xkw

   მთების გზებს სჩვევიათ ფიქრებით დახუნძვლა. ან იქნებ, გზებს - ზოგადად.. თითქოს, ფიქრების მთელი ზვინებია გზად და შენ უცებ გვერდით გაედები, ფეხს წამოჰკრავ და აგორდებიან კენჭები ფერდებად, ნაშალებად და ზვავებად... აღარ დაგეხსნებიან, მოდიან და მოდიან. მარტოს არ გტოვებენ, იციან, ზოგი ბილიკი ისეთია, მარტო არ დაიტოვები.

   და შენც მიდიხარ ფიქრაკიდებული, თავფიქრმოხვეული. გზაც კარგავს თავის მატერიალურ მნიშვნელობას...

   ზოგი გზა საკუთარი არსებობის მომენტიდანვე გახსოვს, მოსახვევებით ცნობ, ხეებით ცნობ, ბუჩქებს ესალმები, წყაროს ელოდები... და გახსენდება წინებზე ჩამოვლილი შენი თავი, სულ სხვა ფიქრებით, სულ სხვა ადამიანებით, სულ სხვა დროში... 

   ერთ მოგონებას მეორე მოჰყვება და ასე ასოციაციების მძივებით ასხმული მიაბიჯებ თან ძველ და თან სულახალ გზაზე.

   საიდანღაც წინა ცხორებაში ჩამომჯდარი მე დაგიქნევს ხელს, როგორ ხარო, რას აკეთებო, ისევ ისე ხარო? რანაირი გამხდარხარ... ძლივს გიცანი, გამომხედე ერთი, გამიხსენეო...

   სხვა ადგილას, სულ სხვა მე შემოგხედავს და გკითხავს, შენ ვინ ხარო?

   წყაროსთან პეშვით წყალს მოგაწვდის ვიღაც და იტყვი, როგორი ჩემნაირი ხელები აქვსო... წარსულის სამაჯურებით.

   ფიქრობ და ფიქრობ. 

   ზოგი გზა ისეთია, გინდა, რომ დამთავრდეს და არ მთავრდება... უცებ ის ფიქრი აგეტორღილება, ადრეც ეგრე იყავი და შეხედე, იმ მოსახვევში ვინ შემოგხვდაო. ეგერ, ისევ ისე დგახართ და ლაპარაკობთ მხოლოდ იმით გახარებულები, ერთმანეთი რომ დაინახეთ და ამდენი დღის ნაგროვები რომ დაახვავეთ ერთმანეთს და გულიანად იცინით მას მერე ამ ადგილას და ვინ იცის, იქნებ ამ ადგილიდან არც არსად წასულხართ და თქვენი გულიანი სიცილი პერიოდულად გაჰკვეთს მთებსა და ხეობებს ცივთოვლიან მდუმარებებში. 

   ფიზიკური დაღლაც ფიქრად მოვა, მაგრამ ცდილობ გონების თვალით გაიხსენო წინ რა დარჩა... იმ ქედს ჩაივლი, კიდევ ბევრს ივლი გაუცინარ და თან ამავდროულად ყველაზეკეთილ მესაზღვრეებამდე, ხიდზე გადახვალ, კიდევ ბევრს ივლი და გზის ბოლოს შენი ადამიანები დაგხვდებიან, დაღლილს ჩაგიხუტებენ, თბილ ჩაის დაგალევინებენ, ზამთრის ამბებს მოგიყვებიან მთებგადმოვლილ არახევსურ, მაგრამ მაინც მათ მთის ქალას...

   ზოგი გზა კი ისეთია, სულ რომ მიდიხარ გონებით, სულ რომ გინდა გაიარო და კიდევ ერთხელ შეხვდე ხის საცალფეხო ხიდის წყაროსთან ჩამომსხდარ ორთას, წყალი დალიო და ჰკითხო, როგორ ხართ სხვა ადამიანებო? მომავლიდან ვარ და გაინტერესებთ რამეო? დაბინდებულზე შეუყვე ქუხილიანი ტყის ბილიკს და იცოდე, რომ არაფერია საშიში, სანამ შიშს ფიქრად არ დაინახავ, არ გამოძერწავ და ბატონობის უფლებას არ მისცემ.

   ....................................

   ბილიკები ბევრია, მათ შორის ბევრიც ისეთი, სულ რომ გღლის, სულ რომ რთულია, სულ რომ ბოლოშიროდისმივალ გეფიქრება, მაგრამ სულ იცი, რომ მაინც გიყვარს, ყველაზე რთულ და დაქანცულ მომენტებშიც რომ არ წაგცდება, ნეტა, არ არსებობდესო, რადგან უკიდურესი გადაღლების მომენტებშიც თუკი რამე იცი, ისაა, რომ გ ი ყ ვ ა რ ს. შენი ყველა თავი გიყვარს აქ ნამყოფი, ყველაზე გაწვალებული და კბილებშიაღარდაბრუნებისპირობისგამომცრელი - განსაკუთრებით და იცი, ყოველთვის მოხვალ, ყოველთვის მობრუნდები, რადგან საყვარელმა ადგილებმა ძლიერი ძახილი იციან და მიწაც ყოველთვის თავისას მოითხოვს.

მიდიხარ გზაზე და ფიქრობ, ფიქრობ ბევრს და ილევა გზა.. ილევა ფიქრიც... იმ დღის წილი ფიქრი.

და რამდენიც არ უნდა იარო ერთ გზებზე, ის ყოველთვის სხვაა, ყოველთვის სხვა ხარ, რადგან გზა რომელიც გავლილია (სხვის მიერ... სხვანაირი შენის მიერ...) გზა არ არის (ახლანდელი შენ-თვის) და შენ კი წინ გაქვს ყველა ფიქრი, შენი ფიქრი, შენი საფიქრი. 


   ფიქრი გზით გაილევაო.


აგვისტოს ბილიკებიდან

Thursday, November 5, 2020

ანი. ფოთლები. როლები

 რამდენიმე კვირა გვეწვა რეანიმაციაში 29 წლის ანი. მძიმე ტრავმებით. იმდენად მძიმე, რომ 2 კვირა მის გაღვიძებაზე არც გვიფიქრია. ამ დროის მანძილზე ყოველდღე, მინიმუმ 9 ადამიანი ვზრუნავდით მასზე. არაფერი მოჰკლებოდა და არაფერი მიეღო ზედმეტი. მუდმივად ვაკონტროლებდით მის სასიცოცხლო მაჩვენებლებს. ფაქტობრივად, ხელებში გვეჭირა მისი სიცოცხლე. მისი ინტუბირებული, მრავლობითმოტეხილობებიანი, მძიმედტრავმირებული, დამოუკიდებლად ვერ მსუნთქავი და გულისცემებით მოთამაშე სიცოცხლე. ამ პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა გახდა, ძვლები და ჩალურჯებული ძარღვები მეტად გამოეკვეთა, გადაპარსულ თავზე ძვლის ნაწილის უქონლობასაც მალე შეეჩვია თვალი და არაფერგანსაკუთრებულად იქცა მისი ერთგვარად არამთლიანობა. დღეების გასვლის პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა ერთი აზრი ყველა ჩვენგანში: ანის უნდა გაეღვიძა და გადარჩენილიყო ნებისმიერ ფასად. 

ერთ საღამოსაც თვალები გაახილა და ჩვენს კითხვებზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, მარჯვენა ტუჩის კუთხით გაგვიღიმა. რამდენიმე დღე სულ ეს იყო მისი კომუნიკაცია. ამდენი საძილე საშუალების ორგანიზმში არსებობის გამო კიდურებს ვერ იმორჩილებდა და მთელი სხეული უხტოდა საწოლზე. ვაბამდით. და აღარც გვიღიმოდა.

გაღვიძებიდან რამდენიმე დღეში პალატაში ჩავიყვანეთ, მოსაუბრე, მომღიმარი და ღუღუნახმიანი ანი, რომლის დედასაც მის შეხედვაზე უკვე აღარ სჭირდებოდა რომელიმე ვმდგარიყავით მის გვერდით, რომ არ წაქცეულიყო.

.....

შემოდგომა მიყვარს. ამდენი სიცოცხლისყველაფაზაგავლილი, ულამაზესი, დაძარღვული ფოთლების წელიწადის დრო.  

ხშირად მეფიქრება რომ ადამიანები ყველაზე მეტად ვგავართ ხეებსა და ფოთლებს. სახეობებით, თაობებით, ადგილისა და მშობლების ვერ შეურჩევლობებით, განსხვავებული როლებითა და მნიშვნელოვნებით. საერთოდ, უამრავი რამით.. ნებისმიერი დეტალით, რომელსაც დაინახავ და ჩაუკვირდები. 

....

იქნებ, ადამიანები ჩვენგან დამოუკიდებლად, სრულიად შეუმჩნევლად ვცვლით სხვების ცხოვრებებს. და მთელი ამ ურთიერთგავლენებით დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე, უხილავი ძაფებით გადაჯაჭვულები. ერთი მთლიანობა. იქნებ, რამდენ, ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანის წვლილით ვაბიჯებთ ჯერ კიდევ ამ მიწაზე, უშუალოდ ჩვენზე რომ იზრუნეს ან ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე. სულაც რომ არ ვიცნობთ და წარმოდგენაც კი არ გვაქვს მათ არსებობაზე.

....

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ჩამიარა ანიმ. დიდ, ფართო ქუჩაში მიაბიჯებდა მეგობრებთან ერთად ხალისიანად. ფეხქვეშ ყვითელი ფოთლები შარიშურობდნენ და ხეებიდანაც ცვიოდა თითო-ოროლა... ჩაიარა და ვერც მიცნო, ცხადია. მხოლოდ რამდენიმე წამით შეყოვნდა მზერით ჩემზე და ქუდი შეისწორა, რომლის ქვეშაც არც ისე რთული შესამჩნევი იყო უსწორმასწორო ფორმის ქალა. 

მე კი გამეფიქრა, რომ სწორედ ეს ჩვენი განსხვავებული დეტალები, თავიანთში ნაგულისხმევი ისტორიებით გვაქცევენ მეტად სრულ ინდივიდებად. 

იქნებ, საჭიროა ნაწილებად დაიშალო, რომ უფრო ჰარმონიულ მთელად იქცე? 

იქნებ, თითოეული ჩვენგან მართლაც ვართ მთელი სამყარო და მისი ყველაზე პატარა დეტალიც ერთდროულად. 

იქნებ, სულაც ანია ჩემი ქვეყანა, რომელმაც უამრავი ხათაბალა გამოიარა, მათ შორის ისეთები, რაც არც კი ახსოვს და სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებით დააბიჯებს დღეს მიწის ზედაპირზე დროებით ნაწილაღუდგენელი.

იქნებ, უმეტესობის ცხოვრებისეული ისტორიაც მხოლოდ ეგაა, ფონურ როლებს თამაშობდე  და ტიტრებშიც არ მოგიხსენიებდნენ არსად. 


Monday, October 5, 2020

ჯონი ბიჭ(ებ)ი


https://www.youtube.com/watch?v=Up45lYCCiRU

2019 წლის შემოდგომის მუსიკად, ალბათ, სამუდამოდ დარჩება ეს მელოდია...
და არარსებული კადრები, როგორ ვცეკვავთ შემოდგომის ნარინჯისფერ მზეში ბედნიერი ღიმილებით სახეზე. თვალებდახუჭულები. ძირს ბევრი ფოთოლი ყრია, მუხლებამდე. ჩვენ კი ისევ და ისევ თავიდან ვატრიალებთ მუსიკას.. სანამ ისმის - ნებადართულია ვიყოთ ნამდვილები.

სევდანარევი ღიმილი აკრძალულ ამბებზე. 
და კარებს მიღმა გაშლილ ფრთებზე.


I know myself
And thinking doesn't work
To heal myself
And easiness, no I
Don't know what that's about
So I go out

დღეები ზანდუკიდან




Wednesday, June 17, 2020

ქარონად ყოფნისას


   თურმე ძალიან რთულია, ილაპარაკო სიკვდილზე.
   გადმოსცე ისე, როგორც შენ ეხები, ფიქრობ, აანალიზებ, აღიქვამ, გრძნობ.
   რთულია მარტივად აღქმადი სახელი დაარქვა, რომელიც როგორც შენში, ასევე სხვებში ამ მოვლენას ისე გამოძერწავს, რომ არ დატოვებს არანაირ გასაძრომ ჭუჭრუტანას. 

   რაც უფრო ხშირად მაქვს შეხება ადამიანების სიკვდილთან, მით უფრო ტექნიკური ხდება პროცესი.
   რეგრესი
   მცდელობები
   წამლებით შენარჩუნებული წუთმოცულობები
   აპარატებით გახანგრძლივებული სუნთქვები
   უტოპიური ხაზები მონიტორზე
   ეკრანს მიჩერება და ხმების სმენა იმედით, რომ საგანგაშო წრიპინებს არ გაიგონებ.
   ერთიდაიგივე შინაარსის აზრები თავში, რომელსაც კრიჭაშეკრული აჟღერებ უხმოდ
   ...შეინარჩუნე...
   ...შეძელიმანდმაინცგაჩერდე...
   ...იბრძოლე...
   ...არგააჩეროგულისფეთქვა...
   ...არდანებდე...

   ჯ ა ნ დ ა ბ ა!!!

   სიკვდილისშემდგომი რუტინული ბიოლოგიური პროცედურები.
   სტერილურხალათგადაფარებული მორიგი პაციენტით ლიფტში მორგამდე, რომლის ფერშეცვლილ სახესა და კიდურებზე შეხედვის აღარ გეშინია.
   პაციენტით, რომელსაც დღეების განმავლობაში უვლიდი, საათობრივად აჭმევდი, გვერდზე აბრუნებდი რომ ნაწოლები არ გასჩენოდა, ბანდი, სუნთქვებს უკონტროლებდი, წამლებს უკეთებდი და ასე შემდეგ. რაც გევალება და შეგიძლია...

  ლიფტში დგომისას, როდესაც უზარმაზარი სარკე გვირეკლავს ჩვენ სამს: მიცვალებულს და 2 ექთანს, წარმოდგენა არ მაქვს სად წავიღო მზერა ან რა ვთქვა.. 
   ან რამე უნდა ვთქვა თუ არა.. 
   ფიქრებიც კი რაღაცნაირი სლიკინა ხდებიან და სხლტებიან. 
   ყველანაირი აზრი ზედმეტი, უხერხული და უადგილოა...
   
   და მოპირდაპირე კედელს მიჩერებულს მიჩნდება კითხვა: ნეტავ, რას გრძნობს ქარონი სტიქსში ცურვისას???

    

By  PiGeOn


   

Wednesday, April 15, 2020

აორთქლებები


   https://www.youtube.com/watch?v=8ZfWMQOiroo

   სახლები, სადაც გარკვეული პერიოდების განმავლობაში ჩვენი მისვლა ახარებდათ.
   სახლები, რომლის კარებსაც თბილი ღიმილით გვიღებდნენ და სიხარულით გვიხუტებდნენ გულწრფელად.
   სახლები, რომელთა გასაღებებიც კი გვქონდა ხშირად. სხვების სახლების.
   სახლები, რომლებიც უამრავ ისტორიას იტევს..
   ბედნიერ წამებს
   მოყოლილ ამბებს
   უსაზღვრო სიცილებს
   მშვიდ და ჩვეულებრივ საღამოებს
   მომავლის გეგმებს
   ტრადიციულ შეხვედრებს
   სპონტანურ გადაწყვეტილებებს
   და ასე შემდეგ... უსასრულოდ. .

   სახლები, რომლებიც გვეიმედებოდნენ და არასოდეს იქნებიან რიგითები, მაგრამ კარებს აღარავინ გაგვიღებს
   არც ზარს დავრეკავთ
   არც ზღურბლთან მივალთ...

   გზად ჩავლილ მეგობრის სახლთან ალუბლები და იუდას ხეები ყვავიან.

Monday, January 20, 2020

elm iirs ta'h


   3...2...1...

   ტბები ხომ ყოველწელს იყინებიან..
   შესაძლებლობებისგან განსხვავებით, ჩვენი წარმოსხვები ხომ დაუსაზღვრავია...
 
   ერთხელაც, როდესაც ირგვლივ გარინდებულ სითეთრეს მხოლოდ ტობავარჩხილების სიმწვანე და სილურჯე გაჰკვეთს..
   ისალმების ქვიდან ფრთხილად ჩავსრიალდები ციგურებითა და ფარატინა კაბით  ცაშკიბულის ზედაპირზე.. წყლის დედის თეთრი, გრძელი თმებით..
 
   0'35.. მთავარ მოტივს აყოლილი თითოეულ მონასმი ტბის ზედაპირზე მთვარით გაყინულ ნაკვალევს დატოვებს.. უამრავ ურთიერთგადამკვეთ ხაზად.. ჩუმი ჭახანის აკომპანიმენტით..

   გარდამავალი ნაწილი.. სულ რაღაც ერთნახევარი ქედი ჭითაგვალამდე.. ფიქრის ბილიკით..

   1'21.. ჩელოს თითოეულ ბგერას წყლისქვეშიდან აყოლილი უცნაური მოლურჯო არსება..

   1'52.. წელიწადის დროების მართვის უნარი და.. გაყინული ტბის ნაპირებზე აყვავილებული ზაფხულის ყვავილები..

   2'37.. ორკესტრის სრული ხმიანობით გამოცემული ვიბრაციით არდაგორებული არცერთი კენჭი.. ბოლო მონასმები ზედაპირზე და.. ფრენა ჩანჩქერისკენ.. ახალშეძენილი უნარით - ფრენის უნარით!

   ,,მთელი თქვენი სხეული ერთი ფრთის წვერიდან მეორე ფრთის წვერამდე სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე აზრის ხორცშშესხმა... გაწყვიტეთ აზრის ჯაჭვი და ამით სხეულის ჯაჭვსაც გაწყვეტთ..."



   ,,elm irrs ta'h ასე გერქმევა
   რომ მოკვდები ტბა გაიყინება."