Monday, February 25, 2013

ყორანი რომელიც დადუმდა (და........)


   დღეს ყორანი ოფიციალურად დადუმდება.

   (რამდენჯერ შეიძლება, დავდო და ისევ ავიღო ლინკი??)

   მაინც ვერაფერს ვიტყვი. არ დამდგარა ამის ამოთქმის დრო. არც ვიცი როდის დადგება.

   ღელავ?
   ბევრს დადიხარ იქეთ-აქეთ და ქსუტუნებ?
   ლაპარაკობ და ტუჩის კუთხეებს მაღლა წევ პაუზისას (შენდაუნებურად)?
   სიტყვები გყოფნის მაგრამ მაინც ხელებს შლი და თვალები ოდნავ გიფართოვდება?
   კიდევ? კიდევ?
 
 
   უბრალოდ იმიტომ, რომ მე სუსტი ვარ
   შენ შეგიძლია მოიპარო ჩემი სიზმრები
   შენ შეგიძლია შემოაღწიო ჩემს თავში
   და შენ შეგიძლია დატოვო შენი სიმღერა სიზმრების ნაცვლად .
   გთხოვ, მოდი ჩემთან
   გთხოვ, დარჩი ჩემთან
   
   ეს ყველაზე მეტად მიყვარს.

   ნურც დღეს გაისწორებ ჩამოყრილ თმებს.
   არაუშავს თუ სათვალეს მინები დაეორთქლა.
 

   დღეს ყორანი ოფიციალურად დადუმდება!!
   დღეს ყორანი ოფიციალურად დადუმდება!!


 

Friday, February 22, 2013

.........................


   http://www.youtube.com/watch?v=qaHZmwqgtYw

   უსმენ?
   გესმის?

   ტყვიისფერი ღრუბლები ჩამოწვნენ და გულუბრყვილო ბავშვივით მგონია, თუ თვალებს დავხუჭავ, არ იწვიმებს.. და თვალებს ვხუჭავ.
   თავსხმაა.
   რა ვქნათ?

   არ მინდა გავიგო. ჰოდა, არც გავიგებ. აქედან ეს მარტივია. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, იქაც მოვახერხებდი.

   უსმენ?
   გესმის?

   რატომ ვერ ვუხერხებ ვერაფერს მზისწნულზე ყავის ნალექივით, არა, უფრო, წებოვანი ტალახივით ჩამოღვრილ რაღაცას? რაღაცას. ზუსტადაც რომ რაღაცას. უსახელოს. განუსაზღვრელს. უფორმოს. უსიამოვნოს.

   ვითხოვე მე, რომ
   როგორმე
   იქნებ -
   არ გაგეფუჭებინა.
   და არ გამოვიდა.
   ახლა რა ვქნათ?
   გეკითხები, ახლა რა ვქნათ?

   ცუდად არ ვარ. არც კარგად. სადღაც შუაში. ბუნდოვანია ეს ყველაფერი, მაგრამ ცუდად არ ვარ.
   მშვიდად ვარ. ან, გაყინვას ვურევ სიმშვიდეში.

   ზოგჯერ, ტალახი ყელამდე ამოდის. მერე, ისევ ქვემოთ იწევს და სიმძიმედ აწვება მზისწნულს. მტკივა. მძიმეა ეს ტკივილი და ამ დროს ისე ხმამაღლა გეძახი, მერე ისევ ბავშვივით, მთელი გულით მიკვირს, როგორ არ გესმის.

   მეუბნებიან, რომ:
   ღრმა ძილით უნდა მეძინოს.
   ვიცი,როგორ.უნდა მეძინოს.
   ფერადი სიზმრები უნდა მესიზმრებოდნენ.
   მშვიდად უნდა მეძინოს.
   რომ სხვანაირად არ შეიძლება.

   ცდებიან.
   შესაძლებელია.
   ასეა.

   მეგობარო, ახლა რომ ისევ აქ იყო, გეტყოდი, რომ კიშლოვსკის ფერებში ვცხოვრობ. და ისევ ყველაზე მეტად ლურჯი მომწონს, მაგრამ ვეთანხმები წითელს.
   მეგობარო, შენ უნდა იყო აქ!!


   ჰო. არაფერი შეიცვლებოდა, მე რომ არ ვარსებობდე.
   უბრალოდ, იქნებოდა სამყარო ჩემს გარეშე და მორჩა.
   არც არაფერი დააკლდებოდა და არც არაფერი მოემატებოდა.
   მორჩა.

   უსმენ?
   გესმის?
   მისმენ? - ცუდად არ ვარ.

   ასეთი მე სინამდვილეში არ არსებობს, ამიტომაც, ნუ დასვამ კითხვებს. ასეთ მეს მეც იშვიათად ნახულობს და ყოველ ჯერზე...... ვერ ცნობს.

   არცერთი სიტყვა შენზე?? 
   სტრიქონებს შორის კითხვას როდის ისწავლი??

 

      

Tuesday, February 19, 2013

. . . . . .


   გამარჯობა.. 

   ისევ მღვრიე ხარ?
   ისევ ღელავ?
   ისევ აწყდები ნაპირებს და გინდა გაარღვიო ჯებირები?
   მერამდენეა ყველაზე დიდი ტალღა?
   მე-13?
   ხომ იცი, ხუთს უნდა ჩამოსცდე, ერთს - არა. არცერთ ტალღამდე არა!!

   ჩუმად ვარ.. შენზე ლაპარაკს ვგულისხმობ.. ველოდები..
   გელოდები, როდის დაიწყებ ისევ თანაბრად სუნთქვას..
   ველოდები, როდის იქნები მზად, რომ გადმოხვიდე თოკებისგან, ძველი თოკებისგან გაკეთებულ ხიდზე.. ხიდზე.. მეორე ბოლოში ვარ მოკალათებული და არ ვიყურები შენკენ.. ვიცი,რომ იცი, ძალიან მშვიდი უნდა იყო, რომ არ ჩაგიწყდეს..
   მართალია. არ უნდა მომიყვე. ორივემ ვიცით, რომ ვიცი, რომ მესმის, რომ სიტყვები ზედმეტია.

   ჩვენი ძაფები ჩამოიზნიქნენ.. თოვლი ადევთ.. დიდი თოვლი, თვეებგამოვლილი თოვილი და ქანაობისას ხმასაც არ გამოსცემენ.

   ყველაზე მეტად იცი რა მაინტერესებს?
   - რა ფერი გაქვს თვალები? ვინმემ იცის? ვინმე ხედავს მათ?

   ისიც ვიცი, რომ ზურგით ვდგავარ. და შენგან ყველაზე მეტს აკეთებ ამ დროს, რაც კი შეგიძლია გააკეთო - მაცდი.
   მომწონს, აქ ჯდომა.
   მჭირდება ეს ბნელი დერეფანი.
   ვიცი, რომ კარს მიღმა დგახართ.. კარის ქვედა ღრიჭოდან ჩრდილები ჩანან.. უხმოდ რომ სხედხართ საათობით.. რომ ვერ ისვენებთ და მიდი-მოდიხართ ჩუმად.
   თბილი იყო ის თავშალი და აღარ მცივა ზურგზე კედელზე-მიყრდნობით ჯდომისას.
   ერთ დღესაც ავიღებ ცხელი რძით სავსე ჭიქას..
   ახლა ზუსტად ისე იქცევი, როგორც უნდა იქცეოდე?!

   ამ დერეფანში ფორტეპიანო არ არის.. ამას დავუკრავდი გაუჩერებლად..
   საშინლად მინდა, ვუკრავდე  ამას გაუჩერებლად!!
   საშინლად მინდა, ვუკრავდე ამას!!
   საშინლად მინდა, ვუკრავდე!!
   საშინლად მინდა!!
   საშინლად!

   - მოთეთროლურჯი გაკრთა??



   

Sunday, February 17, 2013

შენ II


   შენ.
   გაიელვებ ხოლმე. იშვიათად. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არც ადრესთან შედარებით.
 
   რაღაცას უყურებ. ის გამოხედვაა, მე რომ მიყვარდა. მე რომ ჩემში შემოვიტოვე. ღრმად რომ დავმარხე ხმასთან ერთად, რომელსაც თითქმის არც არასდროს ვიხსენებ. გაელვებაზე გაცილებით იშვიათად.
   და მაინც. ეგ გამოხედვაა, ისევ იმ ფიქრთან რომ მაბრუნებს, იმ კადრთან, ჩემთან, მთაში, ხის აივნიდან რომ გეუბნები: ,,შემოდი შინ".
   მაგრამ ახლა ჩუმად ვარ.
   არ გპასუხობ.
   არ გელაპარაკები.
   უბრალოდ, შენი თვალებით ვიყურები დასავლეთისკენ.
 
   ახლა ვიცი, რომ ძველი წერილების გადაკითხვაც შეიძლება. ღიმილით და მშვიდი შეგრძნებით.. ამის დროც დადგა.

   ნუ გაქვს ეგ თვალები წყლიანი.

   შენ - ადრე: ჩემი ყოველდღიურობის უზარმაზარი ნაწილი.
   შენ - ახლა: დღიურს რამდენიმე წინადადებად შემორჩენილი.

   შენი არსებობა კანონზომიერება იყო.
   შენი არარსებობაც კანონზომიერებაა.

   ნამასტე.

   http://www.youtube.com/watch?v=XEg1cF9Ycfs

   

Thursday, February 14, 2013

ძარღვები ასტკივდათ თვალებს


   არ მოძებნო საკუთარი თავი ამ ნაწერში. შენთვის არ არის, მეგობარო - ჩემთვისაა. მერამდენე ღამე გავიდა, რაც არ მიძინია, არც ვიცი. აღქმის უნარებიდან სივრცული შემრჩა მხოლოდ. სწორად მივდივარ სკოლამდე და შემდეგ ასევე სწორად ვბრუნდები უკან. უფრო სწორედ, ჩემი უნარიანობა პირველ მათგანში გამოიხატება, სახლამდე მოსწავლეებთან ერთად ვბრუნდები.
   ვერ ხვდებიან, რადგან: ვლაპარაკობ, ბევრს ვიღიმი, ვპასუხობ ლამის ჩემთვის არ დასმულ შეკითხვებსაც კი, გადავდივარ მეზობლებთან, რომლებთან საერთო არაფერი მაქვს, საერთო ოთახიდან ძალიან გვიან გამოვდივარ. ასეთი კონტაქტური, რაც აქ ჩამოვედი, ჯერ არ ვყოფილვარ.
   მსგავსი ტემპით არასოდეს მიკითხავს წიგნები.
   მსგავსი რაოდენობით არასოდეს მომისმენია მუსიკა.
   ამდენი ფილმი არასოდეს მინახავს პაუზის გარეშე.
   რატომ?
   ყურადღებას ითხოვს ეს ყველაფერი და ფიქრის დრო აღარ რჩება.
   რატომ?
   რაც უფრო ცოტა დრო დარჩება ძილისთვის, მით ცოტაა შანსი, რომ დამესიზმრება:
   უცნობი ადამიანებით გარშემორტყმული საკუთარი თავი. ხმას რომ ვერ ვიღებ და ვერსად რომ მივდივარ. ბევრი ადამიანი
   უთავო ზურგები
   ტალახიანი ფეხები
   წყლით სავსე გუბეები
   ძარღვებშერჩენილი, სისხლშემხმარი ხელის მტევნები
   უფანჯრო ოთახები
   ნაპრალებიანი ხელისგულები
   ბუდიდან ამოცვენილი, თვალის გუგები
   ონკანი, რომლიდანაც სისხლი მოედინება - ბლანტი
   კიბეები, რომლის ძირშიც ვდგავარ და სურვილიც კი არ მიჩნდება რომ ავირბინო.
 
 
   შემოსვლამდე დააკაკუნეთ და სანამ პასუხს არ გაიგონებთ, არ შემოხვიდეთ. ჰო, კიდევ, ნუ გადაწევთ მძიმე ფარდებს დაუკითხავად. ახლა არ მინდა მზის შუქი.

   არ მელაპარაკო, ვერაფერს შეცვლი.
   და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც, მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება.

 
   

Wednesday, February 13, 2013

ასოციაცია


   13.02.13
   თექის ლურჯი ქუდი.
   ხვეული თმები.. ქერა? არა - უფრო სხვაფერი.. შემოდგომის ბალახისფერი.
   მუქი ლურჯი.. ღია ცისფერი.. წყალგარეული ლურჯი.. თეთრშეპარული ცისფერი.. მოთეთროლურჯი..
   დახრილი წამწამები ანუ დღეს არაფერი მესაქმება შენს თვალებში?

   ჩამოშვებული სარაფანი ეცვა........... კლასიკურ მუსიკასავით მშვიდი... მთის სუნი ჩაქროლებისას.. (ვერც მაშინ გითხარი ვერაფერი)..
   
   - დღეს რა ფერია შენი თვალები? შეიძლება ჩაგხედო??
   - უარის თქმას აზრი აქვს??
   - შენ უკეთ იცი.
   

   - ემი, რა ფერი იყო დღეს?
   - მუქი.
   - ........
   - რატომ იღიმი?
   - შენ იცი.

   ჩვენი საკუთარი საპნის ბუშტები გვაქვს, გარსი, ჩვენი საზღვრები.. კიდევ არსებობს ჩვენი საერთო საპნის ბუშტი, რომელიც ფერს, მუსიკას, სიტყვებს, ფორმას, ზომას იცვლის.. ნებისმიერ ორი ადამიანის შეხვედრა ხომ უკვე აფეთქება და კატასტროფაა, როგორც ლილიტ იტყოდა.

   ლილიტ..
   თოლია..

   - სადღაც უნდა წაგიყვანო.
   - წავიდეთ :)
   - ასე? კითხვების გარეშე?
   - ჰო.
   (შენი თვალები მოთეთროლურჯია ამ დროს.. თაის შიგნით სითბო დატრიალდა)

   აქ ვერაფერი..... აქ იმ კარებს მიღმა სამყაროა.. შენ რომ შემიყვანე.. ასე რომ მჭირდებოდა!! აქ ანგელოზები არიან. აქ შებინდებულზე სახურავია, რომლიდანაც სავსე მთვარე მოჩანს.. აქ თაფლიანი ჩაის სუნი ტრიალებს.. მთის თაფლის სუნი..
   - ჩემს ხელებს ისევ გადაუღებ სურათს, როდესაც ხელში მარტყოფის იასამნები მეჭირება? არ არის საჭირო პასუხი.. ვიცი.. ვიცი, რომ გაგეღიმა.. ვიცი, რომ ეს ფრაზა დაგიტრიალდება ხოლმე და დაგთბება. და თუ ამ დროს იქვე ვიქნები, ისევ დავინახავ მოთეთროლურჯს..

   ჩვენი ტყის მელოდია გახსოვს??
   ჩემს თითებსაც.. მეხსიერებას აღარ.. თითებს კი.
   ჩვენს ხეებს ტოტები ჩამოტყდა?
   ძალიან ბევრის ტარება მოვთხოვეთ როგორც ჩანს.
   ჩვენი ტყის მელოდია გახსოვს??


   თაიმ ასე თქვა ვარსკვლავებს ვუთხარიო.........
   http://www.youtube.com/watch?v=mYnKlawa-iY
   გაიხედე, ფანჯრიდან დიდი ხე მოჩანს.. 
   ძირს დაიხედე, ფოთლებით რაღაც წერია..
   მისმენ?
   ძილი მოდის თვალასაო..

   ძილი მოდის თვალასაო..

   ძილი მოდის თვალასაო..
  

   ჩშშშშ..


   ჩამოაფარე წამწამები მოთეთროლურჯს..




Monday, February 11, 2013

ნუ გტკივივარ რა


   http://www.youtube.com/watch?v=6Izv4r28s8Q
 
   არ გიყურებ, მობრუნდი.
   მარცხენა ხელისგულზე უფრო მეტი ხაზები გაქვს, ვიდრე - მარჯვენაზე.
   მძიმე ხელი მაქვს?
   ნუ გტკივივარ რა.
   არ გვესმის ჩვენ. ზოგჯერ, მოსალოდნელზე კი არა, მოულოდნელზე მეტად არ გვესმის.
   იქნებ წაიკითხო კიდევაც და დაინახო გვერდის ბოლოში გაკრული ხელით მინაწერი, მარცხნივ.
   თმებისფერი თვალები გაქვსო. არა, არა, თვალებისფერი თმებიო. არა, მასეც არ არისო ბოლოს. და ჩაიარა.
   ზურგი მახსენდება და ამჯერად მე მეღიმება. რა იყო პირველივე აზრი??
   უცნაურად გრძნობ თავს?
   რატომ არ არიან აქ ადამიანები?
   რატომ არ არიან აქ სხვები?
   მომისმინე -
   ნუ გტკივივარ რა.



   - გაიღვიძე?
   - არა.
   - გაგაღვიძეს?
   - ...
   - თქვი რამე?!
   - ნუ გტკივივარ რა.



   თუ, ჩემდაუნებურად, შენი თაროებიდან რამე გამოვაყოლე ხელს, ბოდიშს ვიხდი. არ მინდოდა. (მეწამულიო, ასე ეწერა).